GE

„აუუუ, თქვენც გაიგეთ?!“ – რატომ იდებენ აბიტურიენტები ფეხსაცმელში 5 თეთრიანს

ერთ ხელში – საგამოცდო ბარათი, მეორეში – წყალი, ჯიბეში – პირადობის მოწმობა, თავში – ცოდნა, გულში – იმედი, ფეხსაცმელში კი… 5 თეთრიანი მონეტა! დიახ, არ მოგესმათ, წლევანდელი აბიტურიენტები გამოცდებზე ამ უკანასკნელი “აქსესუარით” გადიან. უფრო სწორად, გასვლას ცდილობენ, თუმცა იმის გამო, რომ საგამოცდო ცენტრებში ნებისმიერი ზედმეტი ნივთის შეტანა აკრძალულია და მკაცრად კონტროლდება, იღბლის მაძიებლებს რეგისტრატურაში ფეხსაცმლის გახდა, თილისმის ამოღება, დატოვება და გამოცდაზე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდნის იმედად შესვლა უწევთ.

საიდან წამოვიდა 5 თეთრიანების თილისმად ქცევის იდეა, ზუსტად არავინ იცის. ჩვენს მიერ გამოკითხული ახალგაზრდები წყაროდ ტიკტოკსა და მეგობრებს ასახელებენ. ამბობენ, რომ “ტრენდი” ტიტოკიდან “აგორდა” და რომ ეს “მანიფესტია”. თურმე, ფეხსაცმელში ჩადებამდე გარკვეული რიტუალებიც უნდა შეასრულო. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომელ ხელში დაიჭერ ფულს და რომელ ფეხსაცმელში ჩადებ. შესაბამისი შინაარსის ვიდეოები პლატფორმაზე უხვად მოიპოვება, სადაც ახალგაზრდები გამოცდაზე შესვლის წინ ფეხსაცმელში ჩაწყობილი მონეტებით პოზირებენ და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს გამომწერებს უზიარებენ.

განსაკუთრებულად მონდომებულები მათ შესატანად ყველა ღონეს ხმარობენ. ზოგს უმართლებს და დეტექტორს გადარჩენილი მონეტებით გამოცდაზე შედიან, უმეტესობას კი შესასვლელში დატოვება უწევს. ამის მომსწრეები ჩვენც გავხდით, როცა ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციისას, ორ აპლიკანტს ჩვენს თვალწინ ფეხსაცმლის გახდა და იქიდან მონეტის ამოღება მას მერე მოუწია, რაც მეტალოდეტექტორმა, მათი ჩხრეკისას, აკრძალული საგნის აღმოჩენის მაუწყებლად დაიწრიპინა. ამან ჩვენს გვერდით მდგომი თანამშრომლის მხიარულება გამოიწვია, გვითხრა, რომ მსგავს ფაქტებს ხშირად აწყდებიან და ეს არც უკვირს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, იღბლიან მონეტას არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მოსწავლეებიც იყნებენ, სასკოლო გამოცდებზე წარმატების მისაღწევად.

ჩვენ აბიტურიენტებს გავესაუბრეთ. მათ ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ თუკი 5 თეთრიან მონეტას მარცხენა (!) ფეხსაცმელში ჩაიდებენ ფორტუნა გაუღიმებთ და გამოცდაზე ის საკითხები შეხვდებათ, რაც მათ სურთ. ნაწილს მისი სასწაულმოქმედების არ სჯერა, თუმცა ფეხის ხმას მაინც აყვა და ტრენდს არ ჩამორჩა. არიან ისეთებიც, რომლებიც ამას სისულელეს უწოდებენ, თუმცა ღიმილით გვიდასტურებენ, რომ საგამოცდო მონეტომანიამ მათ ყურამდეც მიაღწია.

“ქართულის გამოცდაზე მედო ფეხსაცმელში და ბოლო წუთს ამოვიღე. დედაჩემი გაგიჟდა, მაგის გამო გამოცდიდან მოგხსნიანო. მე კი ვიცოდი, რომ არ მომხსნიდნენ, მაგრამ იმდენად ნერვიულობდა, რომ ამოვიღე. ჩემს დაქალსაც ედო. როგორც ვიცით, ესაა მანიფესტი, წარმატების მოსაზიდად, ამიტომ ვაკეთებთ. დიდად არ მჯერა, მაგრამ არაფერია გამორიცხული”,- გვეუბნება თიკო, რომელიც უცხო ენების განხრით აბარებს და აპირებს, რომ წარმატების მომტანი მონეტის შეტანა მესამე გამოცდაზე მაინც სცადოს.

“აუუუ, თქვენც გაიგეთ?” – მხიარული შეძახილით შეხვდა ჩვენს კითხვას 191-ე საჯარო სკოლიდან გამოსული მარი. სწორედ მისგან გავიგეთ, რომ თილისმა ყველაზე კარგად მაშინ მოქმედებს, თუ მარცხენა ფეხსაცმელში ჩაიდებ. თუმცა მისმა კლასელებმა უფრო ეფექტურ გზასაც მიაგნეს – მონეტა გახვრიტეს და ყელზე ჩამოიკიდეს. ეჭვობენ, რომ ეს სასწაულის ძალას შეასუსტებს, თუმცა გამოცდაზე შესაპარებლად აშკარად უფრო ეფექტური გზა აღმოჩნდა.

“მე მედო 5 თეთრიანი ჯიბეში ქართულის გამოცდაზე და შევიტანე. მშვენივრად დავწერე. კმაყოფილი ვარ. ე.ი ამართლებს”, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა 191-ე სკოლასთან.

“მე არა, მაგრამ ჩემს მეგობრებს ეწყოთ ფეხსაცმელში ქართულზე, თუმცა როგორც ვიცი, ყველას ამოაღებინეს. სჯერათ, რომ წარმატებას მოუტანთ. ზოგს, შეიძლება, არც სჯერა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ჩაიდო. ჩემი აზრით კი სისულელეა. 5 თეთრიანს რომ წარმატება მოჰქონდეს, წარუმატებელი ადამიანი აღარ იარსებებდა”, – გვეუბნება ნატალი გორიდან.

გაამართლებს თუ არა უცნაური თილისმა, უფრო ზუსტად, აგვისტოში გამოჩნდება. მანამდე კი, თუკი ბედის ცდას თქვენც გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ დიდი ალბათობით, ათობით ადამიანის თვალწინ ფეხზე გახდა და თილისმასთან საჯაროდ შელევა მოგიწევთ. ამიტომ, შეეცადეთ იღბლის მომტანი 5 თეთრიანი იმაზე უხერხულ ადგილას არ გადამალოთ, ვიდრე ფეხსაცმელია.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური