GE

„სკოლაში მასწავლებლებისთვის საათების განაწილების ახალ წესზე განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფი იმუშავებს“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საჯარო სკოლებში მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის ახლებურად განაწილების წესზე იმუშავებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აცნობა, რომ გაიზიარა ომბუდსმენის ზოგადი წინადადება, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიზანს ემსახურება და გივი მიქანაძის უწყებას წარუდგინეს.

“სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, ზოგადი წინადადების გათვალისწინებით განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი. ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას.

სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ზოგადი წინადადებით წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას. სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ და წარმოაჩენს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში თანასწორი გარემოს განმტკიცებაში”, – წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

ეს უნდა იცოდეთ, როცა მუშაობას სკოლაში იწყებთ, ან უკვე თანამშრომელი ხართ – ვალდებულებები ყველა მხარისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური