GE

ეს უნდა იცოდეთ, როცა მუშაობას სკოლაში იწყებთ, ან უკვე თანამშრომელი ხართ – ვალდებულებები ყველა მხარისთვის

როდესაც სკოლაში მუშაობას გეგმავთ, ან უკვე სკოლის თანამშრომელი ხართ, შესაძლოა, არაერთი ინფორმაცია თქვენი უფლებებისა თუ იურიდიული ნორმების შესახებ არ იცოდეთ.

სწორედ ამის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE სკოლების განახლებულ შინაგანაწესზე დაყრდნობით გიზიარებთ ყველა დეტალს, თუ რა ვალდებულებები გაკისრიათ, როგორ რეგულირდება თქვენი ანაზღაურება, დასვენების დრო და რა უფლებები გაქვთ სამსახურში.

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ, ზუსტად იცოდეთ როგორც თქვენი ყოველდღიური ვალდებულებები, ასევე ის სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც სამუშაო ადგილზე გიცავთ.

დეტალები, რომლებიც უნდა იცოდეს სკოლაში დასაქმების მსურველმა, ან უკვე დასაქმებულმა შრომითი ურთიერთობის, სამუშაო ადგილის, სამუშაო და დასვენების დროის, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და საბოლოო ანგარიშსწორების თაობაზე

ვიდრე ხელშეკრულებას გააფორმებთ

1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს:
ა) პირადობის/პასპორტის/ბინადრობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/CV; გ) ფოტოსურათი 3X4 დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ე) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) საგნის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, მოთხოვნის შემთხვევაში; ზ) მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (სავალდებულოა მასწავლებლისათვის, დანარჩენ თანამშრომლებზე მოთხოვნის შემთხვევაში);

ი) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; (სავალდებულოა მასწავლებლისათვის, დანარჩენ თანამშრომლებზე მოთხოვნის შემთხვევაში); კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ (სავალდებულოა მასწავლებლისათვის, დანარჩენ თანამშრომლებზე მოთხოვნის შემთხვევაში); ლ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა ) (სავალდებულოა მასწავლებლისათვის, დანარჩენ თანამშრომლებზე მოთხოვნის შემთხვევაში);

2. ამ დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის წარმოშობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.

3. ეს დოკუმენტები წარმოადგენს დასაქმებულის პირად საქმეს და ინახება დაწესებულებაში. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს დასაქმებულის პერსონალურ მონაცემს, რომლის უსაფრთხოდ შენახვის ვალდებულება აკისრია დამსაქმებელს, ანუ სკოლას.

როგორ გნიშნავენ სამსახურში

1. პირი სამსახურში მიიღება შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, დასაქმებულის თანამდებობა, ფუნქცია-მოვალეობები და შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობები.

2. დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათთან გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით.

3. დასაქმებულის ადაპტაციის პროცესს ხელს უწყობს სკოლის შესაბამისი პასუხისმგებელი ერთეული – დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, კათედრის თავმჯდომარე;

როგორია სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო

1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები.
2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები.

3. სამუშაო დროის დასაწყისია 10:00 საათი, ხოლო დასასრული – 18:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა, მასწავლებლისა და სსსმ პირის ასისტენტისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით.

როგორ აღირიცხება თქვენი სამუშაო დრო

1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის N01-15/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (ჟურნალის) გამოყენებით. ასევე, ტაბელის გამოყენებით.

2. ყველა დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების რეგისტრაცია ასახოს ტაბელში ხელმოწერის მეშვეობით/რეგისტრაციის გავლით. იკრძალება სხვა დასაქმებულის ნაცვლად ხელის მოწერა/რეგისტრაციის გავლა.

სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებისა და გამოუცხადობლობის შემთხვევაში შეტყობინების წესი

დაგვიანების ან სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე), გააფრთხილოს სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე გამოუცხადებლობის შესახებ, სამუშაო ადგილზე არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.

2. გადაუდებელი აუცილებლობის (სამედიცინო ან ოჯახური პირობები) გამო სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, შესაძლებლობისთანავე აცნობოს სკოლის დირექტორს/დირექტორის მოადგილეს გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის დატოვების შესახებ, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.

3. სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე აკონტროლებს დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე გამოცხადებას, სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის დატოვებას და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობას. არასაპატიოდ გაცდენისა ან/და დაგვიანების შემთხვევაში დასაქმებულს ჩამოერთმევა წერილობითი ახსნა-განმარტება.

4. დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის საპატიო მიზეზით დატოვების შემთხვევაში დასაქმებულზე არ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა, მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

5. არასაპატიო მიზეზით სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით. გარდა ამისა, დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი

შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო რიცხვამდე. ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

როგორ რეგულირდება თქვენი ზეგანაკვეთური სამუშაო

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს.

2. დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების მიხედვით;

3. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულს, მისივე თანხმობით, შესაძლებელია, მიეცეს დამატებითი დასვენების ან/და შესვენების დრო, რისი მოთხოვნის თაობაზეც დასაქმებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დირექტორს.

4. დასაქმებულის მიერ, არასამუშაო დროს საკუთარი ინიციატივით (უფლებამოსილი პირის დავალების გარეშე) სამუშაოს შესრულება არ განიხილება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

1. დასაქმებულს (გარდა მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლისა) უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით.

2. მასწავლებლის შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

3. დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. დასაქმებულს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება აღნიშნული ვადის გასვლამდეც, დირექტორთან შეთანხმებით.

4. შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით დასაქმებული სკოლის დირექტორს მიმართავს წერილობითი განცხადებით, 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე (გარდა ობიექტური გარემოებებისა) შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.

5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

6. ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობასა და საშვებულებო ანაზღაურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და პირობები. ეს ვადები და პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და მისი ანაზღაურება

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით;

2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე;

3. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია;

5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

6. ორსულობის მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებით.

საშვებულებო ანაზღაურების პრინციპი

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელის შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და საბოლოო ანგარიშსწორება

1. სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით: ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული შვებულება; ლ) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

რას გულისხმობს შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა

სკოლის განახლებული შინაგანაწესის თანახმად, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა ნიშნავს, რომ სკოლაში ყველა კანდიდატსა და თანამშრომელს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები და დაუშვებელია ვინმეს დაჩაგვრა ან უსამართლოდ გამორჩევა რაიმე პირადი ნიშნის გამო (მაგალითად: სქესი, ასაკი, რელიგია, პოლიტიკური შეხედულება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა).

-თანაბარი შანსი დასაქმებამდეც და მუშაობის დროსაც: აკრძალულია უსამართლო შერჩევა ჯერ კიდევ ვაკანსიის გამოცხადებისა და გასაუბრების ეტაპზე. ასევე, ყველას თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაწინაურებაზე, ტრენინგებზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სოციალურ თუ ჯანდაცვის პირობებზე.

-თანაბარი ანაზღაურება ერთნაირ შრომაში: ქალ და მამაკაც თანამშრომლებს, რომლებიც ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ, აუცილებლად თანაბარი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების პირობებიც ყველასთვის სამართლიანი და თანაბარი უნდა იყოს.

– პროფესიული გაერთიანების თავისუფლება: არავის აქვს უფლება შეზღუდოს თანამშრომელი, თუ ის პროფკავშირში ან რაიმე პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას გადაწყვეტს.

– დაცვა შევიწროებისგან (მათ შორის, სექსუალური შევიწროებისგან): დისკრიმინაციად ითვლება ნებისმიერი არასასურველი ქცევა, რომელიც თანამშრომლის ღირსებას ლახავს და მისთვის დამამცირებელ, მტრულ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ქმნის.

-საჩივრის გამო დასჯის აკრძალვა: თუ თანამშრომელი ჩათვლის, რომ მას უსამართლოდ ექცევიან და შესაბამის ორგანოს მიმართავს, სკოლას ეკრძალება ამის გამო მისი გათავისუფლება ან რაიმე ფორმით მასზე ზეწოლა.

გვაქვს მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელიც ამბობს, რომ სამუშაოს სპეციფიკა არ არის დისკრიმინაცია. თუ კონკრეტული პოზიცია მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, კვალიფიკაციას ან პირობებს (რაც აუცილებელია საქმის სწორად შესასრულებლად), ასეთი მოთხოვნის წაყენება დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე შესაბამისი დიპლომისა და სერტიფიკატის მოთხოვნა კანონიერია და არა დისკრიმინაციული.

“სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
5. აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები – დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება”.

ასეთია პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი და ვალდებულებები დასაქმებულთათვის

1. სკოლაში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან პერსონალური მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სკოლაში მოქმედი წესები და პროტოკოლები.

2. დასაქმებულ პირებს ეკრძალებათ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება და გამოყენება პირადი, არასამსახურებრივი მიზნით, ასევე პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტებისა და ფაილების უყურადღებოდ დატოვება.

3. დასაქმებულ პირებს ეკრძალებათ კომპიუტერის/ ელექტრონული ბაზის/ ელექტრონული პორტალის/ ან დოკუმენტბრუნვის, სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის პაროლების ან გასაღების (სადაც პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები/ინფორმაცია ინახება) სხვისთვის გადაცემა.

4. სამსახურებრივი მიზნებისთვის ისარგებლოს მხოლოდ სკოლის ოფიციალური ელექტრონული რესურსებით და არ გამოიყენოს სხვადასხვა სოციალური პლატფორმები პერსონალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაციის დასამუშავებლად, მისაღებად, გასაგზავნად და ა.შ.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა წარმოადგენს დისცილინურ გადაცდომას და იწვევს შინაგნაწესით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ასევე იხილეთ:

დამრიგებლის დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა სკოლების ახალი შინაგანაწესის პირობებში – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური