ავად გახდომის უფლებაჩამორთმეული მასწავლებლები
საჯარო სკოლის პედაგოგები ბიულეტენით განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულებით ვერ სარგებლობენ. სოციალურ ქსელში მასწავლებლების სტატუსები ვრცელდება, სადაც პედაგოგები წერენ, რომ ავად გახდომის უფლება არ აქვთ.
„ეს პოსტი რომ არ დამედო, დამახრჩობდა უსამართლობის შეგრძნება. უსამართლობისა, რომელიც მარტო ჩემს თავს არ მოხდა და კიდევ ვიღაცის თავს მოხდება, თუ ამ უკანონო კანონს ბოლო არ მოეღება. მოკლედ ავადმყოფობის გამო ორი დღე ვერ წავედი სამსახურში. ამ ორ დღეში 119 ლარი დამექვითა, აქედან საავადმყოფოს ფურცლის საფუძველზე დამიბრუნდა 48 ლარი ანუ დამექვითა 71 ლარი. გულწრფელად შეწუხებულმა ბუღალტერმა და სკოლის ადმინისტრაციამ ამიხსნა, რომ ერთი კვირის სერტიფიცირების დანამატი, კლასის ხელმძღვანელობის დანამატი და განაკვეთს ზემოთ არსებული საათების ანაზღუარება არ ნაზღაურდება, ვიმეორებ ერთი კვირის!“ – წერს მანანა ნოზაძე სოციალურ ქსელში.
პედაგოგი მანანა ნოზაძე გამონაკლისი არ არის. იგივე პრობლემაზე წერს ირმა ჯაშიაშვილიც: „მოკლედ, გავბედე და ავად გავხდი აღმოჩნდა, რომ ერთი თვის ხელფასს განახევრებულს ავიღებ (სერტიფიცირებისა და კლასის ხელმძღვანელის დანამატი არ შედის ბიულეტენში), უფრო მეტიც, ეს ზაფხულის ხელფასზეც აისახება და ისიც განახევრებული მომეცემა. აქვე აღვნიშნავ, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით თანადაფინანსება და გამგეობის მიერ გაწეული ერთჯერადი დახმარება დიდი შეღავათი იყო (მადლობელი ვარ), მაგრამ ისე გამოვიდა, ერთ ჯიბეში დახმარებას გიდებენ, მეორედან გაცლიან. ახლა ორმაგი სიფრთხილით უნდა დავემალო ყველა დაავადებას, რადგან განახევრებული ხელფასით მომიწევს ჩემს თავზე ზრუნვაც და ოჯახის რჩენაც. #ავადგახდომისუფლებაჩამორთმეულიმასწი“.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოდ და დანამატებად იყოფა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #87/ნ ბრძანების შესაბამისად კი დანამატები ბიულეტენით არ ანაზღაურდება.
თუმცა მასწავლებლის ანაზღაურების საკითხს კიდევ ერთი დოკუმენტი არეგულირებს. განათლების მინისტრის #126/ნ ბრძანებაში წერია, რომ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს დანამატები.
რას გულისხმობს ეს ჩანაწერი, ბუნდოვანია.
ფაქტია, რომ ორი მინისტრის სხვადასხვა ბრძანება, სკოლის დირექტორებში გაურკვევლობას იწვევს, რითიც პედაგოგები ზარალდებიან. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონი სრულყოფილად გამართულია და ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.
მასწავლებლების ბიულეტენის ანაზღაურების საკითხს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი 2015 წლიდან სწავლობს. თავმჯდომარე მაია კობახიძე ამბობს, რომ განათლების მინისტრის ბრძანება მასწავლებლის სრულ ანაზღაურებად მოიაზრებს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს. ის პრობლემას ხედავს არა კანონში, არამედ სკოლის დირექტორებში და აცხადებს, რომ თუ მასწავლებლებთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში ცვლილებებს განახორციელებენ, დირექტორები საკითხს მარტივად გადაწყვეტენ.
„მთავარი გარემოება არის, რომ სრული შრომის ანაზღაურება უნდა იყოს შესული მასწავლებლის ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან ფორმდება პედაგოგთან. და შემდეგ უკვე ჯანმრთელობის მინისტრის მოთხოვნებზე დაყრდნობით მასწავლებლის ბიულეტენის ანაზღაურება უნდა მოხდეს სრული ანაზღაურებიდან, ანუ თანამდებობრივი სარგო დანამატების ჩათვლით. ჩვენ საქმე გვაქვს საჯარო სკოლის დირექტორების მხრიდან კანონდარღვევაზე, რომლებიც არ ასრულებენ განათლების მინისტრის 126/ნ ბრძანების მოთხოვნებს. თუ ისინი შრომით ხელშეკრულებაში ასახავენ რისი ვალდებულებაც აქვთ, თავისთავად მერე ჯანდაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანების მიხედვით მასწავლებელს ბიულეტენი აუნაზღაურდება სრული ხელფასიდან.
„საჯარო სკოლის დირექტორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში მასწავლებლების სრული ანაზღაურების ტერმინი არასწორად არის გაგებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 126/ნ ბრძანების მიხედვით, მასწავლებლის სრული შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, ანუ ჩატარებული გაკვეთილების შესაბამის ანაზღაურებას და დანამატებს, რის მიხედვითაც დირექტორებმა უნდა იხელმძღვანელონ. ანუ პედაგოგის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანამატები არის ასევე შრომის ანაზღაურება. სწორედ ამიტომ განისაზღვრა განათლების მინისტრის ბრძანებით რას წარმოადგენს სრული ანაზღაურება. ეს დანამატი არ არის ფულადი ჯილდო ან პრემია, რაც აქვთ სხვადასხვა უწყების დასაქმებულებს“,– განუცხადა EDU.ARIS.GE – ს მაია კობახიძემ.
პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2016 წლის მიწურულს ამ საკითხზე განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდა და მისგან პრობლემის სიტყვიერად აღიარება მიიღო. მისივე ინფორმაციით, სამინისტროსგან სკოლებს დირექტივა დაეგზავნათ, რომ ცვლილებები შეიტანონ მასწავლებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში. მაგალითად კი ოზურგეთისა და ლანჩხუთის სკოლები მოჰყავს, სადაც მისი თქმით, ასეთი ცვლილებები უკვე განხორციელდა.
როგორც ჩანს, დაზარალებულ მასწავლებლებს ისედაც გაურკვევლობაში მყოფ დირექტორებთან დაპირისპირება მოუწევთ. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას სთავაზობს პედაგოგთა პროფესიული კავშირია.
„მასწავლებელმა უნდა მოგვმართოს, რათა გამოვასწოროთ დირექტორის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიაროს კონსულტაცია ჩვენი ორგანიზაციის იურისტებთან, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება არის დასაქმებულის უფლებების დაცვის უმთავრესი დოკუმენტი. დასაქმებული შრომით ხელშეკრულებას თავად აწერს ხელს, რაც ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება შემოთავაზებულ პირობებს“, – აცხადებს მაია კობახიძე.
უფასო წამლებს ყველაზე ღარიბი მასწავლებლები მიიღებენ
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი