GE

აწსუ-ის ანსმაბლმა ,,კოლხა” რეზო ჭანიშვილის მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო

12 დეკემბერს, აწსუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხა”თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის ლაუზი (რეზო) ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო.

აწსუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“ მაყურებლის წინაშე ცეკვა „მთიულურით“ წარსდგა და დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა უნაკლო შესრულებისათვის.

უნივერსიტეტის ცნობით, რეზო ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდა აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე, რომელიც სიტყვით გამოვიდა და დამსახურებულ ქართველ ქორეოგრაფს შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

კონცერტში მონაწილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხას“ სამადლობელი სიგელი გადაეცა, ხოლო მისი ხელმძღვანელი ბატონი ედუარდ მურცხვალაძე ბრწყინვალების ორდენზე წარადგინეს.

როგორც „კოლხას“ ხელმძღვანელმა განაცხადა თავად ფაქტი, რომ ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებაში და ორგანიზატორებმაც აღიარეს მათი წარმატებული გამოსვლა, მისასალმებელია.

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ი.სუხიშვილისა და ნ.რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; ქართული ლეგენდა ანსამბლი „სამაია“; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნაერთები“; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური