GE

აწსუ-ის კალათბურთის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოიგო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა სტუდენტური ლიგა მოიგო. გუნდის არსებობის ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. გუნდმა ტურნირზე ქვეჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო.

გუნდმა ფინალური მატჩები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართა. პირველი ფინალური შეხვედრა აწსუ საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიგო. ბოლო ფინალურ შეხვედრაში კი აწსუ საკალათბურთო გუნდმა მეტოქე დიდი უპირატესობით 95:65 დაამარცხა.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტების სახელით ვულოცავ გუნდ ამ გამარჯვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენი სპორტმენების წარმატება და ყოველთვის ვიქნებით მათი მხარდამჭერი”,- აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.

გუნდის მწვრთნელმა, კობა კირთაძემ ტურნირი შეჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურნირების შეჩერებამ მომზადებაში ხელი შეუშალათ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლეს.

“სტუდენტურ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ოთხი წელი მოვანდომეთ. პანდემიამ საკმაოდ შეგვიშალა ხელი მომზადებაში, ტურნირები არ ტარდებოდა და წელს მოთამაშეების სიმცირე გვქონდა. წლევანდელი ტურნირი 12 კაცით დავიწყეთ და 7-ით დავასრულეთ. თუმცა, როგორც ნახეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის გულშემატკივარს. დამატებითი მოთამაშის როლს ასრულებდნენ ტრიბუნებზე, ძალიან დაგვეხმარნენ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. ქუთაისი ოლიმპიური ჩემპიონების ქალაქი და კალათბურთის მექაა, ამიტომ კარგი თამაში და გამარჯვება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”.

კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ამ გამარჯვებით ა ლიცენზია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მწვრთნელი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გუნდის გაძლიერებასა და ა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იმუშავებენ, რათა გულშემატკივრები მომავალი დიდი გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაახარონ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm