GE

აწსუ-ში გერმანული წიგნების გამოფენა გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული წიგნების Pop up გამოფენა – ,,გერმანული მრავალფეროვანი ენაა” გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნები. გამოფენის გახსნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ გერმანული წიგნების გამოფენას. მადლობა მინდა მისთვის მადლობა გადავუხადო გერმანიის საელჩოს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა ჩვენი ბიბლიოთეკის დირექტორს, რადგან ძალიან დიდი წვლილია მისი ამ გამოფენის მოწყობაში. დღეს რომ რეგიონში შედგა ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, არის გვირგვინი იმ ხანგრძლივი შრომისა რომელიც გოეთეს ინსტიტუტთან და საელჩოსთან ერთად მივიღეთ“,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილის ტანია ჰუთის განცხადებით, წიგნები კულტურული ურთიერთობების დასამყარებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ქუთაისში, ამ ბიბლიოთეკაში, ვიმყოფები. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მას შემდეგ , რაც გავიცანი ისინი, ვინც გერმანისტიკის მიმართულებით მუშაობენ უნივერსიტეტში. დიდ შრომას წევენ. მოხარული ვარ, რომ ასეთ ქალაქში სადაც გერმანული ენა ასე მნიშვნელოვანია , შეგვიძლია გერმანული წიგნები წარმოვადგინოთ . ესენი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კატალოგიდანაა. მოგეხსენებათ , წელს თბილისი იყო მასპინძელი და ეს იყო შესაძლებლობა, რომ წამოგვეღო იქიდან წიგნები ქუთაისში. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც მოგვცა თანხმობა. გერმანიასა და საქართველოს შორს მჭიდრო კულტურული ურთიერთობებია, ბევრი ქართული წიგნი ითარგმნა გერმანულად. გავეცანით მათ და ძალიან მადლობლები ვართ ამის გამო. ჩვენც წარმოვადგინეთ საპასუხოდ გამოფენაზე ქართულად ნათარგმნი გერმანული ლიტერატურა. კულტურული ერთობისთვის წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც იმუშავა, რომ ეს გამოფენა შემდგარიყო“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთიმ.

გამოფენის დასრულების შემდეგ წიგნების ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას ჩვენ ვმასპინძლობთ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი სივრცისთვის არაა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს და გაცენოს წიგნებს. გარდა ამისა მათ სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზეც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება. წიგნების ნაწილი უკვე საჩუქრად გადაეცა, რომლებიც გამოფენაში არ მონაწილეობენ, თუმცა ის ლიტერატურა, რომელიც გამოფენილია და სასწავლო პროცესს გამოადგება საჩუქრად გადმოგვეცემა და ხელშეკრულება გოეთეს ინსტიტუტთან გაფორმებულია და პერიოდულად მოგაწვდის ახალ გამოცემებს“,- აღნიშნა აწსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ.

დაინტერესებულ პირებს წიგნების დათვალიერება, აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსში, 31 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შეეძლებათ. გერმანული წიგნების გამოფენა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალის, გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ურთიერთთანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური