GE

აწსუ-ში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო. უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე – რომელსაც სტუდენტები, პროფესორები, მოსამართლეები და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ – უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნების, ამოცანების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა შონიამ, სამართლის დეპარტამენტის კოორდინატორმა მამუკა შენგელიამ, იურიდიული კლინიკის პრაქტიკოსი იურისტმა თამარ ებრალიძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტმა ანა შალამბერიძემ.

უნივერსიტეტის მიზანია, რეგიონული უნივერსიტეტების იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება კაზუსებით სწავლების მეთოდოლოგიაში ადგილობრივი კადრების გადამზადებით. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება პრაქტიკული სამართლის (Street Law) კურსის სილაბუსის შემუშავება და უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმში ინტეგრირება.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტმა უკვე შექმნა ორი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში მიმდინარეობს იურიდიული კლინიკის სტუდენტების გადამზადება სწავლების მეთოდოლოგიაში, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებსა და იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრების ტექნიკაში.
უნივერსიტეტმა, ქუთაისის 6 საჯარო სკოლასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც Street Law კურსის ფარგლებში სტუდენტები მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ 50 გაკვეთილს. პრაქტიკული სამართლის კურსში მონაწილე მოსწავლეებისგან ჩამოყალიბდება თანატოლ განმანათლებელთა ქსელი, რომელიც აქტიურად იმუშავებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური