GE

ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისში ფონდი “ქართუ” ააშენებს

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ფონდი “ქართუ” ააშენებს. საუბარია პროექტზე, რომელიც არა ბათუმში, არამედ თბილისში განხორციელდება.
განცხადება ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა.
ნიკოლოზ ჩხეტიანი ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ახალ სასწავლო დაწესებულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური საკითხების დაზუსტების შემდეგ იქნება ცნობილი.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებამდე არაერთ საერთაშორისო სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელთან გაიმართა კონსულკტაცია და სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ შეჯერდა საბოლოო ვარიანტი, თუ როგორი იქნება ახალი უნივერსიტეტი და რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს მან.

Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა დროს საჭიროებს, ამიტომ უნივერსიტეტის სრულყოფილად ექსპლუატაციაში შესვლას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ამ ეტაპზე ასევე ცნობილია, რომ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დედაქალაქში განთავსდება, თუმცა პროექტის წარმომადგენლები კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებენ. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული კომპლექსი საქართველოში ყველაზე მასშტაბური იქნება ყველა მსგავსს შორის და შესაბამისად ყველაზე მეტი სტუდენტის მიღებას შეძლებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარდა ასევე აშენდება სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც ამ დაწესებულების სტუდენტები იცხოვრებენ.

“ფონდმა “ქართუმ” გააკეთა კომენტარი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მრავალი ათეულმილიონიანი უნივერსიტეტი გააკეთოს საქართველოში, თავისი კამპუსით. ეს იქნება უნიკალური პროექტი. ფონდი “ქართუს” ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩაფიქრებული პროექტი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, სწავლის საფასურის, დიპლომის ხარისხისა და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური