GE

ახალი “ბუკები” და სახელმძღვანელოები – რა პრობლემები შეექმნათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ?!

სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემული ბუკები, ახალი სახელმძღვანელოები და სასწავლო რვეულები – როგორც ირკვევა ამ მიმართულებით საჯარო სკოლების პირველკლასელებს და მათ მშობლებს პრეტენზიები აქვთ.

სოციალურ ქსელში არაერთი მშობელი გამოთქვამს წუხილს, რომ სწავლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე სახელმძღვანელობი ჯერ კიდევ არ მიუღიათ, ხოლო პატარების პერსონალურ კომპიუტერებს სხვადასხვა ტიპის ხარვეზები აქვს.

192-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს “ბუკები” ჯერ არ გაუხსნიათ. როგორც Aris.ge-განათლებას ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა პირად საუბრებში განუცხადა, “კომპიუტერში საჭირო პროგრამა ჯერ ჩატვირთულიც არ არის”.

“არც კი ვიცი აქვს თუ არა ჩვენს “ბუკს” რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზი, რადგან კომპიუტერი ჯერ არც კი გაგვიხსნია. საჭირო პროგრამა ჯერ ჩატვირთული არ არისო გვითხრეს”.

სახალისო პროგრამის გაუმართაობაზე დაჩის დედის გარდა სხვა მშობლებიც წუხან. თუმცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ლაშა ვერულავა ირწმუნება, რომ პროგრამა ხარვეზების გარეშე მუშაობს.

“პირველ რიგში არ მესმის, რას ნიშნავს პროგრამა ჩატვირთული არ არის?! “ბუკებში” პროგრამა ჩატვირთული იყო ჯერ კიდევ ტექნიკის საქართველოში ჩამოტანამდე. აი როგორ ხდება ეს პროცესი – ჩვენთან ჩამოვიდა კომპიუტერის ნიმუში, ეს ნიმუში დაიტესტა, მასში საოფისე პროგრამები, ოპერაციული სისტემა და საჭირო თამაშები ჩაიწერა და ნიმუში უკან დაბრუნდა. მწარმოებელ ქარხანაში მოხდა პროგრამების დუბლიკაცია და ამის შემდეგ გამოიგზავნა “ბუკები” საქართველოში,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას ლაშა ვერულავამ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ დრომდე პროგრამული ხარვეზიის პრობლემით მათი სამსახურისთვის არც ერთ სკოლას არ მიუმართავს. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპიუტერში რომელიმე თამაში ჩაწერილი არ არის, მშობლებს მათი გადმოწერა ვებ-გვერდ buki.emis.ge-დან შეუძლიათ.

“ჩვენი IT სპეციალისტები ყველა სკოლაში დადიან და კომპიუტერული პროგრამების გამართულობას ამოწმებენ. მსგავსი პრობლემით მათთვის ჯერ არავის მიუმართავს. თუ რომელიმე მოსწავლეს სათამაშო პროგრამასთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემა – შეუძლია მასწავლებელს მიმართოს, შემდეგ სკოლა ჩვენ დაგვიკავშირდება. მშობელსაც შეუძლია, ეს თამაშები შვილს უპრობლემოდ გადმოუწეროს,”- ამბობს ვერულავა.

პედაგოგები საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ, თუმცა Aris.ge-განათლებასთან პირად საუბრებში ისინიც ადასტურებენ, რომ პირველკლასელთა “ბუკებთან” დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა მისი ტექნიკური და ვიზუალური ხარვეზია. მიუხდავად იმისა, რომ ტექნიკის უმრავლესობა გამართულად მუშაობს, არის შემთხვევები როდესაც ე.წ. “თაჩ პადები” (იგივე მაუსი) არ რეაგირებს, კლავიატურის ზოგიერთი კლავიში კი “გაჭედილია”.

“პედაგოგებო პირველკლასელთა ბუკების შესახებ მინდა გკითხოთ: ჩემი შვილის “ბუკი” უკვე ფერგადაცლილია ზემოთა მხრიდან, ანუ გაცქვლეფილი და დაზოლილია (მგონი კარგად აგიხსენით). სხვა ბუკების შესახებ მაინტერესებს რა ხდება?”-წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი.

ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესაუბრა.

თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ყველა პერსონალური კომპიუტერი სამინისტრომ გარანტიით შეიძინა და თუ რომელიმეს ტექნიკური წუნი აღმოაჩნდება, მომწოდებელი კომპანია UGT ვალდებულია, მოსწავლეს ახლით შეუცვალოს.

როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი პირველკლასელის მშობელი წუხს იმაზეც, რომ სამი წლის შემდეგ მათ კომპიუტერების სკოლისთვის დაბრუნება მოუწევთ. თუმცა როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, კომპიუტერი სკოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდება, თუ მოსწავლე სამი წლის განმავლობაში საჯაროდან კერძო სკოლაში გადავა. სხვა შემთხვევაში მას “ბუკი” სახელმწიფოსგან საჩუქრად რჩება და უკან დაბრუნების ვალდებულება არ აქვს.

კომპიუტერის მსგავსად, საჩუქრად გადაცემულ სახელმძღვანელოებსა და სავარჯიშო რვეულებზე აქვთ პრობლემა სხვადასხვა საჯარო სკოლებს. როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, სკოლების ნაწილს ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელო ამ დრომდე არ მიუღია, ზოგან კი სავარჯიშო რვეულის დეფიციტია.

“ჩემი შვილი 192-ე სკოლაში სწავლობს, პირველკლასელია. აქამდე, ე.წ. “ვორქ ბუქები” არ გვქონდა და დავალებას ვერ წერდა. მასწავლებელმა კი ჩვეულებრივი რვეულის ყიდვა აგვიკრძალა. მხოლოდ გუშინ მოგვიტანეს ქართულის “ვორქ ბუქი”. სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ყველა ახალი არ არის. კი, ითქვა, რომ პირველკლასელები სულ ახალ წიგნებს მიიღებდნენ, მაგრამ ჩემი შვილის მათემატიკის წიგნი უკვე გამოყენებულია. ზოგს მათემატიკა ახალი შეხვდა, მაგრამ სხვა სახელმძღვანელო ძველი”.

ანალოგიური პრობლემა სახელმძღვანელოებისა თუ რვეულების დაგვიანებასთან დაკავშირებით სხვა სკოლებშიც დაფიქსირდა. 23-ე სკოლის მეხუთე კლასელებს ამ დრომდე არ აქვთ ინგლისური ენის წიგნები რაც, მშობლების თქმით, ხელისშემშლელი ფაქტორია მეცადინეობისთვის.

რა გახდა შექმნილი პრობლემების მიზეზი და როდის გამოასწორებს თამარ სანიკიძის უწყება აღნიშნულ ვითარებას – ამ საკითხზე Aris.ge -განათლებამ სამინისტროსგან შემდეგი შინაარსის განმარტება მიიღო.

“სახელმძღვანელოების მიწოდების საკითხი მონიტორინგზეა აყვანილი. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია – თითქოს რომელიმე სკოლისთვის სახელმძღვანლოები ან სავარჯიშო რვეულები მასობრივად არ იყოს მიწოდებული. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები მობილობით, ერთიდან მეორე სკოლაში გადადიან. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, სკოლა ინფორმაციას აწვდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და წიგნის მიწოდება დაუყოვნებლივ ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც იცით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. მეორე უცხო ენა, მეშვიდეს ნაცვლად მეხუთეში ისწავლება. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, მხოლოდ უცხო ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ხდება დაგვიანებები და აღნიშნული საკითხიც უმოკლედ ვადაში დარეგულირდება,”- განუმარტეს Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ბუკებისა და სახელმძღვანელოების თემით ARIS.GE-განათლება მომავალშიც დაინტერესდება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური