GE

ახალი სახელმძღვანელო საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის SANGU-სგან – რა საკითხებს მოიცავს წიგნი

დღეს, როდესაც საგარეო პოლიტიკას გადამწყვეტი როლი უჭირავს ქვეყნების კეთილდღეობაში, უმნიშვნელოვანესია ამ დარგში მაღალკვალიფიციური ადამიანების მუშაობა. „გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საგარეო პოლიტიკაში“ არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელ ვალერი მოდებაძის ახალი წიგნი, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.

გთავაზობთ ინტერვიუს წიგნის ავტორთან:

– საგარეო პოლიტიკის სწორად მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნებისთვის, კონკრეტულად რა საკითხებს ეხება წიგნი?

– გეთანხმებით, რომ საგარეო პოლიტიკის სწორად მართვა ურთულესი საკითხია და ერთ-ერთ მთავარ გამოწვეევას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისათვის. წიგნი აღწერს გადაწყვეტილების მიღების რთულ და კომპლექსურ პროცესს ცვალებად და არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გააცნოს, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკაში და რა სირთულეებსა და პრობლემებთან არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში.

წიგნი შვიდ ნაწილადაა გაყოფილია და ეტაპობრივადაა განხილული ის მთავარი ფაქტორები (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე საერთაშორისო, საშინაო და გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები), რომლებიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საგარეო პოლიტიკაში.

– ვისთვის არის განკუთვნილი წიგნი, მხოლოდ სტუდენტებისთვისაა, თუ ნებისიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება მისი წაკითხვა?

– წიგნი განკუთვნილია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორებისა და სტუდენტებისათვის, ასევე საგარეო პოლიტიკაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევთ მაღალი სტრესის პირობებში უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

საჭიროა, რომ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე ქართული პოლიტიკური ელიტა კარგად იყოს გათვითცნობიერებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მეცნიერულ დონეზე შეისწავლოს ეს დარგი. რაც უფრო მომზადებული იქნება ქართული პოლიტიკური ელიტა ამ დარგში, მით უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს საერთაშორისო არენაზე. პატარა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას საერთაშორისო ასპარეზზე. ხშირად ყველაზე უმნიშვნელო შეცდომაც კი ძვირად უჯდება ქვეყანას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსოფლიოს სახელგანთქმულ მეცნიერთა ნააზრევის გაანალიზება და ადეკვატური დასკვნების გამოტანა.

– როგორც ვიცით, თქვენი წიგნი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ, რამ გადაგაწყვეტინათ მისი დაწერა?

– მას შემდეგ რაც 2010 წელს დოქტორის ხარისხი დავიცავი და გავხდი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აქტიურ მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2015 წელს ერთ-ერთ უნივერსიტეტში შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა შემდეგ საგანში – „გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში“. ლექციების მომზადების პროცესში აღმოვაჩინე რომ ქართულ ენაზე არ არსებობდა სახელმძღვანელო ამ თემაზე. გადავწყვიტე რომ ეს პრობლემა გადამეჭრა და დამეწერა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

სამწუხაროდ, ამ საკითხს საქართველოში ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. არცერთ მეცნიერს, პროფესორს ან მკვლევარს არ დაუწერია და გამოუქვეყნებია ქართულ ენაზე რაიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რომელიც ამ თემას შეეხებოდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა. 1992 წლიდან დღემდე ძალზე ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დარგში სასიკეთო და საიმედო ძვრები მომხდარიყო. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენიმე სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. დღეისათვის ამ დარგში აშკარად შეინიშნება რელევანტური ლიტერატურის ნაკლებობა. სამწუხაროდ, არცერთ ქართულენოვან სახელმძღვანელოში არ არის გაანალიზებული და განხილული გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გამომეცა ქართულ ენაზე სახელმძღვანელო და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოში ამ დარგის განვითარებაში.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რისი გადმოცემაც ამ წიგნის საშუალებით გინდოდათ?

– ამ წიგნის ყველაზე მთავარი გზავნილია ის, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება საგარეო პოლიტიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. უმნიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისათვის. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ის შეცდომები, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უშვებენ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. გადაწყვეტილების მიღება კოგნიტური პროცესია და გადაწყვეტილების მიმღები პირის ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებებზე, პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აფერხებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას. გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია რთული გათვლების გაკეთება და რაციონალურად მოქმედება. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად დროის სიმცირე, ინფორმაციის სიმცირე, ორაზროვნება, დინამიური გარემოცვა, რისკი, სტრესი აფერხებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას. წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული ყველა ეს ფაქტორი და აღწერილია თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები შეზღუდული რაციონალობის პირობებში.

განსაკუთრებით დიდი გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგას პატარა ქვეყანა, რომელსაც ახალი მოპოვებული აქვს დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ პატარა სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები გააჩნია, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსი გაატაროს და საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას. პატარა სახელმწიფოს ადამიანური რესურსი მცირე და შეზღუდულია. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ შეზღუდული რესურსის რაციონალურად გამოყენებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

შეზღუდული რესურსების გამო, პატარა ქვეყნის საგარეო უწყებას, ძლიერი ქვეყნის ანალოგიურ უწყებებთან შედარებით, არ გააჩნია მრავალრიცხოვანი დიპლომატიური პერსონალის შენახვის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, პატარა ქვეყნის შესაძლებლობა, რომ დიპლომატიურ პერსონალზე დაყრდნობით სანდო ინფორმაცია მოიპოვოს და სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს საკმაოდ შეზღუდულია.

ზემოთ დასახელებული პრობლემების გამო საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესის მეცნიერულად გაანალიზება და შესწავლა, რომ ნათლად დავინახოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ლიდერები, როდესაც მათ უწევთ სარისკო და არასტაბილურ გარემოში საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

– იგეგმება თუ არა ამ წიგნის SANGU-ს სასწავლო მასალებში შეტანა?

– უნივერსიტეტში უკვე ერთი წელია რაც არსებობს სასწავლო კურსი „გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლტიკაში“. წიგნი უკვე აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში.  ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ წიგნში არსებულ თეორიებს და დეტალურად შეისწავლონ ის საკითხები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს უკავშირდება საგარეო პოლიტიკაში. სტუდენტები ლექციების დროს ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საფრთხეებს გადაყწვეტილების მიღების პროცესში და აცნობიერებენ თუ რა ურთულეს ვითარებაში უწევთ სახელმწიფოს ლიდერებს საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

წიგნი უკვე დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამეცნიერო საბჭოს მიერ და იგეგმება მისი უფრო აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში.

– ძალიან აინტერესებთ ხოლმე სტუდენტებს კონკრეტული მაგალითები – Case study, რამდენად გაქვთ განხილული ისინი სახელმძღვანელოში?

– წიგნში ძალიან ხშირად მაქვს გამოყენებული კონკრეტული ქეისები, იმისათვის რომ სტუდენტები უკეთესად გაერკვნენ თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, წიგნის მეორე ნაწილში განხილულია თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები კოალიციური მთავრობების მიერ. განხილულია ისრაელის მთავრობის მაგალითი, ასევე ისლანდიის მაგალითი.

წიგნში ასევე გაანალიზებულია ქეისები, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, ასევე მაღალი სტრესის პირობებში. მაგალითად, განხილულია ფოლკლენდის ომი, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებას მაღალი სტრესის პირობებში უხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.

წიგნში განხილულია კონკრეტული ქეისები, როდესაც ლიდერი ილუზორული წარმოდგენის გამო ვერ ახერხებს რეალობის სწორად აღქმას და გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, წიგნში განხილულია დარდანელის ოპერაციის დროს ჩერჩილის მიერ დაშვებული შეცდომები.

წიგნში მოყვანილია ასევე ჯგუფური აზროვნების მაგალითები. კონკრეტული ქეისების საფუძველზე ნაჩვენებია თუ რა საზიანო შეიძლება იყოს ჯგუფური აზროვნება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. განხილულია კონკრეტული ქეისი – 2003 წლის ერაყის ომი, როდესაც ბუშის ადმინისტრაცია ტენდენციურად იღებდა საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ახლო აღმოსავლეთში.

საგარეო პოლიტიკაში ხშირად ხდება ანალოგიების გამოყენება. ანალოგიებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, თუმცა მათ ასევე შეიძლება გამოიწვიონ სავალალო შედეგის დადგომა. წიგნში განხილულია ანალოგიების კონკრეტული მაგალითები. დეტალურად არის გაანალიზებული და განხილული მიუნხენის ანალოგია, ენტებეს ანალოგია. წიგნის მეხუთე ნაწილში აღწერილია თუ როგორ იყენებდნენ ანალოგიებს აშშ-სა და კუბის ხელმძღვანელობა 1950-იან და 1960-იან წლებში.

– სად შეიძლება წიგნის შეძენა?

– წიგნის გამოცემას მალე ვაპირებთ. დროებით ვერ ვახერხებთ წიგნის დაბეჭდვას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო. ველოდებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებას და როგორც კი ხელსაყრელი დრო დადგება, აუცილებლად გამოვცემთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური