ახალი სქემის დოკუმენტი – დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი
რანგი და წოდება პროფესიული განათლების მასწავლებლებსაც მიენიჭებათ, გაივლიან პროფესიულ მოსამზადებელ პროგრამას, რომელიც დაეყრდნობა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უზრუნველყოფს მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით.
გარდა ამისა, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ექნებათ პორტფოლიოს (პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული წარმატების ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა) წარმოების ვალდებულებაც და მისი შეფასება პერიოდულად განხორციელდება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა და 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები.
ვიდრე პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი სქემაც დღემდე არსებული სკოლის მასწავლებელთა სქემის მსგავსად არაერთ ცვლილებას განიცდის, EDU.ARIS.GE დოკუმენტის პირველადი ვერსიას გიზიარებთ, რომელიც 2024 წლის 15 ოქტომბერს დამტკიცდა და სხვადასხვა ვალდებულებებს პროფესიული განათლების მიმწოდებელ დაწესებულებებსაც უწესებს.
პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს, პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს, პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და პროფესიული განვითარების წესსა და პირობებს, ასევე, კარიერული წინსვლის საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებზე.
3. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პირზე ეს წესი ვრცელდება ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესიული განათლების მასწავლებელზე, რომელსაც პროფესიული განათლების ფარგლებში მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელი – პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში (გარდა პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამისა). პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებია ძირითადი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი, ინსტრუქტორი;
ბ) ძირითადი მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითადი მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
გ) მოწვეული მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოწვეული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არის შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი (რომელიც არ მოიცავს სწავლების გამოცდილებას) და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
დ) ინსტრუქტორი – პროგრამების თანაგანმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც ამავე დაწესებულებაში პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
ე) პროგრამა(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება – მეწარმე სუბიექტი/იურიდიული პირი, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად, ჩართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური ან კოოპერაციული სწავლების ფორმით განხორციელებაში;
ვ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურს ძირითად, ან მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დაწყება;
ზ) ელექტრონული სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულად ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება;
თ) დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებები (შემდგომ – დაწესებულება);
ი) პორტფოლიო – პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული წარმატების ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა;
კ) მსმენელი – პროფესიული განათლების მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, რომელიც გადის პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას.
2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა
1. პირი, კონკრეტული დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს პროგრამის განხორციელების შესახებ წინარე ხელშეკრულების, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადის გასვლის, ან შეწყვეტის შემთხვევაში პირს უწყდება ამ დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
3. დაწესებულება ვალდებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად ასახოს ელექტრონულ სისტემაში.
4. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ პირი, პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს თავიდან, ამ წესის შესაბამისად.
თავი II
პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევა
მუხლი 4. პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესით.
4. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით.
5. ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ.
6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველი.
მუხლი 5. პროფესიული განათლების მასწავლებლის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, ან/და პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი არანაკლებ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2. მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის უნდა იყოს მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.
3. ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაწესებულება უფლებამოსილია კანდიდატთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული განათლების მასწავლებლის შესაბამისი სახის მინიჭებასთან დაკავშირებით.
6. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, შესაძლებელია იყოს როგორც ძირითადი, ისე მოწვეული მასწავლებელი.
მუხლი 6. პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის ფორმები
1. დაწესებულების მიერ ძირითადი ან მოწვეული მასწავლებლის შერჩევა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. ინსტრუქტორის შერჩევა ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულების მიერ.
თავი III
პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყება
მუხლი 7. პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყება
1. ძირითადი მასწავლებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გავლა.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე/გავლის დადასტურებამდე, დაწესებულება ძირითად მასწავლებელს ხელშეკრულებას უფორმებს არაუმეტეს 18 თვის ვადით.
3. დაწესებულება უფლებამოსილია ძირითად მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს. ძირითადი მასწავლებელი, რომელიც 18 თვის გასვლის შემდგომ პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დადასტურებას ვერ შეძლებს, მას ეზღუდება საქმიანობის გაგრძელება იმავე ან სხვა დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამის გავლის დადასტურებამდე.
4. დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.
5. დაწესებულებას არ აქვს უფლება ერთი პროგრამის ფარგლებში ჰყავდეს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლები.
6. მოწვეული მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით. ასევე, აქვს შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში გაიაროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.
7. ინსტრუქტორი ვალდებულია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლების დაწყებამდე გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა.
8. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვებამდე ან მის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა, ან პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა
9. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მასწავლებელზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
მუხლი 8. პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებები ყველა იმ პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში პირველად იწყებს პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლებას.
თავი IV
პროფესიული მოსამზადებელი პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
მუხლი 9. პროფესიული მოსამზადებელი პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეების მიხედვით:
ა) ძირითადი და მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა), რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უზრუნველყოფს მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით;
ბ) ინსტრუქტორის (შემდგომ – ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა) მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუქტორის მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებში ინტეგრირებული უნდა იქნეს პროფესიული პრაქტიკის კომპონენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) მტკიცდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) დგინდება სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკის კომპონენტი უნდა განხორციელდეს დაწესებულებაში.
6. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის თეორიული კომპონენტი შეიძლება განხორციელდეს როგორც დისტანციური, ისე არადისტანციური ფორმით.
მუხლი 10. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მქონე პირები და უფლების მოპოვება
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განმახორციელებელი პირი), კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ. .
2. ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილია სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
მუხლი 11. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსება
ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტიით გათვალისწინებული პირების მიერ განხორციელებული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსება ხორციელდება სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით,ხოლო ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
მუხლი 12. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სერტიფიკატი
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის იურიდიული პირი, რომელშიც დაასრულა პირმა პროგრამა ან მისი უფლებამონაცვლე.
2. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი დგინდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ და მტკიცდება განათლების სამინისტროს მიერ.
თავი V
პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარება
მუხლი 13. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების მიზანი და სავალდებულოობა
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების მიზანია:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;
ბ) ძირითად და მოწვეულ მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) დაწესებულებაში სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
2. ამ წესის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებასა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენას ახორციელებს დაწესებულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენა სავალდებულოა ძირითადი მასწავლებლისთვის.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, მოწვეულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მოწვეული მასწავლებლის მიმართ პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ამ თავით გათვალისწინებული წესის გავრცელებაზე.
5. პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია ინსტრუქტორი შეაფასოს ამ წესის შესაბამისად, დაადგინოს ინსტრუქტორის შეფასების ამ წესისაგან განსხვავებული წესი ან უარი თქვას ინსტრუქტორის შეფასებაზე.
მუხლი 14. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პერიოდულობა
1. დაწესებულება უზრუნველყოფს ძირითადი მასწავლებლის შეფასების ორგანიზებას სულ მცირე 2 (ორ) წელიწადში ერთხელ.
2. დაწესებულება ვალდებულია ძირითადი მასწავლებლის შეფასება დაგეგმოს იმგვარად, რომ დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის შედგენა დასრულდეს არაუგვიანეს დაწესებულების განვითარების წლიური გეგმის დამტკიცებისა.
მუხლი 15. ძირითადი მასწავლებლის შეფასების მეთოდები
1. ძირითადი მასწავლებლის შეფასება ხორციელდება:
ა) ძირითადი მასწავლებლის თვითშეფასებით, რაც გულისხმობს ძირითადი მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის ანალიზსა და შეფასებას, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დადგენას ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას;
ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით/მეთოდებით.
2. დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მეთოდი/მეთოდები, აღნიშნული მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების წესი და ინსტრუმენტები და უზრუნველყოს მისი გაცნობა ძირითადი მასწავლებლისთვის.
მუხლი 16. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი
1. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული სტანდარტი.
2. ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძირითადი მასწავლებლის შეფასების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, მათ შორის თვითშეფასების განხორციელების ფორმას, წესსა და პირობებს.
3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ადმინისტრაციული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
4. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პროცესი სრულდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებით.
მუხლი 17. ძირითადი მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
1. ძირითადი მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელებით.
2. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება.
3. ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა;
ბ) შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს შესაბამის ტრენერს/ტრენერებს;
გ) ითანამშრომლოს პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელთან;
დ) მოიძიოს გრანტები ან სხვა დაფინანსების წყარო;
ე) ითანამშრომლოს სხვა დაწესებულებასთან.
4. ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლა
მუხლი 18. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობები
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს დაწესებულება.
2. დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის რანგები და წოდებები, ასევე ამ რანგის და წოდების მინიჭების პირობები და გამჭვირვალე პროცედურები.
3. დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლოა განისაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ დამატებითი, მათ შორის ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა საათებში, რაც სასწავლო დატვირთვასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მაქსიმალურ დატვირთვას.
თავი VII
ელექტრონული სისტემა
მუხლი 19. ელექტრონული სისტემა
1. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე პირთა რეგისტრაცია, აღნიშნული პროგრამის გავლისა და დასრულების პროცესების მართვა;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ორგანიზება;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლების პორტფოლიოს მართვა.
2. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს ელექტრონული სისტემის საშუალებით.
მუხლი 20. ელექტრონული სისტემის უსაფრთხოება
1. ელექტრონული სისტემა განთავსებულია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.
2. პლატფორმის მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ მართვის სისტემის მონაცემთა ბაზის და სისტემურ ადმინისტრატორ(ებ)ს.
3. პლატფორმის დეველოპმენტი და რეალურ გარემოში გაშვება უნდა განხორციელდეს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი „ვებ აპლიკაციის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის“ შესაბამისად.
4. პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი „სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის“ შესაბამისად.
5. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით მიღებულ შედეგზე.
6. პერსონალურ მონაცემებზე და/ან სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული უნდა იყოს არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.
მუხლი 21. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და შენახვის ვადა
1. ელექტრონულ სისტემაში ასახული ზოგიერთი მონაცემი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.
2. ელექტრონულ სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ელექტრონულ სისტემაზე თითოეულ მომხმარებელს წვდომა აქვს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მათ მიერ სამუშაოსა თუ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურად შესრულებისთვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემები ინახება პროფესიული განათლების მასწავლებელთან პროფესიული განათლების ფარგლებში გაფორმებული ბოლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 10 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის ელექტრონული სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ – მონაცემები წაიშლება.
მუხლი 22. ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვა
1. მართვის სისტემა აწარმოებს ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროს და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებას და აღრიცხვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. პირებს, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და არ აკმაყოფილებენ პროფესიული განათლების მასწავლებლის ამ წესით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2028 წლის პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის ამ წესით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია პირს შეუწყვიტოს პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს.
4. პირებს, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და აღნიშნული პერიოდისთვის გავლილი აქვთ ტრენინგები, აღნიშნულის აღიარების მიზნით უფლებამოსილნი არიან სააგენტოში წარმოადგინონ დამადასტურებელი დოკუმენტები 2026 წლის პირველ აგვისტომდე, ხოლო ზემოაღნიშნულის წარმოუდგენლობის შემთხევაში, 2028 წლის პირველ იანვრამდე ვალდებულნი არიან გაიარონ ან/და დაადასტურონ პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
5. 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ დაუშვებელია პროფესიული განათლების მასწავლებლად ისეთი პირის მიღება, რომელიც არ აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
6. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განმახორციელებელი პირი/სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ამ წესის ამოქმედებამდე გავლილი ტრენინგების სწავლის შედეგების პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში აღიარების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრენინგების სწავლის შედეგები თავსებადია პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სწავლის შედეგებთან.
7. დაევალოს სააგენტოს ამ წესის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
8. დაევალოს ცენტრს, ამ წესის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
9. დაევალოს სააგენტოს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით 2026 წლის 01 ივლისამდე ელექტრონული სისტემის შემუშავება.
10. დაევალოთ დაწესებულებებს, 2026 წლის 1 ივლისამდე ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლებად განსაზღვრა და ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
ასევე იხილეთ:
როგორ დაანგარიშდება 2026 წლიდან პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება – დეტალები
გაიწერა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებელი – სტანდარტი
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება