ახლებურად სწავლება – რატომ და როგორ უნდა გადააფასონ უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი
19 ოქტომბრიდან საქართველოში სტუდენტებს უკვე შეუძლიათ ლექციებს აუდიტორიებში დაესწრონ:
“19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად”, – ასეთია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.
უმაღლესი განათლების საკითხებზე საინტერესო კვლევები და გამოკითხვები ჩატარდა, რომელმაც უმაღლესი განათლებისა და ბიზნესის მსოფლიო სპეციალისტები საინტერესო დასკვნამდე მიიყვანა.
The Boston Consulting Group (BCG) – ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 1,3 მილიარდი ადამიანი იმ სამუშაოს ასრულებს, რომელიც მათ განათლებასა და უნარებს არ შეესაბამება. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი 53 მილიონი ადამიანია. ყველაფერი ეს ბოლო წლებში განვითარებულმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ გამოიწვია. პანდემია COVID–19 – მა, ციფრული გადაწყვეტილების საფუძველზე, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა დააჩქარა და ადამიანის უნარებსა და შესრულებული ამოცანების შეუსაბამობა მხოლოდ გააღვივა.
ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად ექსპერტები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და ბიზნეს სექტორს შორის მჭიდრო კავშირის უქონლობაში ხედავენ. სიტუაციაზე დეტალური წარმოდგენის შესაქმნელად და პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად, BCG-მ Google-თან ერთად, ბიზნესმენების, ტოპ-მენეჯერებისა და უმაღლესი განათლების სფეროს მოხელეები გამოიკითხა.
BCG დასკვნების თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეამცირონ შეუსაბამობა ადამიანის მიერ მიღებულ განათლებასა და იმ ამოცანებს შორის, რომელთა გადაწყვეტა ახალგაზრდა პროფესიონალებს სამუშაო ადგილას უწევთ. ამისათვის, მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაა საჭირო. კორპორაციებმა თავის მხრივ თავიანთი თანამშრომლების განათლებასა და გადამზადებაში ინვესტირება უნდა განახორციელონ. ცნობილია, რომ დღეს განათლება უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.
კორონავირუსის პანდემია ამ ამოცანებს ართულებს. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ დაარტყამს ის სასწავლო პროცესს. შემცირდება თუ არა აბიტურიენტების რიცხვი? რამდენად მარტივად დაინერგება მასობრივი ონლაინ-სწავლება? როგორ აისახება ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაზე და უნივერსიტეტების მოდელზე? ყველა ეს შეკითხვა კი ჯერ პასუხგაუცემელია. მიუხედევად ამისა, განათლების მომავალი კონტურები უკვე იკვეთება. ნათელია, რომ ისინი ონლაინ გადაწყვეტილების მიმართულებით იმოძრავებენ.
დღეს აქ, ხვალ სხვაგან
მიღებული აზრია, რომ უმაღლესი განათება მომავალი კარიერის მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს. ბევრ ასპექტში ეს ისევ ასეა: აზროვნების ტიპი, რომლის ფორმულირებასაც სასწავლებელი ახდენს, იმ უნარების საფუძველს წარმოადგენს, რომელთაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იძენს. თუმცა რაღაც მომენტიდან აკადემიური ცოდნა ტექნოლოგიების განვითარების დონეს აღარ შეესაბამება, ამიტომაც ახალგაზრდა ადამიანებს სამსახურში ამა თუ იმ ამოცანის შესრულება უჭირთ. ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულების მხოლოდ მესამედი თვლის, რომ წარმატებული კარიერის მისაღწევად, მხოლოდ სწავლისას მიღებული ცოდნა იქნება საკმარისი. გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარია იმაში დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარგ სამსახურს იპოვის. ზოგ ახალგაზრდა სპეციალისტს მიღებული განათლების შესაბამის სამსახურში მოწყობა არ შეუძლია, სხვებს კი კვალიფიკაციის ამაღლება უწევთ.
დამსაქმებლების საქმეც არ არის მარტივად. ერთ-ერთი მთავრი პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებიან, თანამშრომლების უწყვეტი ნაკადია. სწორედ ამიტომ მათი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხანგრძლივ პერსპექტივაში დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. დღევანდელი პროფესიონალები, საშუალოდ ათ სამსახურს იცვლიან, სანამ მათ ორმოცდაათი წელი შეუსრულდებათ.
სამი ვეშაპი
კომპანიების კვალიფიციური კადრების კრიტიკული საჭიროების გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებს საგანმანათლებლო პროცესის კარდინალურად შეცვლა შეუძლიათ. მომავალ კურსდამთავრებულებს სჭირდებათ ცოდნა, რომელიც მათი დასაქმების შანსებს გაზრდიდა. სამუშაო პრინციპების შეცვლით უნივერსიტეტები არა მხოლოდ თავიანთი სოციალური მისიის შესრულებას, არამედ უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟის გაზრდასაც შეძლებდნენ. ახლა რეფორმის გატარების დაწყებისთვის საუკეთესო დროა.
„COVID-19 უნივერსიტეტებს ინერტულობის მოშორებას აიძულებს. გარდა ამისა, ის ინოვაციების სტიმულირებას ახდენს და ექსპერიმენტების ჩატარებას უწყობს ხელს. მათთვის, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, პროფესიონალური კვალიფიკაცია ოქროს საბადოდ შეიძლება იქცეს. პირველი გზამკვლევები, რომლებიც ასეთი სწავლების უზრუნველყოფას შეძლებენ, დიდ მოგებას ნახავენ“, – თვლის ჯონ ფარარი, Google-ს საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი.
BCG-ს აზრით, უმაღლესი სასწავლებლებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება არის ე.წ. Preskilling – პირველადი უნარების სწავლება. ასეთი სწავლების განმასხვავებელ თავისებურებას პრაქტიკულ ასპექტებზე ფოკუსირება წარმოადგენს. დღეს Preskilling მომსახურებას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი კურსდამთავრებულებს წარმატებულ დასაქმებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს სთავაზობენ. აღნიშნული სფერო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მისი ზრდის ტემპები შთამბეჭდავია. Preskilling -ის ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, FDM Group-მა, 2016-2019 წლებში თავისი შემოსავალი საშუალოდ 13%-ით გაზარდა.
BCG-ს ექსპერტების აზრით, უმაღლესმა სასწავლებლებმა ამ ბაზრისთვის უნდა იბრძოლონ, ვინაიდან ამჟამად ისინი კერძო კომპანიებს ჩამორჩებიან. ერთ-ერთი გამოკითხული ბიზნესმენის თქმით, ,,უნივერსიტეტები თეორიას ძალიან ბევრ ყურადღებას უთმობენ. ამასობაში ჩვენ კურსდამთავრებულებს იმას ვასწავლით, რაც მათ მუშაობის პროცესში გამოადგებათ.“
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა იმუშაონ არის Upskilling, ანუ კვალიფიკაციის ამაღლება. ამ ბაზარზე კერძო კომპანიები დომინირებენ. ისინი მომხმარებლებს კორპორატიულ ტრენინგებს სთავაზობენ. ექსპერტები ამ ბაზრის მოცულობას 150 მილიარდ დოლარად აფასებენ. ამასთან, მენეჯერები მსგავსი სასწავლო პროგრამების შედეგებით ხშირად უკმაყოფილონი არიან. BCG-ს მიერ გამოკითხული ბიზნეს ლიდერების 78%-ის აზრით, ტრენინგების კარგი მომწოდებლის პოვნა ძალიან რთულია. უმაღლეს სასწავლებლებს იმ პროგრამების გამომუშავება და შეთავაზება შეუძლიათ, რომლებიც დასაქმებულების ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლებასა და კონკრეტული უნარების სწავლაზე იქნება ორიენტირებული.
უმაღლესი სასწავლებლების განვითარებისთვის საჭირო მესამე სფერო არის Reskilling- ხელახლა დასწავლა. ახლა, კორონავირუსის ეპოქაში, მისი საჭიროება განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა. პანდემიის გამო მთელი ინდუსტრიები და პროფესიები ქრება, ამავე დროს, ახლებიც იქმნება. ამ სფეროს სხვადასხვა ფორმების მიღება შეუძლია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი მოკლე სატრენინგო კურსები. დღეს მათ ძირითადად არააკრედიტირებული კომპანიები უზრუნველყოფენ. აქტუალური სასწავლო პროგრამების შემუშავებითა და კორპორატიულ სექტორთან თანამშრომლობით, უმაღლესი სასწავლებლები ამ ბაზრის დაკავებას შეძლებენ.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: forbes
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება