GE

„ბარიერის გადალახვა მარტივი იქნება, გრანტისთვის ქულების აღება კი გაჭირდება“, – ქუთაისში მათემატიკის გამოცდებს აფასებენ

2023 წლის აბიტურიენტები დღეს მათემატიკის არჩევით გამოცდას ორ სესიად აბარებენ. ამ წუთებში მეორე სესია მიმდინარეობს. ქუთაისის ორი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები, რომლებმაც ტესტის პირველი ვარიანტი წერეს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მაღალი ქულების აღება მათემატიკაში რთული იქნება.

„შემოსახაზები რაც არის, ეს იყო მარტივი. პარამეტრიანი განტოლებები რაც იყო, ის არ დამიწერია, რთული იყო. არქიტექტურაზე ვაბარებ და, შესაბამისად, მათემატიკის ჩაბარება საჭირო იყო ჩემთვის. თან მიყვარს მათემატიკა, ვემზადებოდი კიდეც გამოცდისთვის. ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა მარტივი იქნება, მაგრამ გრანტისთვის ქულების აღება გაჭირდება“, – გვითხრა ნანა ხვიჩიამ, რომელმაც გამოცდა 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.

აბიტურიენტები საუბრობენ, რომ, მართალია, ტესტებში მოცემული საკითხები სასკოლო პროგრამას არ სცდება, თუმცა მათემატიკის ეროვნული გამოცდის რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ჩაბარება რთულია.

„გამოცდიდან ნორმალური განწყობით გამოვედი. ყველა დავალება დავწერე, არც ისე გამიჭირდა. ერთქულიანები, რა თქმა უნდა, მარტივი იყო. სამქულიანებში სტერეომეტრია იყო. კომპიუტერულ ინჟინერიაზე ვაბარებ და მათემატიკა აუცილებელია. სკოლის მეცადინეობა არაა საკმარისი და დამატებით მომზადება მაინც გვჭირდება“, – ამბობს გელა ჯახაია.

დამატებით მეცადინეობის აუცილებლობაზე საუბრობენ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც. ანა რობაქიძის თქმით, ტესტში განსაკუთრებით იოლი ერთქულიანი დავალებები იყო და, ფიქრობს, რომ 45 ქულას აიღებს.

„ერთქულიანები არ იყო ძალიან რთული. ოთხქულიანები საშუალო დონის, როგორც წინა წლებში. ტესტის დაწერამდე ვფიქრობდი, რომ 45 ქულა უნდა ამეღო. შეიძლება, ერთქულიანებში მქონდეს რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ველოდები, რომ 45-ს ან 1, ან 2 ქულით ნაკლებს ავიღებ. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარს. ბიზნესის მენეჯმენტზე ვაბარებ და მათემატიკა ჩემ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, მხოლოდ სკოლის ცოდნით ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებდი, რადგან მომზადების დროს ზუსტად იმ საკითხებში ვმეცადინეობთ, რომლებიც შეიძლება, გამოცდებზე მოვიდეს, სკოლაში ზოგადია. უფრო გაძლიერებული რომ იყოს ის, რასაც გამოცდებზე ვაბარებთ, უკეთესი იქნებოდა, – გვიხსნის ანა.

მათემატიკის გამოცდის მეორე სესიაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 95%-მდე რეგისტრირებული აპლიკანტი გამოცხადდა.

ქუთაისში აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს სამ საგამოცდო ცენტრში აბარებენ. ჯამურად რეგისტრირებულია 5100 – ზე მეტი აბიტურიენტი, რომელთაგანაც დღევანდელ, მათემატიკის გამოცდას 1700-მდე აპლიკანტი აბარებს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური