ბათუმიდან თბილისამდე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარსული და მომავალი
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმის ნაცვლად თბილისში აშენდება. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ შენობაში კი სავარაუდოდ სასტუმრო განთავსდება. საკითხი უკვე გასცდა საგანმანათლებლო ჩარჩოს და პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა.
Aris.ge-განათლება კი დაინტერესდა, დაიწუნა თუ არა რეალურად ამერიკულმა მხარემ უნივერსიტეტის აშენების იდეა და თუ დაიწუნა, რა კრიტერიუმებით. რა თანხა დაიკარგა ბათუმში შენობის მშენებლობაზე რეალურად და რა თანხას კარგავს სახელმწიფო მისი გასხვისების პროცესში – საუბარია ათობით მილიონ ლარზე, თანხაზე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლეოდა.
მოვყვეთ თანმიმდევრულად – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა თავდაპირველად ბიზნესცენტრი იყო, რომლის ასაშენებლადაც რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ 20 მილიონი ლარი ჩარიცხა. ბიზნესცენტრის იდეა ჩავარდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა კი ცენტრის ნაცვლად უნივერსიტეტს მშენებლობა გადაწყვიტა. საჭირო თანხების მობილიზებისთვის სააკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაუკავშირდა.
“პირველი კომპაქტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო გათვლილი. კომპაქტი 2010 წელს დასრულდა. მასში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მშენებლობის დაფინანსება არ ყოფილა გაწერილი. 2010 წლის ბოლოს უკვე დაიწყო საუბარი ახალ ტრანშზე, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო. არც იქ იყო დაკონკრეტებული, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმებოდა. თუმცა ვიცოდით რომ თანხა საგანმანათლებლო პროექტებზე დაიხარჯებოდა,”- განუცხადა ARIS.GE-განათლებას ათასწლულის გამოწვევის ფონდის პირველი კომპაქტის ხელმძღვანელის თანაშემწემ.
მეორე კომპაქტს საქართველომ ხელი 2013 წელს მოაწერა. დოკუმენტი ძალაში 2014 წლის ივლისში შევიდა. ამ დროისთვის კი ბათუმში შენობის მშენებლობა დასრულებული იყო და ოფიციალურად გახსნილიც. სააკაშვილმა ლენტი ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში გაჭრა.
როგორც ათასწლულის გამოწვევის ფონდში ამბობენ, მიხეილ სააკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ამერიკული მხარე პროექტს არ იწონებდა. ამის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენელმა დანიელ იოჰანესმა მაშინდელ პრემიერს ნიკა გილაურს ვრცელი წერილიც მისწერა. დონორებს წუხდნენ მშენებლობის ღირებულების გამო; ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ შეძლებული ოჯახის შვილებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.
“წარმოიშვა შეკითხვები ახალი, ცალკე მდგომი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენებისთვის საჭირო ხარჯების რენტაბელობის შესახებ, რომელსაც პირდაპირი ბენეფიციარების შეზღუდული რაოდენობა ეყოლებოდა და შედეგად, პროექტით ისარგებლებდნენ მხოლოდ მეტად პრივილეგირებული და არა მცირე შემოსავლის მქონე ოჯახები. მოლაპარაკებების შედეგად და ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების ეკონომიკური ანალიზის გავლის შემდგომ გადაწყდა, რომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა არ იყო მისაღები და შესაბამისად არ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება”- აცხადებს ARIS.GE-განათლებასთან საუბარში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც შენობის მშენებლობაზე დაიხარჯა მეორე კომპაქტიდან არ არის.
“გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის მიერ გამოყოფილი თანხა დაიკარგა, ან ამერიკულმა მხარემ თანხები არ გამოჰყო. ეს ასე არ არის. 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს დაუმტკიცა 140 მლნ. აშშ დოლარის გრანტი(კომპაქტი) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში პროექტების განხორციელებისთვის. ეს პროექტები დღეს წარმატებით ხორციელდება,”- აცხადებს მაღრაძე.
ინფორმაცას, რომ ამერიკამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა დაიწუნა, კატეგორიულად უარყოფენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის დასტურად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი იმ წინაპირობებზეც კი საუბრობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტის ფუნქციონირების წინაპირობად განსაზღვრა. კერძოდ, საქართველოში ამერიკული დიპლომის გაცემა უნდა მომხდარიყო. ასევე განისაზღვრა სწავლების საფასური – წლიური ზედა ზღვარი 8000-10000 აშშ დოლარი. მთავრობის მიერ უნივერსიტეტის განთავსების ადგილად უნდა განსაზღვრულიყო ქ. ბათუმი; კორპორაციის ჯამურ ინვესტიციას კი 30 მლნ აშშ დოლარი უნდა შეედგინა. რატიანი ამტკიცებს, რომ პროექტი მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით შეჩერდა.
თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. სამინისტრო პოზიცია სპეციალურ განცხადებაშია
ჩამოყალიბებიული – სადაც ვკითხულობთ:
“ე.წ. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობდა, არ იყო დარეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, არ ჰყოლია და არ ჰყავს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. არსებობს მხოლოდ შენობა, რომლის აშენებაც დააფინანსა საქართველოს წინა მთავრობამ და ამ შენობასთან აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კავშირში არ არის”.
სამინისტროს წარმომადგენლები და თავად მინისტრი საუბრობენ იმაზეც, რომ ფუნქციურად შენობა უნივერსიტეტისთვის უვარგისია.
“სამხარაულისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნით შენობა არ იძლევა საგანმანათლებლო დაწესებულების განთავსების შესაძლებლობას _ არ არის დერეფნული სისტემა, გაუმართავია ვენტილაცია, შეუძლებელია სასწავლო ლაბორატორიების განთავსება”.
დავის პარალელურად კი ეკონომიკის სამინისტრო ბათუმი თაუერის აუქციონის გზით გასხვისებას გეგმავს. ორ ინვესტორთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროში შენობის თვითღირებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი მშენებლობა 46 მილიონზე მეტი არ დაჯდებოდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული 80 მილიონს კი “გაბერილად” მიიჩნევენ.
“რაც შეეხება აუქციონზე შენობის საწყის ფასს, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც შემოგვთავაზა ინვესტორმა. ინვესტორის შემოთავაზებული ფასი არის 25 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს აღნიშნული ქონების შეფასება და ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით ყველაფერზე”, – აცხადებს ექკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
ყველაფერზე ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება “ქართუ” ფონდსაც. სწორედ ის გაუწევს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ორგანიზებას. როგორც ფონდში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა როდის და კონკრეტულად სად აშენდება უნივერსიტეტი, რამდენ სტუდენტზე იქნება გათვლილი და როდისთვის გაიხსნება. ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მშენებლობის ადგილი თბილისია, გათვილილია დიდი რაოდენობით სტუდეტებზე, მშენებლობაზე დაიხარჯება მილიონები და ის “ათჯერ და ოცჯერ უკეთესი იქნება ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პროექტი იყო”.
ეკა არის© წივწივაძე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება