GE

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ყველაზე მაღალი შენობიდან დაწუნებულ იდეამდე

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აღარ აშენდება. ამის შესახებ aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განუცხადა.
თამარ სანიკიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხი აღარ განიხილება.

“ის რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო მილენიუმის პროგრამის მიხედვით დაფინანსებული პროექტი – სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს იყო წინა მთავრობის იდეა, რომელიც მილენიუმმა დაიწუნა, როგორც არამომგებიანი და არარელევანტური. ეს იდეა ჩვენ აღარ განგვივითარებია. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აღარ წარმოადგენს განხილვისა და პრიორიტეტის საგანს”–განაცხადა განათლების მინისტრმა.

ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე კი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირწმუნებოდა, რომ თამარ სანიკიძესთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ–ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმის ნაცვლად, თბილისში გახსნილიყო. უნივერსიტეტს გიორგი მარგველაშვილმა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაც კი დაუთმო. 2013 წლის გათვლებით უნივერსიტეტის გახსნა 2014 წელს იყო დაგეგმილი.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც დღეს მხოლოდ იდეის დონეზე და სახელის ამარა დარჩა 2012 წელს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ უკვე გახსნა. ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა – “ეშმაკის ბორბლით”, მალევე გახდა კრიტიკისა და განსჯის საგანი. 200 მეტრის სიმაღლის შენობას პირველ ეტაპზე 200 სტუდენტი უნდა მიეღო. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, შენობა უნივერსიტეტისთვის და სასწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარი იყო. 37 სართულიან შენობის მშენებლობაში წინა მთავრობამ 40 მილიონი ლარი დახარჯა.

“ამ უნივერსიტეტში ჩვენ ძალიან დიდ ფულს ჩავდებთ. იმისთვის, რომ ტექნოლოგია განვითარდეს. ამ პროექტში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩაიდება. ამერიკის მთავრობასთან ერთად, ეს უნივერსიტეტი რამდენიმე წელიწადში შეძლებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტების გამოუშვას,”–აცხადებდა 3 წლის წინ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ქართულ–ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები უნდა ყოფილიყო. ამ მიმართულებებზე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორანტების ხარისხის გაცემა იგეგმებოდა. იქმნებოდა სამოქალაქო ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, გამოყენებითი ფიზიკა და მათემატიკის, ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტები.

მიხეილ სააკაშვილი თვადაც აღნიშნავდა, რომ ამერიკული მხარე აღნიშნული პროექტით კმაყოფილი არ იყო. თუმცა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკული მხარე პროექტის დაფინანსებაზე დასთანხმდა.

საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების იდეის ავტორად აცხადებდა თავს ყოფილი პრემიერიც. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მან აღნიშნულზე რამდენიმე წელი იმუშავა და იპოდრომის ტერიტორიაში 52 მილიონი მხოლოდ იმიტომ გადაიხადა, რომ იქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აეშენებინა.

“ამ პროექტზე უამრავი ნახაზია გაკეთებული, არქიტექტორებში მილიონზე მეტი მაქვს გადახდილი. ეს ჩემი იდეა იყო და ბოლომდე მივიყან,”– აცხადებდა ყოფილი პრემიერი.

დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა. განათლების სამინისტრო მის განხორციელებაზე უარს აცხადებს.
დასახელებული მიზეზი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იმ ორი შენობის ბედი, რომლებშიც სხვადასხვა დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებაზე იყო საუბარი.

თუმცა, როგორც aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, ბათუმში აშენებულ შენობაში შესაძლოა, სასტუმრო განთავსდეს, ხოლო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ყველაზე მაღალი შენობიდან დაწუნებულ იდეამდე
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ყველაზე მაღალი შენობიდან დაწუნებულ იდეამდე

ეკა არის © წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური