„ბავშვისთვის დიდი სტრესია, როდესაც ხედავს, როგორ ჭამს მისი მეგობარი იმას, რაც მას ძალიან ენატრება“ – სკოლებში უფასო კვების შეტანა კი „დროში გაიწელა“
სკოლებში უფასო კვების შეტანის პროექტის განხორციელება, როგორც ჩანს, გაურკვეველი დროით გადაიდო. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE–მ გაარკვია, უცნობია, როდის შეძლებენ მოსწავლეები სკოლაში საკვები უფასოდ მიიღონ.
„ჩემი ოცნებაა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს“ – ასეთი იყო 2017 წელს მაშინდელი განათლების მინისტრის ოცნება, რომლის განხორციელებაც ნაწილობრივ მოახერხა – რამდენიმე სკოლაში ვაშლები მართლაც დაურიგდათ მოსწავლეებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეს კომპონენტი მაშინ დასრულდა, როგორც კი მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
2019 წლიდან კი რამდენჯერმე გაჟღერდა საპარლამენტო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში სკოლებში უფასო კვების შემტანა დადგა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა, რადგან ორ წელზე მეტია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნული პროექტის განხორციელება დააანონსა და შესაბამისი უწყებები ამუშავდნენ.
EDU.ARIS.GE რამდენჯერმე ესაუბრა პროცესში მონაწილე მხარეს, UNICEF- ს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა 2021 წლის ნოემბერში EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობდა, რომ შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უფასო კვების პროგრამის ოპტიმალურ მოდელს პრემიერს წარუდგენდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი რამდენიმე თვის წინ გვიყვებოდა, რომ შექმნილია სასკოლო ნუტრიციის სამუშაო მოდელი, რომლის განხილვაზეც იმუშავებს სპეციალური ჯგუფი UNICEF-ის, მთავრობის წარმომადგენლების, დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების შემადგენლობით…
EDU.ARIS.GE კვლავ ეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა სკოლებში უფასო კვების პროექტის განხორციელების საკითხი, წარედგინა თუ არა პროექტი პრემიერს და როდიდან შეძლებენ მოსწავლეები სკოლაში უფასოდ კვებას, თუმცა, ამჯერად, 23 თებერვალს, UNICEF-საგან კითხვაზე რა ეტაპზეა უფასო კვების პროექტი, პასუხად მივიღეთ, რომ “დროში გაიწელა”, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და ახალს ვერაფერს გვეტყვიან.
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სკოლებში უფასო კვებას ბავშვთა ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითი გავლენა აქვს. მაგალითად, აშშ-ის საკვების კვლევისა და მოქმედების ცენტრის მონაცემებით, სკოლებში უფასო საკვები ხელს უწყობს როგორც ბავშვებში ჭარბწონიანობის შემცირებას, ასევე, მათ მიერ უფრო ჯანსაღი საკვების მიღებასა და საკვებთან დაკავშირებული სტრესის კლებას.
სკოლებში უფასო კვება ერთ-ერთ ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის. UNICEF-ის მიერ საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.
EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული სკოლების დირექტორები, მასწავლებელი და მშობელი ამბობენ, რომ სკოლაში უფასო კვების შემოტანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ბავშვებისთვის.
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ მინდაძე მიესალმება სკოლაში უფასო კვების დანერგვას, რადგან მისი აზრით ყველა ბავშვს უყვარს სკოლის ბუფეტში ჭამა. სკოლის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრისთვის “თავის მობმა”, მაგრამ თუ მოხერხდა, სკოლებში მოთხოვნაც არის და მზაობაც.
თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო კაშიასთვის სკოლაში უფასო კვების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული მოსწავლისთვის, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლაში ჯერჯერობით არ არსებობს.
„როგორც კი დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ინფრასტრუქტურაზეც ვიფიქრებთ, რომ შესაბამისად მოვაწყოთ და მოვაწესრიგოთ. ჩვენი სკოლის რეალობიდან გამომდინარე, ბევრი ბავშვი გვყავს და ბუფეტის ფართი პატარაა და არც გვაქვს ადგილი გასაფართოებლად, მაგრამ გამოსავალს მაინც ვიპოვით, რადგან უფასო კვება ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება“, – გვითხრა ნინო კაშიამ.
პედაგოგი ლანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავად იმ ბავშვების სიაში იყო, მოსწავლეობის დროს, სანახევროდ რომ შიოდა. მერე კი იმ მშობლების სიაში გადაინაცვლა, ბუფეტის ფულს იშვიათად რომ ატანდა შვილებს. როგორც მასწავლებელს კი არასოდეს ავიწყდება, რა მწარეა სკოლაში შიმშილი და სხვისი ულუფისაკენ თვალის გაპარება. უნახავს სხვისი, სახლიდან წამოღებული სადილისაკენ გაპარებული მშიერი თვალები და ბუფეტისკენ გაქცეულ ბავშვებს გამოყოფილი ბავშვი, რომელიც უხერხულობისაგან იწყებს დაფაზე ხატვას ან წიგნის ,,კითხვას“. უნახავს, კლასელების მიერ შემოტანილ, ნაყიდ საკვებს როგორ უყურებს ბავშვი და ჯდება მის სიახლოვეს, იმედით, რომ ერთ ლუკმას მაინც მოუტეხავს. მოუსმენია მშობლისთვის, რომელიც კატეგორიულად უმტკიცებდა, რომ შვილს სკოლაში ფულს არ ატანდა, რადგან მას დილით კარგად აჭმევდა. მასწავლებელი კი ხედავდა, სწორედ ამ ბავშვს როგორ შიოდა…
შორენა გვირჯიშვილს, რომელიც ორი მოსწავლის მშობელია, მიაჩნია, რომ სკოლაში უფასო კვების შემოღება ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მშიერი ბავშვის გონება ვერც მოსმენილ გაკვეთილს ითვისებს და ჯანმრთელობასაც იზიანებს. ისიც იმ მშობლების სიაშია, შვილებს ყოველდღიურად რომ ვერ ატანს საკვების ფულს.
„ბავშვს არ შეუძლია გააცნობიეროს, რატომ აქვს მის კლასელს ფული საკვებისთვის და მას არა, რაც არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ასევე, ბავშვისთვის დიდი სტრესია, როდესაც ხედავს, როგორ ჭამს მისი მეგობარი იმას, რაც მას ძალიან ენატრება, რადგან ბევრ ბავშვს სახლშიც შია. მნიშვნელოვანია ის საკვები ულუფა, რომელსაც სახელმწიფო მოსწავლეებს შესთავაზებს, ჯანსაღი და ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს კარგი იმუნიტეტი ჰქონდეთ. მშიერი ბავშვის დანახვა მასწავლებელზეც მოქმედებს, სწავლის პროცესის მიმართ განწყობაზეც და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზეც“, – ამბობს შორენა გვირჯიშვილი.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება