GE

ბილ გეიტსი: სახელმძღვანელოები სიკვდილის გზაზეა და ნეკროლოგის დაწერის დროა – რას ამბობენ განათლების სპეციალისტები წიგნების ჩანაცვლებაზე?

ბილ და მელინდა გეიტსების ყოველწლიურ წერილში, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა, კაცობრიობისთვის 9 სავარაუდო მოულოდნელობაზეა საუბარი. თუ მათი ეჭვები გამართლება, ერთ-ერთი მათგანი საკლასო ოთახებზეც იმოქმედებს, რადგან გეიტსების თქმით, სახელმძღვანელოები მოძველებულია და მათ მალე კომპიუტერები ჩაანაცვლებს. ბილი ტრადიციულ საკლასო ოთახში თანამედროვე ტექნოლოგიის შემოჭრის გზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ციფრული სწავლება განათლებას უფრო მოსახერხებელსა და ეფექტურს გახდის.

მას მაგალითად ალგებრის გაკვეთილი მოჰყვას და ამბობს, რომ განტოლების წიგნში წაკითხვის ნაცვლად, მოსწავლეებს შეეძლებათ ონლაინ უყურონ მისი ამოხსნების გზებს, ითამაშონ შესაბამისი პროგრამები და გაიაზრონ ის პრინციპები, რასაც წიგნში შეტანილი წესების სახით იზეპირებდნენ. მას შემდეგ, რაც მოსწავლე პასუხს გასცემს მარტივ შეკითხვებს, პროგრამა მას ახალ შეკითხვებს მიაწოდებს.

„მე ძალიან ბევრს ვკითხულობ, მაგრამ ეს შემეცნების საუკეთესო გზა არაა, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. საუკეთესო ტექსტსაც კი არ შეუძლია, გაგარკვიოთ, რა იცით და რაში გჭირდებათ დახმარება. პროგრამული სისტემა კი ბევრად უფრო დინამიკური სწავლა/სწავლების საშუალებას იძლევა.

ბავშვობაში, როდესაც სკოლის გაკვეთილების გარდა სხვა რაიმეს სწავლა მომინდა, ერთადერთი, რაც შემომთავაზეს მსოფლიო ენციკლოპედია იყო. ახლა ინტერნეტში ყველაფერია. ასე რომ, დღეს ცხოვრებისთვის საუკეთესო დროა“, – ამბობს ბილ გეიტსი.

ეს ეხება არა მხოლოდ სკოლებს, არამედ უნივერსიტეტებსაც და გეიტსის თქმით, ონლაინ სასწავლო რესურსები გაზრდის განათლების ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ხარჯებს. თუ გარკვეულ სფეროში ცოდნის მიღების ერთადერთი გზა უნივერსიტეტი იყო, ახლა ეს შესაძლებელი იქნება „იუთუბ-ვიდეობისა“ თუ სხვა საშუალებებით.

პენსილვანიელი პედაგოგი და „ფორბსის“ ონლაინ-გამოცემის ბლოგერი პიტერ გრენი, რომელსაც სკოლაში მუშაობის 39-წლიანი გამოცდილება აქვს, იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც სახელმძღვანელოებისთვის ნეკროლოგების დაწერას ნაადრევად მიიჩნევს:

ღირებულება

სკოლები ყიდულობენ წიგნებს და რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებენ მათ. პროგრამული უზრუნველყოფა კი ყოველწლიურ ლიცენზიასა და განახლებას მოითხოვს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს რომ სკოლას ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი „სახელმძღვანელოების“ შეძენა მოუწევს და ეს მოსწავლეებს ძვირი დაუჯდებათ.

„ონლაინ კითხვა“ არაშთამბეჭდავია

ლიტერატურის პედაგოგისთვის ტექსტის ონლაინ ვერსია თამაშის მსგავსი რესურსია. ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა ფურცელზე წაკითხვას ამჯობინებს და მასალას ამობეჭდავდა, რადგან ისინი აკეთებენ შენიშვნებს წიგნში. ამას გარდა, ტექსტი მკითხველზე ფურცლიდან უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე კომპიუტერის ეკრანიდან.

ონლაინ-სწავლების ინსტრუქციების ნაკლებობა

წარმოიდგინეთ პედაგოგი, რომელიც კლასის წინაშე გაკვეთილს ხსნის. დასასრულს მოსწავლე ხელს წევს და ამბობს, რომ რაღაც ვერ გაიგო. პედაგოგი პასუხობს, „კარგი,კვლავ გავიმეორებ“  და თავიდან იწყებს საუბარს ზუსტად ისე, როგორც პირველ ჯერზე. ეს პედაგოგის იდეალი არაა, რადგან როცა მოსწავლემ რაღაც ვერ გაიგო, მასწავლებელმა სხვანაირად უნდა აუხსნას მასალა. ამას კი ვიდეო ვერ გააკეთებს. შეგვიძლია, ვიდეო გადავახვიოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგვინდება, მაგრამ ის ტაქტიკას არ შეცვლის და კონცეფცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტექსტის წაკითხვის დროს.

გეიტსი თავადვე მიუთითებს ხელოვნური ინტელექტის არასრულყოფილებაზე. „ თუ მოსწავლემ რაღაც ვერ გაიგო, პროგრამა ქმნის ახალ ინტელექტუალურ კითხვებს“ , – ამბობს ის. მაგრამ ვიქტორინა არ არის ახსნა.

გადაჭარბებული დაპირებები

თავის წერილში გეიტსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პროგრამა შეძლებს დაგვანახოს, მოსწავლეებისთვის გაუგებარი მასალა და უკეთესად აუხსნას მოსწავლეს ის, რაც წინა ღამით წაიკითხა. ეს მართლაც გადაჭარბებული დაპირებებია, რადგან პედაგოგები წლების განმავლობაში ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება მოსწავლის ტვინში და ამის მოგვარება პროგრამას ერთ ღამეში შეეძლება?

არ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ტექნოლოგიას აქვს სახელმძღვანელოების შევსების და სკოლებში გამოყენების პოტენციალი, ის მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი რესურსი გახდება და სწავლების გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, პედაგოგს თავადვე შეეძლება ახალი პროგრამების შექმნა, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ“,- ამბობს პიტერ გრენი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური