GE

„ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“- სტუდენტური პროექტი CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა სტუდენტური პროექტი „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დაიწყო. პროექტის დეტალებზე საუბრობს ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი.

– რა არის პროექტის მიზანი და თემატიკა?

– პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებასა და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. ამასთან ერთად, ჩვენი დიდი სურვილი არის ის, რომ აღნიშნულ კვლევებს ჰქონდეს პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, კვლევის მიმართებად შევარჩიეთ ბიზნეს საზოგადოებისთვის მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემატიკა, მჭიდროდ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან.

ესენია: საცალო ვაჭრობის ასოციაცია, დისტრიბუციის ასოციაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და USAID სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა. პროექტის შეთანხმებული თემატიკაა სურსათის დანაკარგების მენეჯმენტი – სურსათის დანაკარგების შემცირება, ნარჩენების გამომუშავების შემცირება, პრევენცია, გადამუშავება და ხელახალი გამოყენება.

– რას გულისხმობს პროექტი?

– პროექტის პირველი ეტაპი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური კვლევაა. ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისგან შერჩეულია ხუთი გუნდი, მათ ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები და შემდეგ, განხორციელდება სამ კვირიანი ექსპრეს კვლევა. კონკურსის ბოლოს მოხდება კვლევის შედეგების განხილვა და ჩატარდება იდეათონი, სადაც თავად მონაწილეები შეეცდებიან შესთავაზონ სექტორს დადგენილი პრობლემების გადაჭრის გზები. პროექტს ხელმძღვანელობს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია, ხოლო ჟიურის წევრები იქნებიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯმენტის მაღალი რგოლის წარმომადგენლები.

პროექტის მეორე ეტაპი, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა, განხორციელდება შემოდგომაზე, თანამშრომლების, აკადემიური და მოწვეული პერსონალისა და სხვა ფაკულტეტების წარმომადგენლების ჩართულობით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური