GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) პირველად გაიმართა „თეთრი ხალათების“ ცერემონია, რომელიც ატარებს სიმბოლურ დატვირთვას იმ სტუდენტებისთვის, ვინც ასრულებს საბაზისო სწავლებას და კლინიკური სწავლების ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში გადადის.

უნივერსიტეტის მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუდენტურ ასოციაცია MEDMARK CIU-ის მიერ, მედიცინის ფაკულტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„თეთრი ხალათების“ ცერემონიას საფუძველი 1989 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაეყარა, ხოლო 1993 წელს, პირველად ჩატარდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. ღონისძიება მომავალი ექიმებისთვის მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს.

CIU-ში ჩატარებულმა ცერემონიამ 100-მდე სტუდენტი დააკავშირა. თეთრი ხალათის მიღება პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკის სიმბოლოს წარმოადგენს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე, დეკანის მოადგილე ნანა ჯანაშია, ასევე აკადემიური პერსონალი.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ცერემონიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები აძლიერებს პროფესიულ თვითშეგნებას და მომავალ ექიმებს მოტივაციას უმაღლებს.

„თეთრი ხალათი, რომელსაც დღეს იღებენ ჩვენი სტუდენტები, არის მეტი, ვიდრე მხოლოდ უნიფორმა, ეს არის სიმბოლური ატრიბუტი, რომელიც განასახიერებს რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს. პირველ რიგში, მისი თეთრი ფერი სიმბოლოა სიწმინდის, სიმართლისა და გამჭვირვალობის – ეს ასახავს იმ მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, რომელსაც უნდა ემსახურებოდნენ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები. ხალათი წარმოადგენს ნდობის ნიშანს – იმ ნდობისა, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს ექიმებს, რათა მათ მიანდონ ყველაზე ძვირფასი – მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – აღნიშნა მაგდა თორთლაძემ.

ცერემონიასთან დაკავშირებით ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლაშა გულბანმა და აღნიშნა, რომ „თეთრი ხალათების“ ცერემონია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დამკვიდრებული ტრადიციაა:

„ფაქტი, რომ ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა CIU-ში, განსაკუთრებით დასაფასებელია. სტუდენტებმა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს ორგანიზება. რაც უფრო ხშირად გავუსვამთ ხაზს ექიმის პროფესიის მნიშვნელობას, მით უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგებიან სტუდენტები სამედიცინო საქმიანობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია და მათთვის მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლე უკავშირდება“.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა და MEDMARK CIU-ის წევრმა, მოჰამად ბარაკეტმა:

„დღეს ვართ შეკრებილი CIU-ის პირველი „თეთრი ხალათების“ ცერემონიის აღსანიშნავად. ეს არის გარდამავალი ეტაპი, როდესაც სტუდენტები თეორიიდან გადადიან ნამდვილ კლინიკურ ცხოვრებაში. მეექვსე სემესტრის დაწყებასთან ერთად, ისინი იწყებენ როტაციებს და პირველად შედიან სამედიცინო პრაქტიკის რეალურ გარემოში“.

მან ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ერთობლივ ძალისხმევას:

„ღონისძიებისთვის ორი თვის განმავლობაში 40-კაციანი სტუდენტური გუნდის მონაწილეობით ვემზადებოდით. სტუდენტებმა აჩვენეს, რომ გუნდური ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია სასურველი მიზნის მიღწევა. მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს, სპონსორებს და განსაკუთრებით ჩვენს დეკანს, პროფესორ მაგდა თორთლაძესა და დეკანის მოადგილეს, ქალბატონ ნანა ჯანაშიას მხარდაჭერისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა ერთობლივად ექიმის ფიცი წარმოთქვეს. ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური ჯილდოებიც გადაეცათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს თეთრი ხალათების მიღებას და პროფესიულ გზაზე წარმატებას უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური