GE

ბოლო დღე მშობლიურ სკოლაში – როგორ მოვემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის

დღეს, 19 მაისს, საქართველოს სკოლების უმეტესობაში ბოლო ზარი დაირეკა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ცხოვრების ერთ-ერთი ამაღელვებელი ეპიზოდი ჰქონდათ – ბოლო დღე მშობლიურ სკოლაში.

მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ როცა სკოლის მოსწავლე ხარ, შენი ცხოვრება ერთნაირი დღის რუტინით მიმდინარებს და თუ უქმე დღეებს ან არდადეგებს არ ჩავთვლით, ყოველდღიურობას სასკოლო კალენდარი მართავს, რომელიც ერთგვარი გეგმაა, რა უნდა გააკეთო. როცა სკოლას ასრულებ ეს გეგმაც ქრება და მას  ახალი გეგმა ანაცვლებს. როგორც წესი, შეჩვეულის გადაჩვევა მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სიახლეები აშინებს ან მათთან ადაპტაცია უხანგრძლივდება.

EDU.ARIS.GE ამ საკითხებთან დაკავშირებით, ფსიქოლოგს კარიერულ კონსულტანტსა და მენტორს, ბაჩო კეკუსაძეს ესაუბრა. რესპონდენტი გვიხსნის, “რა ხდება ჩვენს თავში”, როცა სასკოლო კალენდარი აღარ გვმართავს და სრულიად ახალ რეალობას, გამოწვევებს ვეგუებით; რა ფსიქო-სოციალური პროცესი მიმდინარებს ამ დროს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიახლის მიმღებლობის პროცესში გაჩენილ სტრესს.

– გვითხარით, როგორ იცვლება მოსწავლის ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, როცა ის სკოლას ასრულებს და სრულიად სხვა დღის წესრიგის შემუშავება უწევს?

– დიახ, მოსწავლის ფსიქო-სოციალური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ის ასრულებს სკოლას და გადადის ცხოვრების სხვა ფაზაში, ახალი პასუხისმგებლობებითა და გამოწვევებით. ეს იმიტომ ხდება, რომ სკოლიდან  პროფესიულ, ან უმაღლეს განათლებაზე გადასვლა იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ინდივიდის ყოველდღიურ რუტინასა და სოციალურ ურთიერთობებში. მაგალითად, სკოლის წლებში, მოსწავლეებს, როგორც წესი, აქვთ სტრუქტურირებული განრიგი, რომელიც დიდწილად ნაკარნახევია მათი აკადემიური და კლასგარეშე აქტივობებით. მათ, ასევე შეიძლება, ჰქონდეთ კარგად განსაზღვრული სოციალური წრე, რომელიც ტრიალებს თანაკლასელებთან და სკოლასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს ახალ გარემოსთან ადაპტირება მოუწევთ.

– მათ, ვისაც უჭირთ სიახლეებთან ადაპტირება, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ?

– ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სიახლეებთან ადაპტაცია, შესაძლოა, რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით სტუდენტები, რომლებიც გადადიან განათლების ერთი საფეხურიდან მეორეზე. მაგალითად, განათლების ახალ საფეხურზე გადასვლა ნიშნავს ახალ ადამიანებთან შეხვედრას, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ადაპტაცია უჭირთ, შესაძლოა, გაუჭირდეთ ახალი მეგობრების შეძენა და მოუწევთ ებრძოლონ სოციალურ ინტერაქციას, რათა თავი აარიდონ დეპრესიასა და მარტოობის მწვავე განცდას.

– როგორი შეიძლება იყოს ცხოვრების ახალ ეტაპთან შეჩვევის პროცესში ერთგვარი მინიშნებები, სიმპტომები, რომელიც სკოლის კურსდამთავრებულს აფიქრებინებს, რომ წარმატებით, ან წარუმატებლად დაძლია ეს გამოწვევა?

– სიმპტომები, შესაძლოა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური სახით გამოვლინდეს. მაგალითად, გამოწვევის წარმატებით გადალახვის სიმპტომებია: მიღწევის განცდა, რმომელიც გამოიხატება სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობით. გაზრდილი თავდაჯერებულობა, როდესაც წარმატებით გადალახავენ გამოწვევას, ისინი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ საკუთარ შესაძლებლობებში. ახალი შესაძლებლობები, ყოველი გამოწვევის გადალახვა, ახალ შესაძლებლობას უღებს კარს.

გამოწვევის წარუმატებელი დაძლევის სიმპტომებია მაგალითად, იმედგაცრუების გრძნობა. ეს სიმპტომი თავს იჩენს მაშინ, როცა ვინმე ვერ შეძლებს გამოწვევის დაძლევას. უარყოფითი გამოხმაურება გარემოცვიდან, როდესაც იღებთ ხანგრძლივ კრიტიკას, ესეც შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ვერ გადალახე გამოწვევა და ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის, გარემოცვის მხარდაჭერასა და სწორ დამოკიდებულებას. აქვე, საგულისხმოა: შფოთვა, სტრესიც და მრავალი სხვა.

– რას ურჩევდით მომავალ სტუდენტებს, გამოწვევები მათ ყოველთვის ექნებათ…

– რა თქმა უნდა, მომავალ სტუდენტებს, ექნებათ, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ცხოვრებისეული გამოწვევებიც. მნიშვნელოვანია, იყვნენ მოტივირებული და კონცენტრირებული საქმეზე. ნურასოდეს შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის, როცა ეს გჭირდებათ და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს თქვენი პროფესორი, მასწავლებელი, თანატოლი თუ სხვა ადამიანი. გონივრულად მართეთ თქვენი დრო და ისწავლეთ საქმეების პრიორიტეტიზაცია.

– არსებობს კონკრეტული გზა? როგორ მოვემზადოთ სკოლის შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისათვის?

– ახალ ეტაპზე გადასვლისას, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ იყვნენ კომუნიკაბელურები, რადგან ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის საუკეთესო გზა ღია კომუნიკაციაა. დაისახეთ რეალისტური მიზნები და იბრძოლეთ ამ მიზნების მისაღწევად. იმუშავეთ კავშირების დამყარებაზე (Networking). ეცადეთ, ირგვლივ შემოიკრიბოთ თქვენს სფეროში წარმატებული ადამიანები. კავშირების დამყარება ბევრ რამეში დაგეხმარებათ, რჩევების მიღებიდან დაწყებული, სამსახურის პოვნით დასრულებული. და ბოლოს, ყოველთვის ეცადეთ, განაახლოთ თქვენი უნარები. განსაზღვრეთ ის უნარები, რომლებიც გჭირდებათ ამ ახალ ეტაპზე წარმატების მისაღწევად და იმუშავეთ მათ გაუმჯობესებაზე.

ასევე იხილეთ:

„ლექტორი რომ გეტყვით, ეს წიგნი მინდაო, მაშინვე არ იყიდოთ“ – გამოცდილი სტუდენტების რჩევები პირველკურსელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური