რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია ორი წლის განმავლობაში და რა სამუშაოები შეასრულა განათლების ხარისხის ცენტრმა 2024 წელს – დეტალები
“2023-2024 წლებში ავტორიზაცია გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ”, – წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც უწყების მიერ 2024 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიშს მიეძღვნა.
გარდა ამისა, ხარისხის ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას როგორც სხვა (უმაღლესი და პროფესიული) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციების თაობაზე, ასევე სხვადასხვა სტატისტიკას და დაგეგმილი თუ დანერგილი სიახლეებისა და შემუშავებული დოკუმენტების თაობაზე.
EDU.ARS.GE 14 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
ცენტრის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით:
2021-2023 წლის პერიოდზე შემუშავდა ცენტრის სტრატეგიის შუალედური შეფასება. აღნიშნული შეფასება ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივმა კონსულტანტმა. აქტივობის ფარგლებში, მიზნებისა და ამოცანების მიხედვით, შეფასდა მიმდინარე სტრატეგია და გამოვლინდა გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები. შეფასების დოკუმენტში ასახულია ცენტრის მიღწევები, საუკეთესო პრაქტიკები და შეთავაზებულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაციები. ცენტრი შედეგებს გამოიყენებს განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ახალი ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებისას;
ცენტრის ინიციატივით, ENQA- ექსპერთა რეკომენდაციების საპასუხოდ ცვლილებები შევიდა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ცენტრის დებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვან ზრდას, ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურების მკაფიოდ დადგენას და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ უფრო მეტი მმართველობითი ფუნქციებით აღჭურვას.
2024 წელს სრულად დაინერგა თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა. შეფასების წესის თანახმად, შეფასებას დაქვემდებარებულია თანამშრომლების 100%;
განხორციელდა ცენტრის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა 5 მიმართულებით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების გეგმური მონიტორინგის სერვისი; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სერვისი; ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პირველი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ჩატარებული ტრენინგები; უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების სერვისი. მეთოდოლოგიის შესაბამისად შეგროვდა მონაცემები, გაანალიზდა და მომზადდა კვლევის ანგარიშის დოკუმენტები;
ბიზნესპროცესების განახლებული ნუსხის შესაბამისად, მიმდინარეობდა მუშაობა მათ აღწერაზე. 60 ბიზნესპროცესიდან მიმდინარე წელს აღიწერა 42 ბიზნესპროცესი, დარჩენილი პროცესების აღწერა 2025 წელს დასრულდება.
ცენტრის ინტერნაციონალიზაციის მიმართულება:
2024 წელს ცენტრი გახდა პროფესიული მომზადების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB) წევრი ორგანიზაცია. EVBB წარმოადგენს პროფესიული მომზადების ინსტიტუტების ევროპულ ასოციაციას, რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების ხარისხობრივი გაუმჯობესება ევროპის ქვეყნებში და ევროპულ დონეზე. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით. ასევე, ის ხელს უწყობს ასოციაციის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას;
მოხდა “უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის რატიფიცირება. კონვენციის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით, რეგიონთაშორისი ინიციატივების, პოლიტიკისა და ინოვაციების მხარდაჭერა;
ცენტრის სტრუქტურული ერთეულები აქტიურად იყვნენ ჩართულები ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფებში. კერძოდ, ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვალიფიკაციების განვითარების, დიპლომის აღიარების, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, სწავლა-სწავლებისა და სოციალური განზომილების სამუშაო ჯგუფებში.
ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიისა და იტალიის ENIC-NARIC ცენტრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში, რომელიც უზრუნველყოფდა ENIC-NARIC ცენტრებში აღიარების პროცედურების გაუმჯობესების სტანდარტებისა და გაიდლაინების კონცეფციების შემუშავებას. პროექტი ეფუძნება ლისაბონის აღიარების კონვენციის (LRC) კრიტერიუმებს. პროექტის ფარგლებში მომზადდა ცენტრის თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც 6 სტანდარტისაგან შედგება. თვითშეფასების განხილვა უცხოელი კოლეგების ჩართულობით განხორციელდა. საბოლოო ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს ცენტრი სამომავლო საქმიანობაში გაითვალისწინებს.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (QAA) შორის;
განახლდა მემორანდუმები ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) და ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის.
ცენტრში არსებული საგანმანათლებლო სერვისების განვითარება:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება – 27,190 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით;
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – 20,156 დოკუმენტი;
- ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა – 14,013 დოკუმენტი;
- საქართველოში გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება – 2,001 დოკუმენტი;
- უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ ცნობა – 586 დოკუმენტი;
- ლიკვიდირებულ, ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება -109 დოკუმენტი;
- ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება – 4 დოკუმენტი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარება – 20 დოკუმენტი;
- ოკუპირებული ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება – 2 დოკუმენტი;
უმაღლესი განათლების და პროფესიული განათლების დამადასტურებელი 79 დიპლომის მომზადება; - ენობრივი სისწორის თვალსაზრისით, ცენტრის მიერ დამუშავებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის პროექტი – 113 დოკუმენტი;
- საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება – 5 დოკუმენტი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულება:
2024 წელს, დამტკიცდა ავტორიზაციის განრიგი, რომლითაც განისაზღვრა 2025-2030 წლამდე პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის რიგითობა. განრიგი დაეფუძნა 2023 წელს დაწესებულებების მიერ განხორცილებული დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგების ანალიზს. შესაბამისად, 2025 წლის განმავლობაში ავტორიზაციის პროცესს პირველად გაივლის 240 საბავშვო ბაღი;
2024 წელს, ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა ექსპერტთა კორპუსის და ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და ვორქშოპები სტანდარტებით გათვალისწინებულ შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებზე;
6 დაწესებულებაში განხორციელდა სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი, რომლის შედეგებიც ცენტრმა გამოიყენა ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარებისთვის;
დაწესებულებების მხარდაჭერის ფარგლებში მომზადდა 12 მეთოდოლოგიური დოკუმენტი;
ყველა დაწესებულების წარმომადგენელი გადამზადდა ავტორიზაციის I და III სტანდარტებით გათვალისწინებულ საკითხებში.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულება:
2024 წელს 113-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია. 2023-2024 წლებში ავტორიზაცია გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით;
ჩატარდა ტრენინგები ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლებისთვის თემაზე – ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა“;
ჩატარდა ტრენინგი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის თემაზე; ,,ავტორიზაციის მექანიზმის ფარგლებში პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა.“
განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.
განხორციელდა Cambridge International Education – ის საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის – Cambridge Pathway – ის ხელახალი აღიარება, რომლის საფუძველზე აგვისტოს თვეში გაფორმდა ხელშეკრულება ცენტრსა და Cambridge International Education – ს შორის.
2024 წელს განხორციელდა ამერიკული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის – American International Accreditation Protocol აღიარება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელშეკრულება გაფორმდა ცენტრსა და Cognia – ს ორგანიზაციას შორის.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულება:
2024 წელს, ავტორიზაცია გაიარა სამმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (ახალი კოლეჯები);
ასევე, 21-მა (20 საჯარო და ერთი კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება;
განხორციელდა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი ვიზიტები, რომელმაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობება მისცა პროფესიული პროგრამების განმახორციელებლებს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ მათ ინსტიტუციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკები;
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის პროცესში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით გრძელდება პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის შეფასება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორების მიხედვით. დღესდღეობით მიმდინარეობს რვა EQAVET ინდიკატორის ავტორიზაციის სტანდარტებში ინტეგრირების პროცესი (ჯამში EQAVET ინდიკატორები მოიცავს 10 ინდიკატორს);
2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოველწლიური 360 გრადუსიანი თვითშეფასების ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესის მხარდაჭერა. 2024 წლის განმავლობაში განხორციელდა აღნიშნული ელექტრონული სისტემის პილოტირება 76 დაწესებულებაში.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულება:
2024 წელს კლასტერული შეფასება გაიარა და აკრედიტაცია მიენიჭა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების 22 კლასტერს (100 – მდე უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამა). ინდივიდუალური შეფასება გაიარა და აკრედიტაცია მიენიჭა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 70 – მდე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას. ავტორიზაცია გაიარა 25-მა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებამ;
ცენტრის მიერ განხორციელებული საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის შედეგად, უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3 უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია;
მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდა სადოქტორო პროგრამების შეფასების ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა და დოკუმენტი დამტკიცდა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, რომელიც ადგენს სპეციფიურ კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს სადოქტორო პროგრამების ხარისხიანი შეფასებისთვის, რითაც უზრუნველყოფს სამეცნიერო – კვლევითი კომპონენტის განვითარებას უნივერსიტეტებში. ამ მიმართულებებით ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება კავშირშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან;
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საბაკალავრო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება და ამ მიმართულებებით ცენტრის მონაწილეობით შემუშავდა სწავლის სფეროების ჩამონათვალი, რომელშიც შესაძლებელია ელექტრონული სწავლების განხორციელება და კრედიტების განაწილების წესი და პირობები. კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მოიპოვებს. ელექტრონული ფორმით საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შემუშავებისა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში შეფასებისთვის, დაწყებულია მუშაობა აკრედიტაციის სტანდარტებში ელექტრონული სწავლების სფეციფიური შეფასების კომპონენტებისა და ინდიკატორების ინტეგრირებაზე;
კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულელებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ არანაკლებ 180 კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები (ბიზნესისა და ადმინისტრირების და ხელოვნების სწავლის სფეროებში) და არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისთვის, არა მხოლოდ აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების EMBA პროგრამებისთვის. განისაზღვრა აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის განსხვავებული წინაპირობები, რაც გულისხმობს, რომ ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
კვალიფიკაციების განვითარების მიმართულებით:
2024 წელს დაიწყო და 2025 წელს გაგრძელდება კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შემუშავების პროცესი. აღნიშნული აქტივობის დასრულება უზრუნველყოფს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების გამჭვირვალობას, რომელიც თავის მხრივ ასევე შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის შეუფერხებელ, ნაკლებად ბიუროკრატიული პროცესებით აღიარებას.
2024 წელს დაიწყო და 2025 წელს გაგრძელდება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული პროცესის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. მოცემული აქტივობა მნიშვნელოვანია რათა, მოხდეს ეროვნულ დონეზე არსებული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის თავსებადობის დადგენა ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განახლების მიმართულებით. შესაბამისად, 2024 წლის მდგომარეობით ჯამურად უკვე შემუშავებულია 60 დარგობრივი მახასიათებელი, აქედან, 2024 წელს შემუშავდა და დამტკიცდა 16 დარგობრივი მახასიათებელი.
ასევე იხილეთ:
ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში
- რომელი უნივერსიტეტების პროგრამებზე იმსჯელებს 30 დეკემბერს აკრედიტაციის საბჭო by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე by ARIS.GE-განათლება