„ბოლო დღეს გაკეთებული საქმის, პირდაპირ გეუბნებით – არ მჯერა“, – მიხეილ ბატიაშვილი გრიფირებაზე
„სისტემურ დარღვევებს გრიფირების პროცესში პირველივე დღიდან ვხედავთ და ვამბობდით. არ შეიძლებოდა პროცესის მიყვანა ბოლომდე, როდესაც ამისთვის სამი წელი იყო“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დღეს გაკეთებული საქმე არადამაჯერებელია.
„საკმაოდ აქტიურ ფაზაშია გრიფირება და პირობა დავდეთ, რომ სექტემბრის ბოლოს უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. ჩვენი აუდიტის სამსახური, ჩემი მითითებით, პირველივე დღიდან ჩართულია და ეს პროცესი, როგორც უკვე გითხარით, თვის ბოლომდე დასრულდება. აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვენოს რა დარღვევები იყო. თუმცა, ახლავე გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს პირველივე დღიდან ვხედავთ და ვამბობდით. არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლომდე, როდესაც სამი წლის განმავლობაში ცოტა გაუგებარი სისტემითა და კოორდინაციით ხდებოდა საქმე, და ბოლო დღეს გაკეთებული საქმის პირდაპირ გეუბნებით, რომ არ მჯერა. არ მჯერა იმ საქმეების, რომლებიც ბოლო კვირებში კეთდება. დღეს გვიწევს ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენს სამსახურებს, მათ შორის. დღეს ვინც ბეჭდავს [წიგნებს] გმირობას ჩადის, იმიტომ რომ 24 საათის რეჟიმში ბეჭდავს და ეს არანორმალური პირობებია, და არ უნდა გვიწევდეს, როცა სამი წელი ამისთვის გვაქვს. დღეს ვაკონტროლებთ იმას, რომ სკოლებში შევიდეს პირველიდან – მე- 6 კლასამდე წიგნები, რომელიც ასე რომ ვთქვათ, გმირობის ტოლფასამდე უნდა ავიყვანოთ, რომელიც არასწორია პირდაპირ რომ ვთქვათ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა გრიფირებას მისი გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ეხება არამხოლოდ მოადგილეებს, არამედ მთლიანად სისტემას.
„გრიფირების ნაწილი არის ერთი ნაწილი, ჩვენ სხვა მიმართულებითაც ვსწავლობთ პრობლემებს. მოადგილეების ნაწილი იქნება თუ სხვა სამსახურების თუ ა.შ. მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენ რეფორმებისთვის უნდა გვყავდეს შესაბამისი კადრები და შესაბამისი კოორდინაცია უნდა გვქოდეს სამსახურების. მე არ მჯერა, რომ ასეთი დანაწევრებული, არაკოორდინირებული და არაეფექტური გუნდებით შესაძლებელია ესეთ პირობებში რეფორმების განხორციელება“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, დადგება თუ არა მინისტრის ყოფილი მოადგილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ბატიაშვილის განმარტებით, ყველაფერი აუდიტის დასკვნაზეა დამოკიდებული.
მედიის კითხვას, მინისტრსა და მის ყოფილ მოადგილე თეიმურაზ მურღულიას შორის აზრთა სხვადასხვაობის არსებობის შესახებ, ბატიაშვილი პასუხობს, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და პრობლემას ვერ ხედავს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება