GE

CaBOL – კავკასიის ცოცხალი სამყაროს ბარკოდირების ქართულ-გერმანული პროექტი ილიაუნის კოორდინირებით

კავკასია მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ცხელი წერტილია და ცხოველთა და მცენარეთა სახეობების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა.

CaBOL-ი, კავკასიის ცოცხალი სამყაროს ბარკოდირების პროექტი, დააფინანსა გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტრომ და მას კოორდინირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს გერმანელ პარტნიორებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში, 3 წლის მანძილზე, დაგეგმილია 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრები და პროექტში ჩართული სტუდენტები მოგვითხრობენ პროექტის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე.

დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი:

– ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო პროექტებით გამოირჩევა. დღეს ვისაუბროთ უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ – Cabol: კავკასიის ცოცხალი სამყაროს ბარკოდირების პროექტზე. როდის დაიწყო მასზე მუშაობა და რა მიზანს ისახავს პროექტი?

– 2017 წელს, როდესაც საქართველო, როგორც ასოცირებული წევრი, შეუერთდა ევროკავშირს, გერმანიის მთავრობამ გამოგზავნა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული დელეგაცია. მიზანი იყო, შერჩეულიყო პროექტი, რომელშიც ჩართული იქნებოდა გერმანული და ქართული მხარე. ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ბერნარდ მიზოფთან ერთად, რომელიც ამ დელეგაციის წევრი იყო, მოვამზადეთ ერთობლივი მოხსენება, რომელმაც ინტერესი გამოიწვია და გარკვეული მოწონებაც დაიმსახურა. წინასწარი პროექტი მცირედ დააფინანსეს. უნდა გვეჩვენებინა, რომ ასეთი თანამშრომლობა სასარგებლო იქნებოდა გერმანული და ქართული მხარეებისთვის. 2018 და 2019 წლებში კინტრიშსა და სტეფანწმინდაში ჩვენს სტუდენტებსა და გერმანელ მეცნიერებთან ერთად მოვაწყვეთ ბიობლიცები – ძირითადად მწერები გამოვიკვლიეთ მოკლე ვადაში. საბოლოოდ კი მოვამზადეთ დიდი, ორმილიონიანი ბიუჯეტის, პროექტი, რომელიც 2019 წელს გერმანიის მთავრობას წარვუდგინეთ, 2020 წელს კი ამ პროექტის დაფინანსება გადაწყდა. ჩვენი ორი ორგანიზაციის გარდა ამ პროექტში ჩართულები არიან: გერმანიის კობლენცის უნივერსიტეტი, გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო გავფართოვდებით. საფოკუსო ორგანიზაციებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბონის ზოოლოგიური კვლევითი მუზეუმი.

ჩვენ, ილიაუნის და ბონის ზოოლოგიურ მუზეუმს 2009-2010 წლებში გვქონდა პირველი საერთო პროექტი, რომელსაც ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებდა. მის ფარგლებში გარკვეული სამეცნიერო კვლევები ჩატარდა და გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ან განვითარებულიყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი. ილიაუნიში თავიდანვე მიზნად ვისახავდით საქართველოში ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ევოლუციური კვლევების განვითარებას, რომლითაც მსოფლიო დონეზე გავიდოდით. საკმაოდ კარგ შედეგებსაც მივაღწიეთ, დღეს, როდესაც სკოპუსის ან isiwebofknowledge-ზე მონაცემთა ბაზებს ვამოწმებთ, ვხედავთ, რომ არის მთელი რიგი მიმართულებებისა, რომლებშიც ილიაუნის კვლევები განსაკუთრებით ციტირებული და ხშირია. ასეთი მიმართულებებია, განსაკუთრებით, კონსერვაციული ბიოლოგია, ევოლუციური ბიოლოგია, ეკოლოგია, ზოოლოგია და ბოტანიკა. ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა არ რჩება, ამიტომ გვეხმიანებიან საერთაშორისო ინსტიტუციები და მეცნიერები.

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ბიომრავალფეროვნებას უკავშირდება. კერძოდ, სერიოზული პრობლემაა მწერების შემცირება, რაც კატასტროფაა, რადგან მათი როლი ბუნებაში ძალიან დიდია. შეიძლება მსოფლიოს მიერ მიღებული ზომები ამ დანაკარგების შესამცირებლად არაეფექტურია. არაეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზია ბუნებაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და კავშირების არასაკმარისი ცოდნა, სუფთა სამეცნიერო ინფორმაცია. დღეს დედამიწაზე აღწერილია დაახლოებით ორი მილიონი ცხოველისა და მცენარის სახეობა, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 5-ჯერ დიდი უნდა იყოს. მათ სრულყოფილად აღწერას და შესწავლას არ ჰყოფნის ზოოლოგების რაოდენობა. თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ბოლო ათწლეულებში მოლეკულურ/გენეტიკური მეთოდების განვითარებამ, კერძოდ, დნმ-ის შესწავლამ, რომელიც დღეს თითქმის ყველა დასავლურ უნივერსიტეტში ხდება. ჩვენს უნივერსიტეტში 2008 წლიდან ფუნქციონირებს გენეტიკური ლაბორატორია,სახელმწიფოში ეს ერთადერთი ლაბორატორია ემსახურება ბიომრავალფეროვნების კვლევის შესწავლას, აქ ვასწავლით და ვამზადებთ სტუდენტებს. მდიდარმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, დაიწყეს სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი. გერმანიაში პროექტი 2012 წელს დაიწყო, თუმცა მის დასრულებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. აღმოჩნდა, რომ მწერების სახეობრივი მრავალფეროვნება, ზოგიერთ, მაგ., ორფრთიანების ან სიფრიფანაფრთიანების ჯგუფში, სამჯერ აღემატება აქამდე აღწერილს. ჩვენი პროექტის მიზანია, გერმანიაში შემუშავებული ეს ეფექტური სქემა საქართველოში და, ზოგადად, კავკასიის რეგიონში გადმოვიტანოთ.

 

– გენეტიკური ბიბლიოთეკები რას გულისხმობს და ჩვენნაირი ქვეყნისა და რეგიონისთვის მსგავსი ბიბლიოთეკების შექმნა რამდენად ხელმისაწვდომია?

– გენეტიკური ბიბლიოთეკების შექმნას ჯერჯერობით მდიდარი ქვეყნები ახერხებენ, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, შევქმნათ საქართველოს გენეტიკური ბიბლიოთეკა, რომელიც მომავალში უამრავ მიზნისთვის გამოდგება – გარემოს დაცვით დაწყებული, დამთავრებული იმის აღმოჩენით, რომელი ცხოველი რომელი ქვეყნიდანაა შემოსული და რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს, ასევე სოფლის მეურნეობისთვის ან დაავადების გავრცელების, ასევე სახეობათა დაცვის თვალსაზრისით, რათა ვიცოდეთ, რამდენად განსხვავდება ჩვენთან არსებული სახეობები სხვა სახეობებისგან. ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების მომზადება ძლიერ სპეციალისტებად როგორც ბიომრავალფეროვნების, ზოოლოგიის, ბოტანიკის დარგში, ასევე თანამედროვე გამოყენებით მოლეკულურ/გენეტიკურ მეთოდებში, რომელიც არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შესწავლისას, არამედ მედიცინაში, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში და ა.შ. გამოდგება.

– კავკასიის ბარკოდინგის პროექტი რამდენწლიანია და რა ეტაპებს მოიცავს ? ახლა რა ეტაპზე ხართ?

– პროექტი სამწლიანია, შემდეგ უკვე ავტონომიურად უნდა გაგრძელდეს. სქემა საკმაოდ მარტივია: ჩვენი გუნდი, რომელიც, ძირითადად, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისგან შედგება, სინჯებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს. უკვე გვაქვს მწერების ასეულობით ათასი ინდივიდი, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მწერების, მოლუსკებისა და მცენარეების აღწერას ეხება, არამედ გარკვეულ ხერხემლიან ცხოველებსაც. შემდეგ ხდება რკვევა – ჩვენი სტუდენტები (რომლებიც საათობრივი ანაზღაურების პრინციპით მუშაობენ), იწყებენ შეგროვებული მწერების ტაქსონომიურ დაჯგუფებას – რიგებამდე და ოჯახებამდე. შემდეგ ჩვენივე სტუდენტები და მკვლევრები არჩევენ ცალკეულ სახეობებს. შემდეგ ამ ორგანიზმებს ვინახავთ, როგორც ვაუჩერს, უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლექციაში. ინდივიდის მცირე ნაწილი, მაგალითად, მწერის ფეხი ან სხვა ცხოველის კუნთის ნაკუწი, გადაეცემა ჩვენს გენეტიკურ ლაბორატორიას, სადაც ხდება სტანდარტული, მიტოქონდრიული გენის დასექვენირება, ანუ ნუკლეოტიდების წაკითხვა, შემდეგ ამ ორგანიზმის ან ინდივიდის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა ხვდება მონაცემთა ბაზაში, სადაც აღწერილია მისი მოპოვების ადგილი, მომპოვებლისა და გამრკვევის გვარები, ფოტოიმიჯი და ა. შ. ეს პირველი საერთაშორისო პროექტია, რომლის მთელი ციკლი საქართველოში ხდება. უცხოელი სპეციალისტები მხოლოდ გარკვეული რჩევებით, პროექტის მენეჯმენტსა და გარკვეული ჯგუფების რკვევაში გვეხმარებიან. შეგროვებას, რკვევის დიდ ნაწილს, გენეტიკურ ანალიზსაც და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. პროექტი 2022 წლამდე გრძელდება, წარმატების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ გაგრძელდეს, მაგრამ პარალელურად თავად უნდა მოვიძიოთ შესაძლებლობები, რადგან ფლორასა და ფაუნას გენეტიკურად სრულად ვერც სამ წელიწადში შევისწავლით და ვერც ხუთში. საქართველოს ფაუნა და ფლორა უფრო მდიდარია, ვიდრე გერმანიის, ჩვენი ქვეყნის ზომის მიუხედავად.

– რომელი საფეხურის სტუდენტებს აქვთ საშუალება გახდნენ პროექტის მონაწილეები და რამდენად დიდია მათი ინტერესი?

– პროექტი ღიაა ყველა საფეხურისთვის, განსაკუთრებით ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის, რადგან დოქტორანტებს, გარკვეულწილად, უკვე აქვთ შერჩეული თემები. იდეა ის არის, რომ ბაკალავრმა, რომელიც ამ კვლევაში ჩაერთვება, სწავლა მაგისტრატურაში განაგრძოს და კვლევას, რომელიც პროექტის დიდი ფრაგმენტია, შემდეგ უკვე დიდი ალბათობით დოქტორანტურაში განაგრძობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი მეცნიერი. მას ხელმძღვანელი ჩვენთან, ილიაუნიში ეყოლება, ასევე თანახელმძღვანელი ეყოლება გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში. მისთვის ეს იქნება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში შესვლის გზა. ჯგუფის ძირითად ნაწილს შეადგენენ მე-2 და მე-3 კურსის ბაკალავრები, რომლებიც ყველაფრისთვის ღია არიან და ყველაფერი აინტერესებთ. როდესაც პროექტის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ, მაშინვე 70-მდე სტუდენტი გამოგვეხმაურა. სამუშაო საკმაოდ მძიმე, ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. საბოლოოდ დაახლოებით 15 სტუდენტის (ნაწილი ბაკალავრები, ნაწილი მაგისტრანტები) ბირთვი შეიკრა. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალი ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ევოლუციური ბიოლოგიის კვლევებს დაუკავშირონ.

ილიაუნიშია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება ბიომრავალფეროვნების მიმართულებით: ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ფართო სპექტრის ამოცანებს იკვლევს, ზღვის ფაუნით დაწყებული, ალპური მცენარეულობის ეკოლოგიით გაგრძელებული და სახეობათა წარმოქმნის ანალიზით დამთავრებული, ზოოლოგიისა და ბოტანიკის ინსტიტუტები. კვლევითი ერთეულების კონსორციუმი, რომელიც სრულყოფილი კვლევის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნულ პროექტში ყველაზე მეტი ეკოლოგიის და ბიოლოგიის სტუდენტები არიან ჩართულები.

– რა შედეგებით დაბრუნდით ვაშლოვანის ექსპედიციიდან?

– ეს უშუალოდ პროექტის ექსპედიცია იყო, რომელშიც ილიაუნის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ერთკვირიანი ექსპედიციის შედეგებს: ფეხსახსრიანებისა და უხერხემლოების რამდენიმე ასეული სახეობა, მცენარეების დაახლოებით 100-მდე სახეობა, ამფიბიისა და რეპტილიის 17 სახეობა. შეგროვებული მასალების ნაწილი უკვე გარკვეულია, დანარჩენის რკვევა ახლა მიმდინარეობს. ვიცი, რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო სახეობაა, მაგალითად, ჩხირულა, რომლის ვაშლოვანში არსებობის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ფორმალურად არავის აღუწერია მისი არსებობა საქართველოს ფაუნაში. ვნახეთ ძალიან საინტერესო ობობა, რომელიც აქამდე მხოლოდ აფხაზეთის მღვიმეებში გვყავდა ნანახი, ასევე ტენის ჭია, საინტერესო და იშვიათი ჯგუფიდან.

შტეფან ოტო, CaBOL-ის პროექტის რეგიონული კოორდინატორი:

– თქვენ ბრძანდებით პროექტის რეგიონული კოორდინატორი. მოგვიყევით, რა იგეგმება პროექტის ფარგლებში?

– CaBOL-ის პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია, დაფინანსებული გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მიერ, განხორციელდება სამი წლის განმავლობაში. მისი მიზანია, შეისწავლოს საქართველოსა და სომხეთის ბუნება. ჩვენ ვაპირებთ 50 000 მცენარისა და ცხოველის ნიმუშის შეგროვებას და მათგან დნმ-ის აღებას, ასევე გვექნება ამ მცენარეებისა და ცხოველების კოლექცია ილიაუნიში. ასევე მიზნად ვისახავთ, ტრენინგები ჩავუტაროთ ილიაუნის სტუდენტებს და სტუდენტებს სომხეთიდან იმის შესახებ, როგორ უნდა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების ბაზისური კვლევა და როგორ იმუშაონ მონაცემთა ბაზასთან, როგორ შეაგროვონ ცხოველები და მცენარეები და შექმნან კოლექცია.

ლიზა ყარალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
და მედიცინის ფაკულტეტზე ეკოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი:

– კონკრეტულად რა როლს ასრულებთ პროექტში? რა აღმოჩენები გააკეთეთ? ხომ არ აღმოგიჩენიათ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთისთვის სრულიად ახალი სახეობა?

– ჩემი მოვალეობაა 2018 წელს კინტრიშში შეგროვებული უხერხემლოების სინჯების იდენტიფიკაციაა. გარდა ამისა, ვმუშაობ ობობების ტაქსონომიაზე. კინტრიშის სინჯები ჯერ რჩევის პროცესშია, ამიტომ კონკრეტული აღმოჩენები ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ, ორი წელია, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ვმუშაობ პუბლიკაციაზე, რომელიც საქართველოს ობობებს ეხება. ორი წლის განმავლობაში შევაგროვეთ საკმაოდ დიდი სინჯი მთელი საქართველოდან და დავაბარკოდეთ ისინი. საკმაოდ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გვაქვს – 30-ზე მეტი სახეობა საქართველოდან არაა ცნობილი. დიდი ალბათობით, ბევრი სახეობა მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის, მსგავსი მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?

– ძალიან გამიმართლა, ასეთ ადრეულ ასაკში ამხელა პროექტში რომ მოვხვდი. გარდა პროექტში მუშაობისას მიღებული უზარმაზარი გამოცდილებისა, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ასეთი პროფესიული კონტაქტები (ნეთვორქინგი) ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის.

ბექა ჩიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის მიმართულების მესამე კურსის
სტუდენტი:

– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტში (CaBOL) როგორ მოხვდით? რას ისახავს მიზნად პროექტი და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა?

– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის შესახებ გავიგე ილიაუნის მეილით, გავგზავნე ჩემი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. მოგვიანებით კი გასაუბრების ეტაპზე კოორდინატორს გავუზიარე ჩემი გამოცდილება ამ სფეროში და ამიყვანეს. პროექტის მიზანი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, დღემდე მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დიდი ნაწილი შესწავლილი არ არის, მათ შორის, საქართველოსიც. CaBOL კი სწორედ საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლას ემსახურება. კავკასიის ბიომრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული განავითარებს და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ კუთხით მომუშავე ქართველ, და არამარტო ქართველ, მეცნიერებს საქმიანობაში.

– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის, ამ მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?

– განათლებულ ადამიანს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ილიაუნიში ჩაბარება გადამაწყვეტინა. სწორედ უნივერსიტეტის დამსახურებაა ამ პროექტში მონაწილეობა და ჩემი თეორიული განათლებისა და ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამყარება. პროექტის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, დავკავდე სხვადასხვა აქტივობით, გავიცანი კოლეგები, პროფესორები, გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად იღვწის პროექტის წარმატებისთვის. ვხვდები უცხოელ მკვლევრებს და ვცდილობ, მათგანაც მეტი გავიგო ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტისთვის ამ და სხვა მსგავს პროექტებში მონაწილეობა, მეგონა, რომ საკმარისი არც ცოდნა მქონდა, არც გამოცდილება, თუმცა CaBOL-ში მონაწილეობა პროფესიული თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური