GE

CAT-ის გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარი გამოთავისუფლდება – რაში დაიხარჯება თანხა

საჯარო სკოლებში გამოცდების გაუქმებისა და ატესტატების გაცემის ახალი წესზე მსჯელობას პარლამენტი ახლო მომავალში დაიწყებს. „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ ინიციატივა მთავრობას პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს. კანონპროექტის ავტორები  დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული გამოცდების ცენტრი იძულებული იქნება, გამოცდების ორგანიზება დაიწყოს.

კანონპროექტში ის ცვლილებებია ასახული, რის შესახებაც როგორც პრემიერი, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი საჯარო გამოსვლებში საუბრობდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა, პარლამენტში განხილვის შემდეგ, არ არის გამორიცხული დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კანონპროექტის არსებულ ვარიანტში უკვე შეცვლილა მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო სკოლის გამოცდის ჩაბარება და ტექსტი შემდეგი რედაქციითაა ჩამოყალიბებული:

„1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:

ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

კანონპროექტში ასევე საუბარია პირებზე, რომლებმაც გასულ წელს  ვერ შეძლეს სკოლის ატესტატის მიღება, სასკოლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში მათ ბარიერი მოხსნილი აქვთ.

„შესაბამისი საგნების სწავლებისას აქცენტი გაკეთდება იმ არსობრივ ზოგადსაგანმანათლებლო სიკეთეებზე, რასაც საგანი ფარავს და არა იმ ტექნიკურ სტანდარტებსა თუ უნარებზე რაც საჭიროა მოსწავლემ გამოიმუშავოს იმისათვის, რომ წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა მოხდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, თუმცა ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება“,- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტში საუბარია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება, რადგან საატესტაციო გამოცდების გაუქმებით, მისი ორგანიზებისთვის გამოყოფილი თანხა თავისუფლდება.

„კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „გამოცდების ორგანიზება“ (პროგრამული კოდი 32 04 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 1.5 მლნ ლარი, რომელიც მიმართულ იქნება ცენტრის (იგულისხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად“, – განმარტავენ ცვლილების ინიციატორები.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური