„ჩემი სკოლა მატყუებს!“ – წარჩინებული მოსწავლის წერილი, რომელსაც სკოლა საჩუქარს არ გადასცემს
„ზრდასრული „პროფესიონალების“ უპასუხისმგებლობის გამო, ბავშვებს ოცნებები არ უნდა ემსხვრეოდეთ, მეხუთე კლასიდან მეათე კლასამდე კომპიუტერს ველოდებოდი და ბოლოს ასე მოხდა“, – ეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, თეა გუჯაბიძის სიტყვებია, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს წერილი მისწერა და საკუთარი გულისტკივილის შესახებ მოუთხრო.
როგორც თეამ 10 ოქტომბერს EDU.ARIS.GE-ს უამბო, მისი მშობლები რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორსაც შეხვდნენ და დაპირება მიიღეს, რომ ხელმძღვანელი მოსწავლის საკითხს გაარკვევდა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მომხდარს აღარაფერი ეშველება. ამის მიუხედავად, თეა დანებებას არ აპირებს და ბრძოლას განაგრძობს.
წარჩინებული მოსწავლის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობა,
მე ვარ თეა გუჯაბიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე. ჩემი გულისტკივილის შესახებ მინდა მოგწეროთ. ძალიან ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ იმედგაცრუება იმდენად დიდია, არ შემეძლო, არ დამეწერა. ჩემი სკოლა მატყუებს! იქ, სადაც სამართლიანობა და ობიექტურობა უნდა ზეიმობდეს, მე სრულ უსამართლობაში აღმოვჩნდი! თან უსუსური.
წლების განმავლობაში მასწავლებლებისგან მესმოდა, რომ მე ვიყავი ლეპტოპის ერთერთი პრეტენდენტი. რომ მე აუცილებლად ავიღებდი ამ საჩუქარს, რადგან არ ყოფილა დღე, როცა მე მზად არ ვიყავი გაკვეთილისთვის. არ ჩამიგდია არცერთი ონლაინ გაკვეთილი. მასწავლებლებს მხარში ვედექი Teams-ის პლატფორმაზე მუშაობისას. თავად შემიქმნეს იმის რწმენა, რომ მე მერგებოდა დამსახურებული საჩუქარი. მაგრამ მოულოდნელად ჩემი მეგობრიდან ვიგებ, რომ კომპიუტერს არ მივიღებ. სკოლა მალავს და არ გეუბნება….
დავიწყე გარკვევა მასწავლებლებთან თუ რატომ არ მივიღებდი კომპუტერს, როცა ვიცოდი, რომ ყველა ნიშანი წლიურში ათი მეწერა. გაირკვა, რომ რუსულის მასწავლებელმა მეშვიდე კლასში ცხრიანი გამომაყოლა, რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა(როგორც აღმოჩნდა არც მას). იმ წელს მასწავლებელმა გამომიცხადა, რომ წლიურში გამომყვა 10 ქულა. ახლა ვკითხე თავად საგნის მასწავლებელს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მითხრა რომ მეც ეგრე მეგონა, რომ შენ ათი გყავდაო და ახლა გავიგე მეც, რომ თურმე 9 დამიწერია…. მოკლედ, ყველაფერი გაუგებრობას დააბრალეს და ბოდიში მომიხადა ყველამ, მაგრამ მე ჩემი კუთვნილი კომპიუტერი მინდა… ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის…
ზრდასრული „პროფესიონალების“ უპასუხისმგებლობის გამო ბავშვებს ოცნებები არ უნდა ემსხვრეოდეთ… მეხუთე კლასიდან მეათე კლასამდე კომპიუტერს ველოდებოდი და ბოლოს ასე მოხდა. ძალიან დამწყდა გული. ისიც კი ვიფიქრე, აღარ ჩავაბარებ გაკვეთილს მასწავლებლებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რას წერს…. მოტივაცია დავკარგე სწავლის. ვფიქრობ, რომ მართლა ვიმსახურებდი კომპიუტერს და ეს გაუგებრობა რომ არ დაემალათ აუცილებლად გადავაბარებდი და გამოვასწორებდი ქულას.
თან, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს სკოლაში. ბევრი ასეთი მაგალითია. მსგავსი ფაქტი სხვა ბავშვებთანაც მომხდარა. ვგულისხმობ მოტყუებას. მოსწავლეს სიტყვიერად ეუბნება მასწავლებელი მაღალ ქულას, ხოლო უწყისში დაბალს წერს. ამიტომ, ბავშვები რჩებიან ლეპტოპის ან მედლის გარეშე. ასეთი ბავშვები ხშირად სკოლიდან გადაჰყავდათ, მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ! ვიბრძოლებ სიმართლისთვის იქამდე, სანამ საბოოლოოდ იმედი არ
გადამეწურება.
მინდა მჯეროდეს სამართლიანობის. მინდა მჯეროდეს მასწავლებლის. მინდა ჩემი ბრძოლით დავამტკიცო, რომ სიმართლე იზეიმებს! მე და ჩემმა მშობლებმა პრაქტიკულად ყველა ზომას მივმართეთ, მაგრამ სკოლა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს… თვლიან, რომ უბრალოდ უნდა მივიღო რეალობა… მიჭირს… ვერ ვეგუები ამ აბსურდს…. ნუთუ სისულელე იყო ის შრომა, რაც სწავლაში ჩავდე. ბოლო იმედად თქვენ დარჩით. იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება…“
11 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-ს სკოლის ხელმძღვანელმა ნანი ჯიქიამ განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე და მშობელიც მეშვიდე კლასშივე ინფორმირებული იყო ერთი ცხრიანის შესახებ.
დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსწავლე წარმატებულია, მაგრამ გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემათ სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII-VIII-IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). ამ პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. როგორც დავინახეთ, თეა გუჯაბიძის შემთხვევაში პროგრამის მიზანი სრულად დარღვეულია და მეტიც, მოსწავლის მოტივაციის გაქრობას ემსახურება.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელმა სკოლას, რომელმაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლო დავა მოუგო
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება