GE

„ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს კომპიუტერის არაგასართობი მიზნით გამოყენება“ – თამარ გაგოშიძე

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, პედაგოგებმა კი მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაცია დაიწყეს. ამ მდგომარეობის გამო, მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულების ფონზე, დადებით ტენდენციებთან ერთად გარკვეული საფრთხეებიც გამოიკვეთა. მშობლისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა აკონტროლოს ბავშვის მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე.

Unicef ჯორჯია აქვეყნებს ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევებს და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა სწავლასა და არასასარგებლო გართობას შორის ბალანსის დაცვა.

„ძალიან ხშირად, მშობლები გვეკითხებიან კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებულ რჩევებს და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ძალიან ხშირად ბავშვები მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერზე. მშობლების ყველაზე ხშირი კითხვებია, როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები, ან როგორ უნდა დავუწესოთ გაჯეტებთან ურთიერთობის გარკვეული წესები. ძალიან ხშირად, მშობლები არ აწესებენ დროს, ბავშვებს აქვთ თავისუფალი გრაფიკი, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაჯეტის გამოყენება, ეს არის ხოლმე ძალიან კარგი საშუალება მშობლისთვის, რომ თავად გაითავისუფლოს დრო. ძალიან ხშირად მშობლები სწორედ კომპიუტერს იყენებენ, რომ ბავშვებს აჭამონ საჭმელი და კვების პრობლემა ამით, რაღაცნაირად მოაგვარონ. ძილის წინა პერიოდი, როცა უფროსები ცდილობენ ბავშვები დააძინონ გაჯეტით, არის შეცდომა. ჩვენ ბავშვებს ვთხოვთ იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ, ანუ ჩვენ, მშობლები, თავად ვართ მიჯაჭვული ეკრანებზე და საეკრანო დროის ბალანსი არ არის დაცული“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

მისივე თქმით, მშობლებმა უნდა დააწესონ გარკვეული საათები, რა დროსაც ოჯახში ელექტრონულ მოწყობილობას არავინ გამოიყენებს.

„ყველაზე მნშვნელოვანია, რომ სახლში არსებობდეს წესები, რომელიც უნდა მოქმედებდეს არამხოლოდ შვილებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. ყველაზე კარგი და სასარგებლო ამ შემთხვევაში არის, ის რომ ჩვენ ვიყენებთ ე.წ კომპიუტერული დროის ბალანსის სტრატეგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ადგილები და დროები, როდესაც ჩვენ ვარსებობთ კომპიუტერის და გაჯეტების გარეშე. მშობლების და ბავშვების საძინებელში გაჯეტები და ტელევიზორი არ უნდა არსებობდეს. უნდა იყოს ერთობლივი აქტივობა, მაგალითად სამაგიდო თამაში, ნებისმიერი სახის რაღაც მცირე აქტივობა, რომელიც ერთობლივად შეკრავს ოჯახს გაჯეტების გარეშე. და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ითამაშონ კომპიუტერთან, ან უყურონ გარკვეულ ფილმებს, ჩვენ უნდა მოვძებნოთ საშუალება და მათთან ერთად სულ მცირე დრო გავატაროთ კომპიუტერთან ერთობლივად. კიდევ ერთი, ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ არაგასართობი მიზნით კომპიუტერის გამოყენება, იმისთვის რომ მათ შემდგომ ის ზუსტად იმ დანიშნულებით გამოიყენონ, რაც შემდგომში მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური