GE

„ჩვენი ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ 6 ლარი გამოდის, რაც შეუსაბამოა შრომით კოდექსთან“

1 მაისს მსოფლიოში მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს მშრომელთა მსვლელობაც იმართება, რომელშიც როგორც წესი, პედაგოგებიც არიან ჩართული და გამონაკლისი არც ეს წელს ყოფილა.

მსვლელობის მონაწილე პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მათი შრომითი უფლებები ნამდვილად საჭიროებს ჯერ აღიარებას, შემდეგ კი დაცვას. უწევთ მუდმივი შრომა არაანაზღაურებად სამუშაო დროს, ხოლო დანამატი სტატუსის მიხედვით გაიცემა და არა სამუშაო საათების გაანგარიშებით. მასწავლებელთა ყოველდღიურობაა დამატებითი მუშაობა და მეცადინეობა სტატუსის მოპოვებისთვის. სამსახურიდან სახლში მისულებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, უწევთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება, ასობით მოსწავლის შემაჯამებელი დავალების გასწორება, ელექტრონული ჟურნალის მოწესრიგება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივ კომუნიკაცია როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან, ისე მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან… მასწავლებლების თქმით, ხშირად, ეს ყველაფერი მათ ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებსაც სცილდება და ბოლოს იმით სრულდება, რომ პედაგოგი, უკეთესი სამუშაოს შეთავაზების შემდეგ, დაუფიქრებლად ტოვებს იმ პროფესიას, რომელსაც წლები ემსახურებოდა.

როგორ აფასებენ პედაგოგები თავიანთ შრომით მდგომარეობას დღეს, რატომ ფიქრობენ რომ მათი შრომა და საქმიანობა დაუფასებელია, ამ თემებზე EDU.ARIS.GE თბილისის 192-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან მაჩიტიძეს ესაუბრა.

– ქალბატონო ქეთევან, რა გამოწვევების წინაშე დგახართ პედაგოგები დღეს და რამდენად ფიქრობთ, რომ თქვენი შრომითი უფლებები დაცულია?

– მასწავლებლის საქმიანობის წესს, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ერთი შეხედვით არეგულირებს და მასწავლებელი კანონიერად დგას რთული ამოცანებისა და გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევას საკუთარი უნარებითა და მაღალი პასუხისმგებლობით ცდილობს, მას უწევს ურთიერთობა მოსწავლესთან, მშობელთან, თემთან, დირექციასთან, კოლეგებთან სამინისტროსა და სახელმწიფოს წინაშეც კი. მასწავლებელი დატვირთულია კვირეული საათების გარკვეული რაოდენობით, რომლებიც დაწყებით საფეხურზე 13-სა და საბაზო-საშუალო საფეხურებზე 15 აკადემიური საათს შეადგენს. ამასთანავე ჰყავს სადამრიგებლო კლასი, ახორციელებს კლასგარეშე აქტივობებს, სასკოლო პროექტებს, არაფორმალურ აქტივობებს და ა.შ. მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება საკმაოდ დაბალია და იგი მაქსიმუმ 480 ლარს შეადგენს, ის იღებს დანამატს მინიჭებული სტატუსის მიხედვით და არა შესაბამის ხელფასს. გამოდის, რომ მასწავლებელი, რომელსაც კვირეული დატვირთვით აქვს 18 გაკვეთილი, იგი მუშაობს რეალურად 72 საათის განმავლობაში  და ანაზღაურებას იღებს 18 საათისას. ე.ი. ჩვენი ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ 6 ლარი გამოდის, რაც შეუსაბამოა შრომით კოდექსთან და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების წესი ცალკეა დაანგარიშებული, რაც გადასახედია. მასწავლებლის შრომითი უფლების დაცვა, პირველ რიგში, ამით უნდა იყოს თვალსაჩინო და გამორჩეული.

სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებისათვის იბრძვის დღეს საქართველოს მასწავლებელი და ამიტომ, სანამ შრომის შესაბამისის ანაზღაურების პირობები არ დარეგულირდება, მუდმივად ვიტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. მასწავლებლები შეხვდნენ ახალ მინისტრს და გააცნეს ყველა თავისი საჭიროება, ვიმედოვნებთ, გადაიხედება და შეიცვლება მასწავლებლის ანაზღაურება და გაუმჯობესდება შრომითი პირობები.

რა უთხრა განათლების მინისტრმა პედაგოგებს მათი საბაზო ხელფასის ცვლილებაზე

თქვენი არგუმენტები გვითხარით, რატომ არის მასწავლებლის პროფესია დაუფასებელი?

– საზოგადოება ხედავს მასწავლებელს დაუცველს, მან იცის, რომ მასწავლებელს მეტი მოვალეობა აქვს, ვიდრე უფლება, რომ მასწავლებლის პროფესია არაა გარანტია სოციალური პირობების გაუმჯობესების. მასწავლებლის შრომას უპირველესად სახელმწიფოსგან აღიარება სჭირდება, რათა პედაგოგის შრომა ჩაითვალოს შრომად. როდესაც მასწავლებელი ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, არც კი კითხულობს მას, რადგან იცის, რომ ეს ყველა პუნქტი მაინც მისი ვალდებულებებია და არა დაცვის მექანიზმით დადასტურებული გარანტია. კერძო სკოლების მასწავლებლები უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან ამ მხრივ და მათი უფლებები დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, რა გასაკვირია თუ სულ მალე, მასწავლებლის დეფიციტიც კი შეიქმნება, არსებობს კიდეც. განსაკუთრებით ეს ეხება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებსა და დამრიგებლებს.

– რამდენად არის თქვენს მიერ აღწერილი პრობლემები იმის საფუძველი, რომ პედაგოგები ტოვებენ პროფესიას და უარს ამბობენ იმ კარიერულ საფეხურზე, სტატუსზე, რომლის მოსაპოვებლადაც უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს?

– ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მასწავლებელი ტოვებს სკოლას. შექმნილი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მასწავლებლის მწირ ანაზღაურებას არ შეუძლია. განსაკუთრებით, თუ ოჯახი მრავალშვილიანია და უმუშევარი ოჯახის წევრები ან ქართული სინამდვილისათვის ჩვეულებრივი ამბავი, მოხუცი მშობლებიც მასწავლებლის კმაყოფაზე არიან. პირადად ვიცნობ ასეთ არაჩვეულებრივ პროფესიონალებს, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ ოჯახების დასახმარებლად და დატოვეს წლობით, პროფესიის სიყვარულით შექმნილი საყვარელი საქმე. ხოლო პენსიონერი, სტატუს მინიჭებული მასწავლებელი იძულებულია, დარჩეს სკოლაში. პროფესიას ტოვებენ ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლებიც, რომლებიც მეტს ელოდებიან სასკოლო სივრცისგან -შესაფერის ანაზღაურებასა თუ აღიარებას.

– რის შეცვლას ისურვებდით პედაგოგები და როგორ?

– მასწავლებლის პროფესია ესაა საკმაოდ სტრესული საქმიანობა, ამასთანავე, მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული, რასაც  შრომითი პირობების გაუმჯობესება სჭირდება. ამაში მოიაზრება ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესება, შესაფერისი ანაზღაურება, დასვენების პირობების შექმნა, ღირსეული პენსია, აღიარება და დაფასება სახელმწიფოს მხრიდან. გაზრდილ საარსებო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის ანაზღაურება იგი უნდა გაიზარდოს საბაზო ხელფასის სახით და არ უნდა იყოს სტატუსთან დაკავშირებული. მუდმივად პორტფოლიოს ირგვლივ ტრიალი მასწავლებელს ართმევს მოსწავლესთან ურთიერთობის დროსა და ხალისს, რესურსებს მასწავლებელი კი არ უნდა ქმნიდეს, რომელიც შეიძლება სულ არ იყოს გამართლებული გარკვეულ ჯგუფთან, არამედ მას მეთოდური რეკომენდაციების სახით, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები უნდა აწოდებდნენ უკვე დამუშავებული სახითა და ანალიზებით. ამასთანავე, თუ გვინდა ხარისხიანი განათლება, მაშინ მასწავლებელი აღარ უნდა ეძებდეს დამატებით წყაროს არსებობისა და გადარჩენისათვის.

– და ბოლოს, ქალბატონო ქეთევან, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოსდით მასწავლებლებს საქართველოში გაერთიანება? ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქვეყნის პედაგოგთა კორპუსმა გაფიცვებით შეძლო საკუთარი პირობების გაუმჯობესება და მთავრობა მათთან დათმობებზე წავიდა, რა ბარიერი აქვს საამისოდ დღეს საქართველოში საზოგადოების პედაგოგიურ ნაწილს, თქვენ ხომ 67 ათასზე მეტნი ხართ…

– მასწავლებელი საქართველოში მუდამ იყო გაიგივებული ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანთან და ასე ფიქრობს დღემდე არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ თავად მასწავლებელიც, რომელიც რატომღაც მოვალეა, უპირობოდ შეასრულოს ვალდებულებები. მას ჰგონია, რომ თუ რამეს კუთვნილს ითხოვს, ეს არის უხერხული და სახელმწიფოსთან დაპირისპირება. ამის მაგალითია ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია პორტფოლიოს საკითხთან. ორად გაიყო მასწავლებელთა აზრი, რადგან ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ პროტესტს გამოთქვამს თითქმის შეუსრულებელ, აბსურდულ დავალებაზე და უბრალოდ არ შეასრულებს მას პროტესტის ნიშნად, ჩათვლიან უცოდინარ ან მეამბოხე მასწავლებლად და არა პედაგოგის უფლების დამცველად. მასწავლებელი არ უნდა ითხოვდეს. ფიქრობენ, რომ უფლებების დაცვა და სამუშაო პირობის გაუმჯობესების, ანაზღაურების მოთხოვნა ხელისუფლების საწინააღმდეგოა, რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. იმედია, მასწავლებელი მიიღებს მხარდაჭერას შესაბამისი რგოლებისგან, რადგან ქვეყნის მომავალი და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება სწორედ მის ხელᲨია და იგი თავისი მოქმედებას უჩვენებს მაგალითს საკუთარ მოსწავლეებს, როგორია თავისუფალი, მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანი.

ასევე იხილეთ:

„ქვეყანაში, სადაც მოსწავლეებს გამოცდები მოუხსნეს და მასწავლებლებს დაუნიშნეს, განათლების დონე მაღალი არ იქნება“

„დისკუსია იმაზე უნდა იყოს, რომ სისტემა არადემოკრატიულია, ანუ მასწავლებლებს ატყუებენ!“

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური