GE

„ქვეყანაში, სადაც მოსწავლეებს გამოცდები მოუხსნეს და მასწავლებლებს დაუნიშნეს, განათლების დონე მაღალი არ იქნება“

ხობის, ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ბესო ქავთარაძე EDU.ARIS.GE – სთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო დროს, ბევრი მასწავლებელი „დაავადდა ე.წ. სტატუსომანიით“ და ისინი მოსწავლეებს, სკოლას დაშორდნენ.

„მასწავლებლებს საკუთარი თავში გამოსასწორებელი ის გვაქვს, რომ ბევრი დაავადდა ამ ბოლო დროს სტატუსომანიით, მეტ დროს უთმობენ საკუთარ კარიერულ წინსვლას, რაც მოსწავლეებს არაფერს აძლევს. რა თქმა უნდა, მასწავლებელი უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ამ სტატუსის მოპოვების მახინჯი ფორმით. საგნობრივი ჯგუფები, რესურსცენტრები უნდა ზრუნავდნენ ამაზე, ფაქტობრივად, ისინი უფუნქციოდ არიან. ჩვენ უნდა გვიტარდებოდეს მეთოდური მითითებები და საგნობრივი მეცადინეობები და არა ეგრეთწოდებული ტრენინგები“, – ამბობს ბესო ქავთარაძე.

ის მიიჩნევს, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც საჯარო სკოლებში მოსწავლეებს გამოცდები მოუხსნეს და სამაგიეროდ მასწავლებლებს დაუნიშნეს სავალდებულო გამოცდები, თან, ათასი სხვადასხვა ფორმალობებით გადატვირთეს, არ იქნება განათლების დონე მაღალი:

„ეს სახელმწიფოებრიობის საძირკვლის გამიზნული რღვევაა. უსაძირკვლო ნაგებობას კი ვერანაირი სახურავი ვერ უშველის. უნდა დაუბრუნდეს მასწავლებელი სკოლას და მოსწავლეებს, დაბრუნდეს კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები, გადაიხედოს სქემა და მოჭარბებული ფორმალობებიდან გათავისუფლდეს მასწავლებელი“.

ბესო ქავთარაძე რეგიონის სკოლებში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და მათ შორის ერთ-ერთ პრობლემას ელექტრონული ჟურნალის წარმოებას ასახელებს.

„უნდა შეივსოს მატერიალური ტექნიკური ბაზა და რესურსები, სასწავლო დანიშნულების ინვენტარით. მასწავლებლებს უნდა გვქონდეს ბაზის შესაბამისად გეგმის შედგენის საშუალება და არა რაღაც ისეთი სტანდარტული, რას ახლოსაც არაა რეალობასთან და კიდევ, უნდა აღდგეს მატერიალური ჟურნალი, ელექტრონული ჟურნალის წარმოება ჭირს, რადგან ტექნიკა არაა გამართული, განსაკუთრებით რეგიონებში“, – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის პედაგოგმა.

ასევე იხილეთ:

„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური