„დისკუსია იმაზე უნდა იყოს, რომ სისტემა არადემოკრატიულია, ანუ მასწავლებლებს ატყუებენ!“
„უბრალოდ რომ გავაუქმოთ ეს ბარიერები, სახელმწიფო იტყვის: ფული არ გვაქვს საერთოდ იმისთვის, რომ უფრო მეტ მასწავლებელს მოემატოს ხელფასი, რაც არასწორია, რადგან თუ შევადარებთ, რას ხარჯავს ჩვენი სახელმწიფო განათლებაზე, ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე უნდა ხარჯავდეს. მათ შორის იმ საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინებით, რაზეც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი“, – ამბობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია პედაგოგთა სქემასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ იმის პასუხი, თუ რატომ არ აპროტესტებდნენ აქამდე მასწავლებლები ანაზღაურების ოდენობას, პასუხი სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ხრიკებში უნდა ვეძებოთ.
სპეციალისტის განცხადებით, ისმის კითხვა – რისთვის არსებობს ეს სქემა, რომელიც ავალებს ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება, ზოგისთვის გადაულახავი იყოს და თუ გავიხსენებთ, რა იყო ამ საფეხურებრივ სისტემამდე, რა პრობლემები იდგა და დღეს რა პრობლემა დგას, აქ კარგად ჩანს, რა მოტივაცია აქვს სახელმწიფოს.
სიმონ ჯანაშია იხსენებს, რომ მანამდე ყველა მასწავლებელს შედარებით თანაბრად ემატებოდა ხელფასი, ეს იყო ძალიან ცოტა და მასწავლებლები აპროტესტებდნენ. არცერთი მატება საკმარისი არასდროს იყო და საბოლოო ჯამში, ხელფასის მატება არვის უხაროდა. ამის შემდეგ კი შემოიღეს სისტემა, სადაც მასწავლებლებს ემატებათ ხელფასი იმ შემთხვევაში, თუ რაღაცას დააკმაყოფილებენ და იმისთვის, რომ სახელმწიფომ ბევრი ფული არ დახარჯოს, მოფიქრებული აქვს სხვადასხვა ბარიერი, რომ რაც შეიძლება ცოტა გადავიდეს ერთი საფეხურიდან მეორეზე.
„თუმცა, ადრე თუ იმის პასუხისმგებლობა, რომ პედაგოგს ხელფასი არ ემატებოდა სახელმწიფოზე იყო, დღეს ეს პასუხისმგებლობა გადავიდა მასწავლებელზე. ანუ, თუ მასწავლებელი დღეს იტყვის, რომ დაბალი ხელფასი აქვს, სახელმწიფოს პასუხია, რომ მოინდომე და გექნება მეტი, არსებობს შესაძლებლობა, რატომ არ მოინდომე? ამიტომ არის რატომაც არ აპროტესტებდნენ სისტემას მასწავლებლები ამ პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი ხრიკი ამ სისტემის სწორედ ეს არის – ყველა მასწავლებელს სჯერა, რომ მიაღწევს იმ რაღაც უმაღლეს ხელფასს იმიტომ, რომ შესაძლებელი არის. ბოლო-ბოლო თუ ვერ აკეთებ, მართლა იყიდი იმას, რაც უნდა იყიდო და კორუფციის სხვადასხვა დონე არსებობს. ანუ ეს ერთი დონეა, მაგრამ მეორე დონეა ვისგან იყიდი, შეგიძლია, შემფასებლებისგან იყიდო. ამაზე საუბრობენ მასწავლებლები, ის, ვინც გაფასებს, თვითონ ყიდის ამ მასალას და მერე კიდევ გეუბნება, რომ წესიერად მოიქეცი, არსად თქვა, თორემ ჩემი შესაფასებელი იქნები“, – თქვა განათლების მკვლევარმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 4% უნდა იხარჯებოდეს და საქართველოში კი სახელმწიფო ხან სამს ხარჯავს, ხან ცოტა მეტს. ფინანსური მონაცემების ანალიზის თანახმად, რომელიც ჯანაშიამ მოამზადა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან სკოლებისთვის გადარიცხულ თანხებს ეხება, ირკვევა, რომ მაგალითად, თუ სისტემისთვის გადარიცხული დანამატი 2019 წელს 100 მილიონი იყო, ეს თანხა გასამმაგდა და 2021 წელს 300 მილიონს გადააჭარბა. როგორც სპეციალისტი ხსნის, პროცესი რომ ასეთი ტემპით წავიდეს, ბიუჯეტი ორ წელიწადში უნდა გაორმაგდეს, რათა საჭიროება დააკმაყოფილოს.
სიკო ჯანაშიას განცხადებით, პირველი პრობლემაა არასაკმარისი ფული, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს და ეს უნდა მოემატოს, რის შემდგომაც თავად სახელმწიფოს ინტერესებში იქნება, ნაკლები ბარიერები იყოს და მეტი მასწავლებელი გადავიდეს მაღალ სტატუსსა და ხელფასზე.
მეორე პრობლემა კი, მისი აზრით ის არის, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ მანიპულირებას ახდენს სისტემით და ერთი მხრივ მასწავლებლებს ეუბნება, ყველას შეგიძლიათ წინსვლა, მაგრამ სინამდვილეში ქმნის ისეთ სისტემას, სადაც ამის გაკეთება შეუძლებელია, ეს სახელმწიფო არადემოკრატიულობაზე მეტყველებს:
„იმიტომ, რომ ის საზოგადოებას ნამდვილ გადაწყვეტილებას არ ეუბნება და სანამ სახელმწიფო არ აღიარებს რამდენი აქვს ფული იმისთვის, რომ მასწავლებლების განვითარებაში ჩადოს ეს (ასი, ორასი მილიონი და ა.შ.), რაც დანამატზე გაიცემა, სახელმწიფოს გაცხადებით, არის განვითარების ფული. გამოდის, სახელმწიფო მასწავლებლების განვითარებაზე წელიწადში სამას მილიონს ხარჯავს, რომელზეც მასწავლებლები ამბობენ, რომ სინამდვილეში განვითარებას არ ხმარდება და ხმარდება უბრალოდ ხელფასის მატებას. სახელმწიფო ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში იტყოდა, რომ ჩვენ, მასწავლებლების განვითარებისთვის, შემდეგ წელს კიდევ ასი მილიონი გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია, გადავიყვანოთ ერთი საფეხურიდან მეორეზე ამდენი [მასწავლებელი] და მათ ეცოდინებოდათ, რომ იმიტომ კი არ ტოვებენ თავის საფეხურზე, რომ ცუდი მასწავლებლები არიან, რასაც ახლა ეუბნება, რომ ვერ დააკმაყოფილეს მათი აზრით მარტივი მოთხოვნები, არამედ იმიტომ ვერ გადაგიყვანეთ, რომ ამისი ფული არ გვაქვს. მე მგონი, დისკუსია იმაზე უნდა იყოს, რომ სისტემა არის არადემოკრატიული, ანუ მასწავლებლებს ატყუებენ მარტივად რომ ვთქვათ“, – თქვა სიმონ ჯანაშიამ პირდაპირ ეთერში.
განათლების მკვლევარი აცხადებს, რომ რეალური მიზეზი კონკრეტული კრიტერიუმების დაწესებისა, სახელმწიფოს მხრიდან ფულის დახარჯვის სურვილის არარსებობაშია და არა იმაში, რომ მართლა ჰგონიათ, თითქოს სკოლის განვითარებისთვის საერთაშორისო ლიტერატურა იყოს აუცილებელი.
„შეიძლება, მასწავლებლის სახლში ვიღაცას ჰგონია, რომ კარგს საქმეს აკეთებს და მასწავლებლებს ავითარებს, მაგრამ ნამდვილი გადაწყვეტილება არის ფინანსთა სამინისტროში, არის მთავრობის დონეზე და არა იქ, ვიღაცასთან, ვინც კითხულობს რეფლექსიებს და ვერ ასწრებს ამ რეფლექსიებზე პასუხების გაგზავნას“, – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე საუბრისას, განათლების სპეციალისტი ახალი სკოლის მოდელსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მოდელს სულ სხვა მიზნები აქვს და ცალკე პრობლემურია ის, თუ როგორ წარმოუდგენიათ ახალი სკოლის მოდელით ამ მიზნების მიღწევა. მაგალითად, ახალი სკოლის მოდელის ლოგიკით, მხოლოდ ერთი მეთოდით შეიძლება კარგი მიზნების მიღწევა. სინამდვილეში კი არის უამრავი სხვადასხვა მეთოდი.
„სკოლებს უთხრეს, რომ პროექტული სწავლება არის ძირითადი მეთოდი, რომლითაც უნდა ასწავლოთ და თუ გრძელვადიან პროექტებს განახორციელებთ, მაშინ ბავშვები ცნებებზე დაფუძნებულ აზროვნებას ისწავლიან და ეს ცნებებზე დაფუძნებული აზროვნება არის მთავარი მიზანი და ა.შ. მაგრამ, ეს ახალი სკოლის მოდელი, ანუ ეს პრინციპი ახლა დააკავშირეს მექანიზმთან, რომელიც ხელფასების მატებასთან არის დაკავშირებული. რატომ?! იმიტომ, რომ იციან, ამას ვერ დააკმაყოფილებს მასწავლებლების დიდი ნაწილი და შესაბამისად ცოტას გადაიყვანენ ერთი საფეხურიდან მეორეზე, რითაც გადაიხდიან იმდენ ფულს, რამდენიც მათ აქვთ ჩაფიქრებული, რომ დაამატონ სისტემას“, – დასძინა სიმონ ჯანაშიამ.
ასევე იხილეთ:
რა უთხრა განათლების მინისტრმა პედაგოგებს მათი საბაზო ხელფასის ცვლილებაზე
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება