GE

„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლის – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის გათვალისწინებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან არაერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი პროგრამა მილევად რეჟიმში გადავიდა. უნივერსიტეტი მილევადი რეჟიმის პირობებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს, მილევადი რეჟიმის ამოწურვის შემდეგ კი პროგრამა გაუქმდება.

რა ბედი ელის 2026 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტს – თუკი, აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მანამდეც სწავლობდა, მილევად რეჟიმშია გადასული – შეექმნება თუ არა სწავლის გაგრძელების/დასრულების პრობლემა მას – ეს შეკითხვა EDU.ARIS.GE-მ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას დაუსვა.

კითხვის დასმა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ერთ-ერთმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა სექტემბერში აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებულ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს სხვა ფაკულტეტზე გადასვლა შესთავაზა. ადმინისტრაციისგან ამის მიზეზად უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის გაუქმება [მილევად რეჟიმში გადასვლა] და სტუდენტის არასაკმარისი კრედიტები დასახელდა.

აკრძალვები სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს – რა შეზღუდვები იმოქმედებს შიდა და გარე მობილობის დროს ახალი ბრძანებით

როგორც ზვიად გაბისონიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2028 წლამდე, მილევადი რეჟიმის ამოწურვამდე, სტუდენტს შეუძლია სწავლა დაასრულოს იმ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე, სადაც სწავლობდა, პროგრამის გაუქმების შემთხვევაში კი მობილობით უნდა ისარგებლოს.

„მილევადი ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი 2028 წლამდე გრძელდება. თუ იმ დროს ვერ ამოწურა [თუ ამ დროში სტუდენტმა აკადემიურის გამო სწავლა ვერ დაასრულა], მას შეეძლება, ალტერნატიულ ფაკულტეტზე [სხვა უნივერსიტეტში] მობილობით გადავიდეს. ჩვენ ხომ სტუდენტის სტატუსს არ შევუწყვეტთ და არ გავაგდებთ?! მილევადი რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, შესაბამის ფაკულტეტზე, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით, მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტი ტექნიკურ უნივერსიტეტში მილევადია იმიტომ, რომ თსუ-შია. ანუ მილევადში – რა პრობლემაა, რომ იქით [სხვა უნივერსიტეტში] გადავიყვანოთ და დაამთავროს… 2028 წლამდე თუ ვერ დაამთავრა, აკადემიური მოსწრება არ აქვს, ვერ შეძლო, არ დადის, ზარმაცობს ან ვერ დაძლია და ა.შ. მას შეეძლება, რომ ისარგებლოს მობილობით და გადავიდეს იმ უნივერსიტეტში, სადაც ის ფაკულტეტი არის. სხვა შემთხვევაში – სწავლას მილევად რეჟიმში არსებულ პროგრამაზე დაამთავრებს“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ასევე იხილეთ:

გაგრძელდება თუ არა აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებული სტუდენტის დაფინანსება შეუფერხებლად

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური