GE

CIU-ს უსაფრთხოების მიმართულების ქართული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების უპირატესობები

2013 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მომზადდა ახალი, ინტერდისციპლინური ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება“. 2014 წელს პროგრამამ 5 წლიანი, ხოლო 2019 წელს, 7 წლიანი აკრედიტაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროგრამა პირველი იყო საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისეთ ახალ სამეცნიერო მიმართულებას, როგორიცაა „უსაფრთხოების კვლევები“.

2020 წლიდან მომზადდა კიდევ ერთი, ახალი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“.

პროგრამების აქტუალობა

21-ე საუკუნის გლობალურმა თუ რეგიონულმა გამოწვევებმა, დღის წესრიგში დააყენა მოთხოვნა უსაფრთხოების მკვლევრებსა და ანალიტიკოსებზე. ამასთან, საფრთხეებისა და რისკების ახალი კლასტერების წარმოჩენამ, კორონავირუსის პანდემიის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს ასიმეტრიულ საფრთხეს და მისი იდენტიფიცირება ხორციელდება უსაფრთხოების კვლევების ფორმატში, გამოავლინა მოთხოვნის ზრდა ისეთი სახის ვიწროსპეციალიზებულ ანალიტიკოსებზე, რომლებსაც უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ მსგავსი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება, პრევენცია და შედეგების ანალიტიკური დაგეგმვის მოდელირება, არამედ მისი სწორი პროგნოზირებაც.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

„საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების“ ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება „საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის“ აკადემიური ხარისხი, ხოლო „გლობალური პოლიტიკასა და უსაფრთხოების კვლევების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება „უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის“ აკადემიური ხარისხი.

ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ იკვლიონ „ექვსი რეგიონული უსაფრთხოების“ მოდული: ამერიკის, ევრო-ატლანტიკური, ევროპული, ახლო აღმოსავლეთის, პოსტ-საბჭოთა სივრცის და სამხრეთ ევრაზიული, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს კი 3 სპეციალიზაციის მიმართულებით: სამხედრო, საინფორმაციო და ეკონომიკური.

პრაქტიკული სწავლების ხელშემწყობი კვლევითი ცენტრები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულების თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები ორიენტირებულია სტუდენტების კვლევითი პოტენციალისა და დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მათგან აღსანიშნავია: კავკასიის გეოპოლიტიკური ლაბორატორია; ნატოსა და ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევების ცენტრი; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი.

პროგრამის უნიკალურობა

ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს მრავალკომპონენტიან თეორიულ სწავლებასთან ერთად, თანამედროვე სწავლების მეთოდებით უვითარებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. მოცემული პროგრამის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინირება. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტს სამოდულე საგნები ისე აქვს მორგებული, რომ შესაძლებლობა აქვს თავანთი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით აწარმოოს კვლევითი საქმიანობა და მიიღოს სფეროს პროფესიონალებთან, საქმიან გარემოში ურთიერთობის გამოცდილება, რაც მათი წარმატებული კარიერის საწინდარი იქნება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროგრამების განხორციელებაში ჩართულნი არიან მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები.

პროგრამებით გათვალისწინებული ძირითადი სასწავლო საგნები

აღსანიშნავია, რომ ორივე პროგრამის ფარგლებში ისწავლება ისეთი სპეციფიკური საგნები, როგორებიცაა: უსაფრთხოების თეორია; ეკონომიკური უსაფრთხოება; კიბერუსაფრთხოება და კიბერთავდაცვა; ენერგოუსაფრთხოება; სამხედრო სტრატეგია და გლობალიზაცია; ჰიბრიდული ომის თეორია; ევროკავშირის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ნუსხების მიმოხილვა და ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხაში კონტროლირებადი პროდუქციის იდენტიფიცირების მეთოდები (პრაქტიკული შემთხვევები); ფსიქოლოგიური ომი; ომის თეორია და სტრატეგია; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების და რისკების ანალიზი.

პროგრამების ხელმძღვანელი

სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელია – ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის წევრი, ოსტროვიეცის ბიზნესის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ვარშავის და ლოძის უნივერსიტეტების პროფესორი, სამხედრო-აკადემიური ჟურნალ „ANTE PORTAS“ რედაქტორის მთავარი მოადგილე, პოლონეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული პოსტ-დოქტორანტურის „გეოპოლიტიკის და გეოსტრატეგიის“ სპეციალური სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი.

საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები

პროგრამების ხელმძღვანელობა 2019-2021 წლებში აქტიურად იყო ჩართული Erasmus+ საერთაშორისო პროგრამაში. ასევე, სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული საზღვარგარეთის 45 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ ევროპული გამოცდილება, რაც მათი განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

დასაქმების მაჩვენებელი

სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს, მათგან 20% კი ადგილზე, უნივერსიტეტშია დასაქმებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამის 20-მდე კურსდამთავრებულმა დოქტორანტურაში განაგრძო სწავლა და შესაბამისად, აკადემიური კარიერის შესაქმნელად ემზადება.

„გლობალური პოლიტიკასა და უსაფრთხოების კვლევების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხოების დარგში მკვლევრების მომზადებისა და კურსდამთავრებულისთვის „უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის“ აკადემიური ხარისხის მინიჭების უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს რეგიონში უსაფრთხოების კვლევების მიმართულების ჰაბად გადაიქცეს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო კადრების მომზადების ცენტრი გახდეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური