CIU-ში „სტუდენტური ცხოვრება – 2023-ის“ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ
28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ცხოვრება – 2023-ის“ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ.
„სტუდენტური ცხოვრება – 2023“ სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ აქტივობებს მოიცავდა, რომელიც სტუდენტთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
პრიზიორთა დაჯილდოებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ამირან სანიკიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „სტუდენტური ცხოვრება – 2023-ზე“ ნაჩვენები შედეგის მიხედვით საუკეთესო ფაკულტეტად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი დასახელდა.
დღის ფარგლებში დაჯილდოვდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ხუჭუა, რომელმაც უკრაინულ ნაციონალურ ქამრის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, აღნიშნული მიღწევისთვის კი მას უნივერსიტეტისგან ჯილდოდ 1000 ლარი გადაეცა.
ღონისძიებაზე აღინიშნა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებაზე – „სტუდენტური ფესტივალი – 2023“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვება. აღნიშნულ ფესტივალზე CIU-მ 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე დღეს თავიანთი საქმიანობა და მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ინტელექტკლუბმა, სტუდენტური კლუბების გაერთიანებამ (Magnum Opus) და სტუდენტ-მენტორის ინსტიტუტმა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კლუბები.
ღონისძიებას ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ზურაბ ქავთარია და ბაკურ ხუბულავა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დიმიტრი ხუბულავა და სტუდენტ-მენტორის ხელმძღვანელი თათია კოკობინაძე უძღვებოდნენ.