GE

CIU-ში წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ პრეზენტაცია გაიმართა

19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით, საერთო რედაქცია განხორციელდა გამოჩენილი ინგლისელი სამართალმცოდნის, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, პირს გარდნერის პროფესიული რჩევებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.

წიგნისთვის მასალები მოიძიეს, რედაქციულად დაამუშავეს და გამოსაცემად მოამზადეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მინდია უგრეხელიძემ და ბექა ქანთარიამ. პროექტი განხორციელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მონაწილეობით.

წიგნში გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში 1993-1995 წლებში კონსტიტუციური მშენებლობის პროცესში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კონსტიტუციის 12 პროექტი, რომლებშიც ასახულია მნიშვნელოვანი მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოს მომავალი კონსტიტუციური მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების თაობაზე, რაც შეიძლება გზამკვლევი აღმოჩნდეს მომავალი საკონსტიტუციო რეფორმების პროცესში. წიგნში წარმოდგენილია ხედვა სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის თითქმის ყველა იმ სისტემის შესახებ, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული.

კონსტიტუციის პროექტები იმითაცაა საყურადღებო და საინტერესო, რომ ისინი საფუძვლად დაედო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ 1995 წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ძირითად პროექტს, რომელიც საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებებითა და დამატებებით 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.

თითოეული პროექტის წარმომდგენმა სუბიექტებმა დიდი შრომა გასწიეს ამ ტექსტების შესაქმნელად, რითაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ეფექტიან მუშაობაში.

კრებულში გამოქვეყნებული ტექსტები მოძიებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნულ და ცალკეულ სამართალმცოდნეთა პირად არქივებში.

ღონისძიებაზე გაიმართა ასევე უნივერსიტეტის „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანია კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა. იქვე წარმოადგინეს უნივერსიტეტის გამოცემა, რომელიც ასახავს „კონსტიტუციური დემოკრატიის კვლევითი ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებული წიგნებისა და ორგანიზებული ღონისძიებების მოკლე აღწერილობებს საინტერესო ილუსტრაციებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოს 1993-1995 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მოწვეული კონსტიტუციონალისტები, წარმოდგენილი პროექტების ავტორები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კრებული საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს და უადვილებს ქართული კონსტიტუციონალიზმით დაინტერესებულ მკვლევრებს და საკონსტიტუციო რეფორმებში ჩართულ პირებს მათ მოძიებასა და გამოყენებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური