GE

ცნობილია რა პრინციპით გაიცემა სასწავლო გრანტი მაგისტრანტებისთვის 2024-2025 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში – დადგენილება

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყო 205 000 ლარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული დაფინანსებით და როგორია პროცედურები:

დაფინანსების ოდენობა და დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.
2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

გ) 9 000 (ცხრა ათასი) ლარი – 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

დ) 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი – 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

ე) 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი − 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ვ) 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ზ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

თ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ი) 117 250 (ას ჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების პრინციპი

1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტთა შორის უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტებზე.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.

3. მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

ინფორმაციას დარჩენილი თანხის გადანაწილების, დეტალებს განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ გაეცანით ირაკლი კობახიძის დეტალურ დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური