GE

ცნობილია რა ვადებში უნდა აირჩიონ სკოლებმა მე-9 კლასის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. უწყების ცნობით  მუშაობა დასრულდა საბაზო საფეხურის იმ სახელმძღვანელოების შეფასებაზე, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე ინფორმაცია სამინისტრომ 23 ივნისს გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ექნებათ.

როგორც სამინისტროში აცხდაებენ, გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 54 განაცხადი გაკეთდა, მათგან 53 განაცხადი გადავიდა რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე, რომელთაგან 34-მა სახელმძღვანელომ მიიღო, ხოლო 19-მა სახელმძღვანელომ ვერ მიიღო გრიფი.

განაცხადები არ შემოსულა შემდეგ საგნებში:
1. აფხაზური ენა და ლიტერატურა (V-IX კლასი);
2. რუსული/სომხური/აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IX კლასი);
3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX კლასი).

გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:
1. ქართული, როგორც მეორე ენა (IX კლასი).
2. მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (IX კლასი).

„აღსანიშნავია, რომ ამ საგნებში მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება კონკურსი უკვე X კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად. სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები”, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური