სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
ზოგადი განათლების რეფორმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს საჯარო სკოლებში, ასევე კერძოში, მე-12 კლასში სწავლა მოსწავლეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება და საზღვარგარეთ პირველივე კურსიდან უმაღლესი განათლების მიღების მსურველები 12-წლიანი სასწავლო პროგრამის გავლას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეძლებენ. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა.
განათლების მინისტრმა, როგორც კონცეფციის პრეზენტაციაზე, ისე არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში, დაასახელა მე-12 კლასში სწავლის მსურველი მეთერთმეტეკლასელებისთვის რეგისტრაციის გამოცხადების დრო, ასევე განმარტა, რომ დარეგისტრირებულთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, რომელი მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის რამდენ საჯარო სკოლაში შეძლებენ მოსწავლეები მე-12 კლასის დამთავრებას.
გივი მიქანაძეს არ დაუკონკრეტებია – საშუალოდ, რა რაოდენობის დარეგისტრირებული მოსწავლეა საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის ერთ საჯარო სკოლაში მე-12 კლასი გაიხსნას. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე-12 კლასის მსურველების რაოდენობა [განსაკუთრებით რეგიონებში] იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე განათლების სამინისტროს ერთი კლასის გასახსნელად ჰქონდა განსაზღვრული. ასევე, უცნობია, როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, თუ მე-12 კლასის დამთავრება სურს, მაგრამ სკოლა, სადაც ამის შესაძლებლობას აძლევენ, მისი საცხოვრებლიდან შორს მდებარეობს.
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
განათლების მინისტრისგან ვიცით მხოლოდ ის, რომ რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გამოცხადდება და მისი შედეგებით, სამინისტრო დამატებით კლასს, ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ იდენტიფიცირებულ სკოლებში გახსნის.
„რეგისტრაციის მიხედვით ვნახავთ, თუ რა რაოდენობის ახალგაზრდაზეა საუბარი, როგორია მათი გეოგრაფიული დაფარვა, რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მოიცავს და შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკვე მომდევნო სასწავლო წელს, მათთვის სპეციალურად, კონკრეტულ წინასწარ იდენტიფიცირებულ სკოლებში მე-12 კლასს გავხსნით“, – განაცხადა მინისტრმა ერთ-ერთ ტელეეთერში საუბრისას.
ჟურნალისტის რეპლიკას, „კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ყველა სკოლაში კი არ იქნება მე-12 კლასი, შეიძლება იყოს ერთ ან ორ სკოლაში“, გივი მიქანაძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია მსურველთა რაოდენობაზე:
„ეს პროცესი ჩატარდება მარტში. ჩვენ სწავლას ვიწყებთ ყოველი წლის 15 სექტემბერს. შესაბამისად, მარტიდან 15 სექტემბრამდე ჩვენ წინასწარ მივიღებთ ყველას ზომას და რა თქმა უნდა, რეგისტრირებულ მოსწავლეებსა და მათ ოჯახის წევრებს ვაცნობებთ, თუ რომელ სკოლებში გაიხსნება კლასები და სად მოხდება მათი ჩარიცხვა იმის მიხედვით, რომ მათ საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს იყოს ეს სასწავლებელი“.
ამავე საკითხზე განათლების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-12 კლასში მსურველები „გაღრმავებული რეპეტიტორიუმის“ ფარგლებში ისწავლიან.
„იმ მუნიციპალიტეტებში, იმ ქალაქებში, თბილისის შემთხვევაში – იმ რაიონებში, სადაც დაფიქსირდება კონკრეტული რაოდენობის მსურველები, ჩვენ კონკრეტულ საჯარო სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს და მათ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ ერთი წელიწადი გაღრმავებული რეპეტიტორიუმის ფარგლებში მოემზადონ შემდგომი ეტაპისთვის და დაასრულონ 12-წლიანი სასწავლო პროცესი და აიღონ მე-12 კლასის დამადასტურებელი ატესტატი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით მე-12 კლასის ნებაყოფლობასთან ერთად, ასევე განისაზღვრა, რომ სკოლები 11-წლიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავლენ.
ასევე იხილეთ:
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება