„ცოტა ნერვიულობას, სულ არ ინერვიულო, ჯობია“ – ქუთაისში ეროვნული გამოცდები ღიმილის ფონზე მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, როცა ნერვიულობა პიკს აღწევს, ქუთაისის საგამოცდო ცენტრებთან მაინც ღიმილიან აბიტურიენტებს დაინახავთ. ეს ის ადგილებია, სადაც ნერვიულობა და იმერული იუმორი ერთად თანაცხოვრობენ.
2026 წელს ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი – 41-ე, მე-17 და 23-ე საჯარო სკოლებთან გულშემატკივრებისა და აბიტურიენტების სიმრავლეა. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ჩქარმა იმერლებმა ქუთაისის #41-ე საჯარო სკოლასთან შეკრება რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დილის 07:00 საათიდან დაიწყეს.
“კი ვარ ცოტა სტრესულად, მაგრამ მაინც კარგად ვარ” – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
საგამოცდო ცენტრთან ავტომობილში ჩართული ხმამაღალი მუსიკით მისულმა აბიტურიენტმა დაძაბული გარემოს განმუხტვა ცადა და გულშემატკივრების შეძახილმაც არ დააყოვნა – ა, ამას სულ არ ეშინია”?!
– “ასეა, სამღერად მაქვს საქმე” – შეეპასუხა აბიტურიენტი.
– “აბა ბიჭებო, ჩვენ ლოცვა გავაძლიეროთ ბიჭებო”, – აბიტურიენტი ბიჭები ერთმანეთს.
– “ცოტა ნერვიულობას, სულ არ ინერვიულო, ჯობია”, – თავს იმშვიდებდა კიდევ ერთი აბიტურიენტი.
– “მე არ ვნერვიულობ, დედაჩემი ნერვიულობს”.
– “ისეთი ადვილი მოვა, თამთა, პირველი ვარიანტი, რომ საერთოდ არაა სანერვიულო”, – დააწია ფრაზა საგამოცდო ცენტრისკენ მიმავალ აბიტურიენტს გულშემატკივარმა.
– “ყველაზე მეტად არ მინდა, დავით გურამიშვილი მოვიდეს”.
– “სიტყვა გამოცდა უკვე უკავშირდება ნერვიულობას, ამიტომ ეს განცდა ბუნებრივია”, – გვითხრეს მშობლებმა და შვილები საგამოცდო ცენტრში შეაცილეს.
აბიტურიენტებს ჩვენც დავეხმარეთ, ერთ-ერთმა გამოსაცდელმა ქუთაისიდან, რეგისტრაციის დაწყებამდე პირადობა დაკარგა, რომელიც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა იპოვა და ტერიტორიაზე მყოფ საპატრულო ეკიპაჟს გადასცა. ვიდრე პატრული მოქმედებას დაიწყებდა, პირადობას საპატრულო ეკიპაჟის მანქანასთან თავად აბიტურიენტმა მიაკითხა და ეს ამბავიც ღიმილით დასრულდა.
რეგისტრაციის პროცესში ისიც გაირკვა, რომ ორ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრის მისამართი შეეშალა და ქუთაისის #23-ე საჯარო სკოლის ნაცვლად, #41-ე სკოლაში მოვიდა. გამოცდის კოორდინატორებმა ისინი სწორ მისამართზე გაუშვეს.
საბედნიეროდ, ქუთაისის #41-ე საჯარო სკოლაში დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა.
საგამოცდო ცენტრის კარი ზუსტად 09:00 საათზე დაიკეტა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„რა ხდება, თუ აბიტურიენტი გამოცდის ან წინა დღეს ავად გახდა და გამოცდაზე ვერ მიდის?“ – NAEC-ის განმარტება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება – განათლების სამინისტრო მასწავლებელთა STEAM ბანაკისთვის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დააფინანსებს
by ARIS.GE-განათლება
-
„ვეფხისტყაოსანი“ აუცილებლად მოვა, რადგან ის ყოველ წელს არის გამოცდებზე“ – 5 მთავარი გზავნილი აბიტურიენტებს გამოცდის წინ
by რჩევები