ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში – რომელ მოსწავლეებს შეეხებათ ახალი ჩანაწერი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ხალგაზრდობის სამინისტროა, საკანონმდებლო ორგანო კი მის დამტკიცებას უზრუნველყოფს.
რა შედეგი დადგება კანონის დამტკიცებით: 1.საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).
2.განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდ შესაბამისად, „ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან“, თუმცა სწორედ ამ ჩანაწერის დაზუსტებას ეძღვნება ახალი ცვლილება და კონკრეტულ მოსწავლეებზე გავრცელდება:
“აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას. გასათვალისწინებელია, რომ 2024-2025 სასწავლო წელს გამოცხადებულ ექსტერნატის გამოცდებზე გასვლისა და მე-9 კლასის პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მაშინ, როცა პირის ასაკი შეესაბამება ექსტერნატის წესით დასაძლევი კლასის ასაკობრივ კატეგორიას, წარმოიქმნა საბაზო საფეხურის ატესტატების გაცემის პრობლემა. რიგ შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს უკვე წარმატებით ჰქონდათ ჩაბარებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მისაღები გამოცდები.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ გაიცა რეკომენდაცია, აღნიშნული პირებისთვის გაცემულიყო საბაზო საფეხურის ატესტატები. მიმდინარე სასწავლო წელს, გაზაფხულზე იგეგმება ექსტერნატის გამოცდების ჩატარება, რისთვისაც მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 621 მუხლში და განისაზღვროს, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში”, – წერია განმარტებით ბარათში.
როგორც ცნობილია, 2024-2025 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხურზე დაიწყო რეფორმის პილოტირება. კერძოდ, პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა თბილისისა და სხვა რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის (XI-XII კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლევის შემდგომ გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
“მიზანშეწონილია, რომ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტთან – დიპლომთან ერთად გაიცემოდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებებს”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონში ჩნდება ახალი მუხლი:
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
– ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
– ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
– ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
– ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
– საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილია იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილი არ არის, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოაცხადოს.
ასევე იხილეთ:
ცვლილება ძალაშია – საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება 10-წლიანი გახდა
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე