ცვლილება ძალაშია – საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება 10-წლიანი გახდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ 18 ივლისს დამტკიცებულ მნიშვნელოვან ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ხელი მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა და შესაბამისად, საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება ცხრის ნაცვლად 10-წლიანი გახდა, კანონი 2025 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
კანონში ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხი განსხვავებულად მოწესრიგდა და მიეთითა, რომ: საქართველოში არის სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (4 წელი − VII−X კლასები) და საშუალო (2 წელი − XI და XII კლასები)“.
ამასთან, კანონს დაემატა გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
2. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
4. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილია იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
5. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილი არ არის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოაცხადოს“.
დღემდე საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება 9 წელით განისაზღვრებოდა.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება