GE

ცვლილებები პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებაში – მობილობა და ქულის გამოთვლა ასაკის მიხედვით

პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებაში ცვლილებები განხორციელდა და სხვადასხვა საკითხები დაზუსტდა.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით:

აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე:

19 წლის ჩათვლით –  1.3;

20-დან -29 წლის ჩათვლით – 1.1;

30 წელი და ზევით – 1.

ამასთან, თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მის მიერ მიღებული ჯამური ქულა მრავლდება კოეფიციენტზე – 1.2

პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით ჩაირიცხება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე, უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ან მის მიერ ჩაბარებული კონკურსის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

ბრძანებაში განსაზღვრულია 2020 წლის პროფესიული ტესტირების შედეგების გასაჩივრების ნაწილი და ასევე საუბარია იმ პირთა წრეზე, ვინც თავისუფლდება ტესტირებისგან და გამოცდის გარეშე ხდება კოლეჯის სტუდენტი:

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ზოგიერთი აპლიკანტის 2020 წლის ტესტირებიდან გათავისუფლება:

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2020 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს მინისტრი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირები არ აისახებიან ამ წესის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში. მათი ჩარიცხვა მოხდება რეიტინგულ სიაზე დამატებით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, დაწესებულებას გაეზრდება მისაღები ადგილების რაოდენობა, ხოლო თუ  ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.

იხილეთ ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური