GE

„ცხოვრება, თუნდაც, მხოლოდ ამ წუთებისთვის ღირდა…“ – კონკურსი, რომელიც მასწავლებლების ცხოვრებას ცვლის

ბედნიერების ცრემლები, დაუვიწყარი წუთები, სიხარულის ენით გამოუთქმელი გრძნობა, მადლიერება, პასუხისმგებლობა, დაბნეულობა, სიამაყე – ასე აღწერენ ისინი მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ წუთებსა და განცდილ ემოციებს. წუთებს, როდესაც ქვეყნის საუკეთესო ათ პედაგოგს შორის საკუთარი სახელები და გვარები ამოიკითხეს. როცა გააცნობიერეს, რომ მათ ახლა უკვე მთელი ქვეყანა იცნობდა და რომ მათი ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო.

ჩვენ ახლა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ათეულის წევრებზე ვსაუბრობთ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სკოლაში დებენ საკუთარი ძალისა და ენერგიის მაქსიმუმს. რომელთა მიღწევები, შრომა, ცოდნა და შედეგები აღტაცებასა და გაოცებას თანაბრად იწვევს.

ხუთ მათგანზე ჩვენ უკვე გიამბეთ. გაგაცანით მათი განვლილი გზა, საქმიანობა, სამომავლო გეგმები და შეხედულებები. დღეს მეორე ხუთეულს წარმოგიდგენთ: ჟანა ხაჩატურიანს ახალქალაქიდან, ხათუნა ყოჩაშვილს რუსთავიდან, შალვა მინდაძეს თბილისიდან, თამუნა მაჭარაშვილს თბილისიდან და მაია ლაპიაშვილს დედოფლისწყაროდან.

„დედაჩემის ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება”, – ჟანა ხაჩატურიანი

კონკურსის მონაწილე ახალქალაქიდან ჟანა ხაჩატურიანია. ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ი. ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი. ასევე, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი. ფილოლოგიის დოქტორი. 2002 წლიდან, 22 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში პედაგოგად დასაქმდა. რამდენიმე წელში კი, პარალელურად, სკოლაში მუშაობა დაიწყო. ჯერ გერმანულ ენას ასწავლიდა, ხოლო მოგვიანებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გახდა. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს აღმოაჩინა საგანი, რომლის მთავარი მიზანიც მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება და ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე ზრუნვაა.

2014 წელს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა დააჯილდოვა, როგორც -”სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი”. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური სტატიები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ფიქრობს, რომ მისი კვლევა-მიგნებები, რეგიონში არსებული არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს სახელმწიფო ენის ეფექტურად სწავლებაში ეხმარება.

ამბობს, რომ ყველა წამოწყებაში ოჯახის წევრებისა და მეგობრების იმედი აქვს და მათ თანადგომას ნებისმიერ მომენტში გრძნობს. ათეულის წევრობის სიხარულიც, პირველ რიგში, მათ გაუზიარა:

„დედაჩემის ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება, თუნდაც, მხოლოდ ამ წუთებისთვის ღირდა… სასწაული გრძნობა იყო, ემოციების ზღვა ვიგრძენი – სიხარული, ნდობა, პასუხისმგებლობა და აღიარება. სასწაული მადლიერების გრძნობა გეუფლება, რომ შეგამჩნიეს და შენ მიერ გაწეული შრომა აღიარების ღირსად ჩათვალეს”, – გვიყვება ქალბატონი ჟანა.

ჩვენს კითხვაზე, რის გამო შეაჩერა, მისი აზრით, ჟიურიმ ყურადღება სწორედ მასზე და რით გამოარჩია ასობით სხვა აპლიკანტებისგან, პედაგოგი ვარაუდობს, რომ მისი საქმიანობის გამო, კლასის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში სახელმწიფო ენისა და სამოქალაქო განათლების სწავლება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კი დაეხმარება ახალი შემართებით შეუდგეს, როგორც სამეცნიერო/კვლევით, ასევე პრაქტიკულ /საგაკვეთილო საქმიანობას.

„ვფიქრობ, მომეცემა საშუალება საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც სასკოლო საზოგადოებას აწუხებს. ჩემს რეგიონში ცვლილებების ინიციატორი გავხდე. ეს აღიარება მაძლევს დაფიქრების საშუალებას – რა სიკეთის მოტანა შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, სკოლისთვისა თუ ჩემი მოსწავლეებისთვის…“- დასძენს ჟანა ხაჩატურიანი.

„სუნთქვა შემეკრა“ – წლის საუკეთესო მასწავლებლები გამარჯვების მოლოდინში

„მამაცი, ემპათიური, დემოკრატი, კრიტიკულად მოაზროვნე, შრომისმოყვარე, პატრიოტი პიროვნების ჩამოყალიბება მასწავლებლის მთავარი ფუნქციაა“ – ხათუნა ყოჩაშვილი

ათეულის კიდევ ერთი წევრი ხათუნა ყოჩაშვილია, ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 და N15 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მენტორი პედაგოგი. თითქმის სამი ათეული წელია განათლების სფეროში მუშაობს და ამ მუშაობის ნაყოფის სრულყოფილად ჩამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. წლების განმავლობაში ხელს უწყობს მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების დანერგვა – განხორციელებას. ამავდროულად, არის გამომცემლობა „დიოგენეს“ ბუნებისმეტყველების ტესტების ავტორი, თანამშრომლობს ჟურნალ „მასწავლებელთან“ და მისი საშუალებით კოლეგებს სწავლა-სწავლების პროცესში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს უზიარებს. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, წერს საბავშვო ლექსებს, სცენარებს, დგამს სპექტაკლებს, აკეთებს დეკორაციებსა და ანიმაციებს. 29 წელია, განათლების ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე მუშაობს და ჯამში, 100-მდე ინოვაციური საერთაშორისო პროექტი აქვს განხორციელებული.

ფიქრობს, რომ ჟიურიმ მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორედ საქმიანობის მრავალმხრივობისა და მრავალფეროვნების გამო შეაჩერა.

„როგორც პედაგოგი, ორიენტირებული ვარ მოსწავლეთა და პედაგოგთა სწავლა-სწავლების პროცესის გათანამედროვებასა და მსოფლიო განათლების სიახლეების ქართულ პრაქტიკაში დანერგვაზე. ხელი შევუწყვე ევროპული განათლების ქართულ განათლებასთან ინტეგრაციას, ვზრუნავ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერაზე. მოსწავლეებს ვზრდი ემპათიურ, დემოკრატ, კრიტიკულად მოაზროვნე, შემწყნარებელ და პატივისმცემელ პიროვნებებად. ჩემი წიგნებით, ანიმაციებით, გაკვეთილებით ვეხმარები ემიგრანტ ქართველ ბავშვებს მშობლიური ენის შენარჩუნებასა და სამშობლოსთან ინტეგრაციაში; ვცდილობ ფერეიდნელ ქართველებთან კავშირების დამყარებას. ჩემი პროექტები, სოციალური სივრცე, სამოქალაქო აქტივობა მეხმარება თემთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივ აღიარებაში”, – აცხადებს ქალბატონი ხათუნა.

კონკურსში მონაწილეობით, ან გამარჯვებით მიღებული შესაძლებლობების გამოყენებასაც ასევე მრავალფეროვნად აპირებს. საკმაოდ ბევრი მიზანი აქვს: პირველ რიგში, მოსწავლეთა გარე სპორტული მოედნისა და ხელოვნების მოყვარულთათვის სკოლის სააქტო დარბაზის სცენის აღდგენას გეგმავს. ასევე, აპირებს გააკეთოს პროექტი, რომელიც ფერეიდნელი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ათეულის კლუბის მასწავლებლებთან პრაქტიკის გავლასა და საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას გახდის შესაძლებელს და ა.შ.

“მასწავლებლის მისიაა, ცოდნა ცხოვრებასთან დააკავშიროს“ – შალვა მინდაძე

შალვა მინდაძე თბილისის N 70 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ასევე, საგნობრივი მიმართულების მენტორი და პედაგოგიური რესურსების ავტორი. მუშაობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში და აქტიურად მონაწილეობს ინკლუზიური, კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული და ციფრულად გაძლიერებული საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებაში.

მისი საქმიანობის მრავალფეროვნებიდან და მიღწევათა ვრცელი სიიდან რომელიმეს ამორჩევა რთულია, თუმცა თავად მთავარ მიღწევად მიიჩნევს ფართო მასშტაბით, ისტორიის პლატფორმის დახმარებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ისტორიული ცნობიერების ფორმირებას, რაც ეფუძნება მტკიცებულებაზე დამყარებულ სწავლებას, და იმ საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას, რომელიც ეროვნული თუ სასკოლო სწავლებისთვის მოსამზადებლად ასობით რესურსს აერთიანებს.

კონკურსზე მისი კანდიდატურა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა გიორგი ჭაუჭიძემ და კოლეგამ — ნათია დავითაიამ წარადგინეს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება კოლეგიალური შეფასებისა და ურთიერთპატივისცემის შედეგი იყო, რაც მისთვის დიდი პასუხისმგებლობაც არის და სტიმულიც.

“პირველადი ემოცია იყო პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც მოჰყვა მადლიერება კოლეგებისა და მოსწავლეების მიმართ, ვინც ამ გზაზე ჩემს პროფესიულ განვითარებაში წვლილი შეიტანა”, – ამბობს პედაგოგი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა, მისი აზრით შესაძლებლობათა ფართო სპექტრს უხსნის მას, როგორც პედაგოგს და ამ შესაძლებლობების გამოყენებას, კოლეგებთან ერთად, აქტიურად აპირებს. ამბობს, რომ ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ფართო საზოგადოებას ჰუმანისტურ-კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე დაფუძნებული პრაქტიკა გაუზიაროს და პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟის გაზრდას ხელი შეუწყოს.

“მასწავლებლის მისიაა, დააკავშიროს ცოდნა ცხოვრებასთან, გაზარდოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობა, კრიტიკული აზროვნება და ემპათია. საგნობრივი კომპეტენციების პარალელურად, მას უნდა შეეძლოს ფასეულობებზე ორიენტირებული განათლების მიწოდება, რაც მოზარდს სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვილ თავისუფალ ადამიანად ჩამოაყალიბებს”, – მიიჩნევს შალვა მინდაძე.

ერთდროულად მოვიდა ემოციების ტალღა — სიხარული, დაბნეულობა, მადლიერება და პასუხისმგებლობა“,- თამუნა მაჭარაშვილი

მასწავლებლის პროფესია, პირველად, 2012 წელს გაიცნო, როდესაც პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოხალისე მასწავლებლად სამუშაოდ წავიდა. ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა მასწავლებლობა სამუდამო პროფესიად ექცია. მიიღო შესაბამისი განათლებაც და გახდა განათლების მაგისტრი საზოგადოებრივ მეცნიერებათა დიდაქტიკაში. ამჟამად კი თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მენტორი-მასწავლებელია.

ჩვენ ახლა კონკურსის კიდევ ერთ რჩეულზე, თამუნა მაჭარაშვილზე ვსაუბრობთ. პედაგოგზე, რომელიც ამბობს, რომ – „მოსწავლეს მასწავლებელი შთაგონებისთვის სჭირდება. თუ მის გონებაში დაიბადა ინტერესი, მას ვეღარაფერი გააჩერებს. სწორედ ამ მომენტისთვის ღირს მასწავლებლობა“.

გარდა სასკოლო საქმიანობისა, არის არაფორმალური განათლების ცენტრის „გაკვეთილის“ ლიდერობის კურსის ავტორი და ტრენერი. აქტიურად მუშაობს სკოლაში არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე. ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობის მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენაა.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე საკუთარი ინიციატივით მოხვდა – სოციალურ ქსელში სარეკლამო პოსტი ნახა, რომელმაც იმდენად შთააგონა, რომ აპლიკაციის შევსება გადაწყვიტა. გულწრფელად რომ ვთქვა, იმ ეტაპზე აღიარებაზე მეტად მოტივაციას ვეძებდი. საბოლოოდ კი ორივე მივიღე — სტიმულიც და დაფასებაცო – გვიყვება ქალბატონი თამუნა.

ჯილდოს ათეულში მოხვედრას პროფესიული გზის მნიშვნელოვან ეტაპს უწოდებს. მისთვის, ეს, ერთდროულად, არის როგორც აღიარება, ისე განვითარების შესაძლებლობა. ამბობს, რომ ათეულის წევრობა ნიშნავს იყო საქმიანი, ინოვატორი მასწავლებლების გვერდით, რომლებიც მუდმივად საკუთარ პროფესიულ ზრდაზე ზრუნავენ.

„ჩემთვის მთავარი მიღწევა ის არის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვაძლევ წარმატების შანსს, ვეხმარები, იპოვონ საკუთარი თავი და ადგილი საზოგადოებაში. როცა მოსწავლე ამბობს, რომ მისი ცხოვრება, აზროვნება ჩემმა გაკვეთილებმა შეცვალეს, ან წარმატების მიღწევაში დაეხმარა ის გამოცდილება, რაც ჩემი პროექტების დახმარებით მიიღო, ვფიქრობ, რომ ამ პროფესიაში ჩემი ყოფნა გამართლებულია“,- აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში პედაგოგი.

მასწავლებლის მთავარ მისიაზე საუბრისას, ქალბატონი თამუნა ამბობს, რომ საგნის ცოდნა საყრდენია, თუმცა, მასწავლებლის მთავარი მისია მოსწავლისთვის ისეთი ღირებულებების გადაცემაა, რომლებიც მას კარგ ადამიანად და მოქალაქედ ჩამოაყალიბებს. ამისთვის კი, პირველ რიგში, მასწავლებელი თავად უნდა იყოს საკუთარი თავის მასწავლებელი — მუდმივად ვითარდებოდეს და გარემომცველ სამყაროს კრიტიკულად აფასებდეს.

„ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება… თითქოს დრო შეჩერდა“, – მაია ლაპიაშვილი

მაია ლაპიაშვილი, უკვე 26 წელია, დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში გეოგრაფიის, მოქალაქეობისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. სხვადასხვა დროს უთანამშრომლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებთან როგორც მასწავლებლის, ისე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტისა და ადმინისტრატორის რანგში.

ფორმალურ განათლებასთან ერთად, დიდ ყურადღებას აქცევს არაფორმალური განათლების განვითარებას. გამოცდილება აქვს წარმატებულ საკლუბო, მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობებში. არის ახალგაზრდული ცენტრის „ჩვენი სივრცე“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც მოსწავლეებთან ერთად დააარსა, როგორც სოციალური საწარმო დედოფლისწყაროში. ამ სივრცეში საკვირაო და საზაფხულო სკოლები, პროექტები, საგანმანათლებლო ბანაკები, ეკო-კლუბი და სამოქალაქო განათლების კლუბები ფუნქციონირებენ. ამბობს, რომ ეს მოსწავლეებს რეალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ ცვლილების ავტორები.

მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მასწავლებელთა მხარდაჭერასა და განათლების ხარისხის განვითარებას. არის ტრენერი, ქოუჩი და საგანმანათლებლო ექსპერტი. ათი ათასზე მეტი მასწავლებლისა და სკოლის დირექტორისთვის ჩაუტარებია ტრენინგები, კონსულტაციები, კონფერენციები. არის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი როგორც ზოგადი, ისე სკოლამდელი განათლების მიმართულებით და აქტიურად მონაწილეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესში. წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა ასოციაციასთან, ტრენინგ-ცენტრებთან, მასწავლებლის სახლთან, IBSU-სთან.

„ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება… თითქოს დრო შეჩერდა. გაკვირვება, სიხარული და ღრმა მადლიერება ერთდროულად დამეუფლა“, – ასე იხსენებს იგი ჩვენთან მომენტს, როცა კონკურსის ათეულში მოხვედრის შესახებ შეიტყო, რომელზეც კოლეგებმა წარადგინეს. მათ შორის, წინა წლების მონაწილეებმა. ამბობს, რომ ეს მისთვის მხოლოდ პროფესიული აღიარება კი არა, სოლიდარობის, თანადგომისა და საერთო მისიის გამოხატულება იყო.

მისი, როგორც პედაგოგის მთავარ მიღწევად მიაჩნია იმ სივრცეების შექმნა, სადაც მოზარდი აღიქმება ხმისა და გავლენის მქონე აქტორად. ამბობს, რომ ის ახალგაზრდები, ვისთვისაც უსწავლებია, დღეს უკვე თავად ქმნიან საგანმანათლებლო ინიციატივებს, მართავენ ახალგაზრდულ ცენტრსა და სოციალურ საწარმოს, ირგებენ ლიდერების როლს თემში.

„მათი თანმიმდევრული, პასუხისმგებლობით გაჯერებული მოქალაქეობრივი პოზიცია ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საგანმანათლებლო შედეგი – ეს არის რეალური გავლენა საზოგადოებაზე. ასევე მიღწევად მიმაჩნია მოსწავლეებისა და თემის დაახლოება – როცა რეგიონში მცხოვრები მოზარდი თავისი იდეით ქმნის მნიშვნელოვან რეალობას და გვაჩვენებს, რომ განათლებას გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს,” – აღნიშნავს ინტერვიუში პედაგოგი.

ათეულის წევრობით მიღებულ შესაძლებლობებსაც იმ თემების ხმამაღლა გასაჟღერებლად გამოიყენებს, რომელთა შესახებაც საზოგადოების ცნობიერება ჯერ კიდევ არასაკმარისად მაღალია. მაგალითად, როგორ გაძლიერდეს მასწავლებლის პროფესიული ავტონომია, როგორ უნდა იქნას დაცული დემოკრატიული ღირებულებები, როგორ შეიქმნას მოსწავლეს ღირებულებებზე დაფუძნებული, თავისუფლების სივრცე და სხვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი, ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენას 2017 წლიდან ემსახურება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.

(R)

ამავე თემაზე:

„სუნთქვა შემეკრა“ – წლის საუკეთესო მასწავლებლები გამარჯვების მოლოდინში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm