GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ თაქთაქიშვილისა და ასისტენტ-პროფესორის, გიგა თვაურის სამეცნიერო სტატია: „Disinformation in the Age of Artificial Intelligence: The Role and Challenges of Media (An Analysis Based on the Georgian Context)“ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – Journal of Strategic Innovation and Sustainability გამოქვეყნდა.
უნივერსიტეტის მიერ 24 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე, კერძოდ, დეზინფორმაციის გავრცელების რისკები. კვლევა ეფუძნება ქართველ ჟურნალისტებთან ჩატარებულ ემპირიულ ანალიზს და გამოყენებულია ლოჯისტიკური რეგრესიის მოდელი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტთან ხშირი კონტაქტი მნიშვნელოვნად ზრდის დეზინფორმაციის რისკს, მაშინ, როდესაც მედიაორგანიზაციებში ძლიერი ვერიფიკაციის მექანიზმები ამ რისკს ამცირებს.
კვლევა ადასტურებს ხელოვნური ინტელექტის ორმაგ ბუნებას – ერთი მხრივ, იგი ზრდის მანიპულაციის შესაძლებლობას (მაგ., deepfake ტექნოლოგიები), ხოლო მეორე მხრივ, დეზინფორმაციის აღმოჩენისა და პრევენციისთვის გამოიყენება.
სტატიაში შემოთავაზებულია მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს:
- ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს;
- რეგულაციურ ჩარჩოებს;
- ეთიკურ სტანდარტებს;
- მედიაწიგნიერების განვითარებას.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური, ისე მედიისა და საჯარო სფეროებისთვის.
ცნობისთვის, Journal of Strategic Innovation and Sustainability არის საერთაშორისო აკადემიური ჟურნალი, რომელიც აქვეყნებს კვლევებს სტრატეგიული მენეჯმენტის, ინოვაციების, მდგრადი განვითარების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.
სამეცნიერო სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს