„სუნთქვა შემეკრა“ – წლის საუკეთესო მასწავლებლები გამარჯვების მოლოდინში
წლის ყველაზე ცხელი სეზონი განსაკუთრებულად ცხელი აღმოჩნდა იმ ათი ადამიანისთვის, რომლებიც, საკუთარ პროფესიაში, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ და საპატიო ჯილდოზე წარადგინეს. მათ უდიდეს კონკურენციას გაუძლეს და ასობით ღირსეული კოლეგადან ამოარჩიეს. ახლა, ქვეყნის ათი საუკეთესო პედაგოგი ყველაზე სასურველი – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ტიტულისთვის მარათონშია ჩაბმული.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. მანამდე კი, EDU.ARIS.GE თითოეულ მათგანს გაგაცნობთ. ეცდება მოგიყვეთ მათი განვლილი გზისა და საქმიანობის შესახებ. გაგიზიაროთ მათი აზრები, შეხედულებები და ემოციები. ამას კი ორი ვრცელი სტატიით შეეცდება, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლებს შეხვდებით.
დღევანდელი სტატიის მთავარი გმირები არიან ნესტან კუბლაშვილი თბილისიდან, დავით ბადალაშვილი თეთრიწყაროდან, რუსუდან გონაშვილი დედიფლისწყაროდან, გიორგი კვინკვია თბილისიდან და ელენე ბეთლემიშვილი გორიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხუთივე მათგანი შეყვარებულია საქმეზე, რომელსაც მრავალი წელია ემსახურება. პედაგოგის პროფესიას განიხილავენ როგორც ცხოვრების წესს, რომელსაც უძღვნიან არა მხოლოდ სამუშაო დროს, არამედ თავიანთი ცხოვრების უდიდეს ნაწილს.
„მასწავლებლის მთავარი მისია პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდაა” – ნესტან კუბლაშვილი
30 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ნესტან კუბლაშვილი თბილისის N172 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ყოფილმა მოსწავლეებმა წარადგინეს. ამბობს, რომ მოსწავლეების სიყვარულსა და თანადგომას გრძნობდა როგორც ,,ბნელ 90-იანებში“, ისე დღეს – „თუკი რამე ღირებულს ვქმნი, მხოლოდ ჩვენი ერთობლივი, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობის შედეგია“- გვეუბნება პედაგოგი.
ფიქრობს, რომ ჟიურიმ მასზე არჩევანი ღირებულებითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირების, სწავლების ტრანსფორმაციული მეთოდების დანერგვის, არასტანდარტული მიდგომების, სკოლისა და თემის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გამო შეაჩერა. განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი კი იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია, რომ სტატიის ფორმატში მათი ჩატევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ქალბატონმა ნესტანმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის საგრანტო კონკურსში ორი პროექტით – ,,ევრობავშვები – Euro Kids”“ და ,,ვირიბუს უნიტის (Viribus unitis) – ძალა ერთობაშია“, მოიპოვა დაფინანსება და საგრანტო თანხა მთლიანად ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეთა მიერ ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას მოახმარა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს 2017 წლიდან თვალს ადევნებს და ფიქრობს, რომ მან ბევრი მასწავლებლის ცხოვრება შეცვალა.
„აუმაღლა თვითშეფასება, უბიძგა არ შეწყვიტოს მუდმივი მაძიებლობა, კოლეგებთან თანამშრომლობა, ინტელექტუალური თუ ემოციური განვითარება. რა თქმა უნდა, შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც, უფრო შემწყნარებელი და კეთილგანწყობილი გახადა მასწავლებლის საქმიანობის მიმართ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, დაარწმუნა, რომ ,,განათლების სისტემაში ჩადებული სახსრები ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდებაა წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, – ამბობს ქალბატონი ნესტანი.
კითხვაზე, რა მისია აქვს მასწავლებელს და გარდა კონკრეტული საგნის ცოდნისა, რა უნდა მისცეს მოსწავლეებს, გვპასუხობს, რომ მასწავლებლის მთავარი მისია, თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდაა:
„რომელსაც გათავისებული ექნება პერსონალური ვალდებულებები, მოახერხებს ბალანსის დაცვას საზოგადოებრივ და პირად ინტერესებს შორის, დაიცავს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, შექმნის ,,სამართლიან, მშვიდობიან და მდგრად“ სამყაროს და ეცოდინება, რომ ხარისხიანი განათლება ერთადერთი იარაღია, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია, შევცვალოთ მსოფლიო“, – დასძენს ნესტან კუბლაშვილი.
„ბავშვებთან ვალში ვარ და თუ რამდენიმეს მაინც ვაპოვნინებ საკუთარ თავს, ჩავთვლი, რომ ვალი დავაბრუნე“, – დავით ბადალაშვილი
თეთრიწყაროს მონუციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგის, დავით ბადალაშვილის სტაჟი სულ 5 წელს ითვლის. თუმცა, ამ დროის განმავლობაში შეძლო უმთავრესი – გამხდარიყო ბავშვების საყვარელი მასწავლებელი, მეგობარი და ზოგჯერ, მესაიდუმლეც კი. მასწავლებლობა სწორედ ბავშვებთან ურთიერთობის დიდმა სურვილმა გადააწყვეტინა. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე, ბავშვებთან ერთად, სოფელში ბიბლიოთეკა მოაწყო და ამ დროს მიხვდა, რომ ეს დრო მათთან ურთიერთობისთვის, საუბრისთვის არ ჰყოფნიდა.
მოსწვლეებთან განსაკუთრებული და განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ამბობს რომ მისი მეგობრები არიან, რომლებსაც ყველაფერზე შეუძლიათ მათთან საუბარი, სიცილი, ხუმრობა. თუმცა, ყოველთვის გრძნობს მათ პატივისცემას, რაც ყველა დეტალში გამოიხატება. თუნდაც იმაში, რომ არასოდეს აგვიანებენ მის გაკვეთილზე, უზიარებენ საკუთარ ფიქრებს, აზრებს, ოცნებებს.
„ხშირად ვეუბნები – მომექეცით ისე, როგორც გექცევით – სხვას არაფერს ვითხოვ. ადვილია იყო კარგი მასწავლებელი – საჭიროა არ დაემსგავსო შენს მასწავლებლებს. სინამდვილეში, მასწავლებლებს სულ გვეშინია მოსწავლეები ისე არ მოგვექცნენ, როგორც ჩვენ ვექცეოდით საკუთარ მასწავლებლებს“, – გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე კოლეგამ წარადგინა. იმდენად ნერვიულობდა, ათეულის წევრების დასახელებას ვერ უყურა. შეკითხვაზე, სიხარულთან ერთად გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობასაც, გვპასუხობს, რომ პასუხისმგებლობის განცდა დიდია, თუმცა არა იმაზე დიდი, რაც მასწავლებლობას ახლავს.
„სკოლაში სწავლება გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ათეულში მოხვედრა. ჟიურის მადლიერი ვარ, მაგრამ გაცილებით დიდი მადლობა ბავშვებს უნდა ვუთხრა, რადგან მათ გადამარჩინეს, საკუთარი თავი მაპოვნინეს. მათთან ვალში ვარ და თუ რამდენიმეს მაინც ვაპოვნინებ საკუთარ თავს, ჩავთვლი, რომ ვალი დავაბრუნე. თუ ოდესმე გამიხსენებენ და იტყვიან, რომ მათი ცხოვრება შევცვალე, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა“, – ამბობს დავით ბადალაშვილი.
მიუხედავად პედაგოგობის მცირე სტაჟისა, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება მოასწრო. მაგალითად, პროექტები „იფიქრე ქართულად“ და „ვაჟას სკოლა“, რომლის ფარგლებშიც, სხვა აქტივობებთან ერთად, სკოლაში ქართველ ავტორებს იწვევდნენ და მათ შემოქმედებას მოსწავლეებს აცნობდნენ. მიიჩნევს, რომ ბავშვებს განსხვავებული გარემო და მრავალფეროვანი აქტივობები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, არაფორმალურ განათლებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.
სკოლის მთავარი მისია ბავშვების რეალური ცხოვრებისთვის შემზადება ჰგონია. კონკურსში მონაწილეობაც, პირველ რიგში, იმიტომ ახარებს, რომ ამით საკუთარი ძალის რწმენა მის მოსწავლეებსაც გაუჩნდებათ. დაინახავენ, რომ მათ გვერდით მცხოვრებმა ადამიანმა ეს შეძლო, და მიხვდებიან, რომ ოცნებითა და მიზანმიმართული შრომით თავადაც ყველაფერი შეუძლიათ. გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე დიდი ოცნების – ვაჟას სკოლის აღდგენას გეგმავს, რაც მისი მიზანი და ცხოვრების იდეაფიქსია.
„რამდენიმე წამით, სუნთქვა შემეკრა“ – რუსუდან გონაშვილი
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე დიდი ხანია გასცდა კონკურის იდეას — მან ჩამოაყალიბა პროფესიული ცნობიერება და საზოგადოების ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებს მიაპყრო. გააძლიერა მასწავლებლები, საზოგადოებას დაანახა მათი ძალა და წვლილი ქვეყნის მომავლის შენების საქმეში”, – ეს ჩვენი მომდევნო რესპონდენტის, ათეულის კიდევ ერთი წევრის, რუსუდან გონაშვილის სიტყვებია.
პროფესიით ფილოლოგი 28 წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. არის მენტორი, დოქტორანტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, ბლოგერი, მკვლევარი. ხელმძღვანელობს მის მიერ 2017 წელს დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციას, სადაც ქართულის უამრავი მასწავლებელია გაერთიანებული და ქვეყნის მასშტაბით არაერთ საინტერესო ღონისძიებას მართავენ. ამავდროულად, არის რამდენიმე დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, შექმნილი აქვს უამრავი რესურსი, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე – პედაგოგებისთვის. ფიქრობს, რომ კონკურსშიც სწორედ პედაგოგიური პრაქტიკის მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი აქტივობის წყალობით მოხვდა.
„ყველანაირად ვცდილობ, რომ განათლება იყოს მოსწავლეზე, მის უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული – ინკლუზიური, თანასწორი და საინტერესო,“ – ამბობს ქალბატონი რუსუდანი, რომელიც კონკურსზე მოსწავლეებმა, კოლეგებმა და პროფესიული წრის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ათეულში მოხვედრის ამბავი რომ გაიგო – „იმ მომენტში, რამდენიმე წამით, სუნთქვა შემეკრა — ეს იყო უდიდესი სიხარული, რომელიც არასდროს დამავიწყდება,“ – ყვება იგი.
მისთვის, მასწავლებლობა მუდმივი ძიება, სიახლეებისკენ სწრაფვა და იმის რწმენაა, რომ განათლება ნამდვილად ცვლის ცხოვრებას. ფიქრობს, რომ განათლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საკლასო ოთახით. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ კლასის გარეთ და რეალურ პრობლემებს შეეხონ.
„მუდამ ვეძებ გზებს, როგორ გადავაქციო სწავლება ცოცხალ პროცესად — ისეთად, რომელიც ბავშვს აზროვნებას, პასუხისმგებლობას, საკუთარ თავსა და სამყაროზე დაკვირვებას ასწავლის. ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო ფიქრი, ძიება, სამყაროს დანახვა განსხვავებული პერსპექტივებიდან, სხვათა აზრის პატივისცემა და მრავალფეროვნების დაფასება,“ – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში პედაგოგი.
ფიქრობს, რომ თანამედროვე განათლება საგნებს არ ყოფს — ის ცხოვრებისეული უნარების შეძენას ემსახურება. მასწავლებელი კი რეალური ცვლილების თანამონაწილეა.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობას ვუყურებ, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას“, – გიორგი კვინკვია
ინგლისური ენის ფილოლოგი და ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი. 13 წელია განათლების სფეროშია, აქედან 9 წელი კი თბილისში, თანამედროვე განათლების აკადემიაში ინგლისურ ენას, TOEFL-ის მოსამზადებელ პროგრამასა და აკადემიური წერის ინგლისურენოვან კურსს ასწავლის. იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სადაც ინგლისურ ენაში ლექციებს კითხულობდა. წლების განმავლობაში გაიარა პროფესიული გადამზადების არაერთი პროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და არის British Council -ის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების წევრი. მთელი ეს ჩამონათვალი, რომელიც მოკლე ვერსიაა საქმიანობების, მიღწევებისა და რეგალიეების რეალური სიისა, ათეულის კიდევ ერთი წევრის, გიორგი კვინკვიას კარიერას აღწერს.
კონკურსში მონაწილეობა მისი იდეა არ ყოფილა, კოლეგებმა წარადგინეს და ბევრი ფიქრის შემდეგ დათანხმდა. ამბობს, რომ ის ყურადღება, რაც ათეულის წევრობამ მოუტანა, ერთდროულად სასიამოვნო და უცნაურია.
„ეს იყო სრული შოკი, ჩემთვის. ძალიან გახარებული ვიყავი, თუმცა უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე ბევრად უკეთესი მასწავლებლები არიან“, – შთაბეჭდილებებს გვიზიარებს პედაგოგი.
ფიქრობს, რომ ჟიურიმ იმ პროექტებს მიაქცია ყურადღება, რომლებსაც საქართველოში თუ საზღვარგარეთ ახორციელებს.
„ჩემს მთავარ ამოცანას წარმოადგენს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობა, ბავშვთა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ღონისძიებები, სპექტაკლები და რაც მთავარია, ჩემი მხარდაჭერა მოსწავლეებისათვის, რათა გახდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები,“ – აღნიშნავს ბატონი გიორგი.
ათეულის წევრობა, მისი აზრით, პროფესიული განვითარების უნიკალურ შანსს იძლევა. მრავალმხრივ შესაძლებლობებს ხსნის განათლების სისტემის განვითარების კუთხითაც. ამბობს, რომ პლატფორმა ხელს უწყობს ახალი პროექტებისა და ინიციატივების წამოწყებას. გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ათეულის კლუბის საქმიანობაში, კოლეგებს საკუთარი პრაქტიკა, ინოვაციურ მეთოდები და მიდგომები რეგულარულად გაუზიაროს.
„ჩემი, როგორც ათეულის წევრის, სტატუსს გამოვიყენებ მოსწავლეების მოტივირებისთვის. მინდა მათ ვაჩვენო, რომ შრომითა და მონდომებით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, და რომ მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას იძლევა“, – დასძენს იგი.
ეროვნული ჯილდოს კონკურსი კი, მისივე თქმით, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის იმის დანახვას, რომ მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ ინოვატორი, მენტორი და საზოგადოების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ხელს უწყობს ინოვაციური და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის იდენტიფიცირებას და პოპულარიზაციას. სწორედ იმიტომ აირჩია, ეს პროფესიაც – განათლების უზარმაზარი ძალის სჯერა.
„მინდა მეტად წარმოვაჩინო ის ფარული შრომა, რასაც მასწავლებლები ყოველდღიურად დებენ“ – ელენე ბეთლემიშვილი
გორის #8 და #3 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელია ელენე ბეთლემიშვილი, 23 წლიანი სტაჟით. ამ დროის განმავლობაში იგი მხოლოდ კლასში, ბავშვებთან მუშაობით არ შემოიფარგლბოდა. მუდმივად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში, რაც მის პროფესიულ საქმიანობას სულ უფრო მაღალ საფეხურზე სწევდა. ამ ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასისტენტ-პროფესორია და პედაგოგიურ გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს.
ფიქრობს, რომ ჟიურიმ არჩევანი სწორედ ამ მიზეზის გამო შეაჩერა – მისი პროფესიული საქმიანობა, მოსწავლეებზე ზრუნვის პარალელურად, მასწავლებლების მხარდაჭერასა და საგნობრივი სწავლების პოპულარიზაციას მოიცავს.
„ჩემი ძლიერი მხარეა ღირებული პრაქტიკის გაზიარების მუდმივი სურვილი – ამისთვის ვქმნი რესურსებს დაწყებითი საფეხურისთვის, რომლებიც ონლაინაა ხელმისაწვდომი. ეს ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა ჩართულობასა და შემოქმედებით თავისუფლებას, ისე მასწავლებელთა დაგეგმვის პროცესის გამარტივებას. ასევე, ვატარებ ვებინარებს, ვმონაწილეობ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებზე. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინტეგრირებულმა ხედვამ – როცა საკლასო საქმიანობა და კოლეგიალური მხარდაჭერა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს – გამოიწვია ჟიურის დაინტერესება“,- ამბობს ქალბატონი ელენე.
მისი მრავალფეროვანი კარიერიდან გამომდინარე, კონკურსზე მოხვედრა გასაკვირი ნამდვილად არაა. მითუფრო, რომ იგი კონკურსის სამმა ყოფილმა მონაწილემ წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი 2023 წლის ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტურია.
ათეულში მოხვედრის სიხარული, პირველ რიგში, დედას გაუზიარა, როგორც მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარს. მერე – ოჯახის დანარჩენ წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მოსწავლეებს: „იმ დღეს ნამდვილად ვიგრძენი, რომ ეს აღიარება მხოლოდ ჩემი კი არა, საერთო წარმატება იყო – გაზიარებული სიხარული, რომელიც ბევრ ადამიანს ეკუთვნოდა“ – ყვება ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი ელენე.
ამბობს, რომ ამ ემოციას მალევე მოჰყვა მადლიერების დიდი განცდა – იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯილდოზე წარადგინა. მადლიერებას გრძნობს საკუთარი თავის მიმართაც – რომ დღემდე ინარჩუნებს ცნობისმოყვარეობას, საქმეს სიყვარულით აკეთებს და გამოცდილებას სხვებს ღიად უზიარებს.
„პედაგოგობა ჩემთვის ადამიანებთან ჰუმანური, სანდო ურთიერთობების შექმნის ხელოვნებაა. ეს არის პროფესია, რომელიც იწყება ბავშვების უნიკალურობის აღიარებით და გრძელდება იმ გარემოს შექმნით, სადაც ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ უსმენენ და შეუძლია იყოს ის, ვინც არის – ცნობისმოყვარე, კითხვების დამსმელი, ხანდახან ცელქიც“,- დასძენს პედაგოგი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი, ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენას 2017 წლიდან ემსახურება. პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.
(R)
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
-
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა
by ARIS.GE-განათლება
-
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ
by ა(ა)იპ “მასწავლებლების ეროვნული ჯილდო”
-
„ცხოვრება, თუნდაც, მხოლოდ ამ წუთებისთვის ღირდა…“ – კონკურსი, რომელიც მასწავლებლების ცხოვრებას ცვლის
by ა(ა)იპ “მასწავლებლების ეროვნული ჯილდო”