„…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი
EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ თეონა ხარაული, 32-ე საჯარო სკოლის, ინგლისური ენის მასწავლებელი (როგორც მისი წერილიდან ჩანს, უკვე ყოფილი მასწავლებელი ავტ.)
საგულისხმოა, რომ თეონა ხარაული უკვე მეორე მასწავლებელია, ამ სკოლიდან, რომელიც მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ისტორიას წერილით გვიამბობს და დირექტორზე მიუთითებს. მსგავსი ისტორია აქვს გასული “თავისუფალი ტრიბუნის” სტუმარ ნინა ჟორჟოლიანსაც.
თეონა ხარაულის წერილი 26 აგვისტოს მივიღეთ,
მოგესალმებით. მე გახლავართ თეონა ხარაული, 32-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი. მსურს მოგიყვეთ იმ უსამართლობის შესახებ, რასაც გადავაწყდი სკოლაში. თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება ჩემი თანამშრომლის, ნინა ჟორჟოლიანის ამბავი. ჩვენ ერთად დავიწყეთ თანამშრომლობა სკოლასთან და მსგავსი პრობლემა შეგვექმნა. აქამდე მჯეროდა, რომ დირექტორთან საუბრით, რაიმე ადეკვატურ შედეგამდე მივიდოდი, თუმცა ამაოდ….. ყველაფერი კი ასე დაიწყო…. გასაუბრების შემდეგ მალევე დამიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე და მითხრეს, რომ წარმატებით გავიარე გასაუბრება და ჩემთან სურდათ თანამშრომლობა. ისევ თვალნათლივ მახსოვს ის ემოციები, თუ როგორი სიხარულით, იმედებით და მიზნებით შევაბიჯე ამ სკოლაში და შევუდექი საქმიანობას. არ ვიშურებდი დროს და ენერგიას, იმისთვის, რომ გამემართლებინა მათი იმედები, ვინც ნდობა გამომიცხადა.
ჩემს მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვასრულებდი. ვფიქრობ, სწორედ ასეთ კადრებს უნდა ეძებდნენ სკოლები. ახალგაზრდა მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს დებენ საქმიანობაში და ზრუნავენ ახალ თაობაზე. სწორედაც რომ სკოლა უნდა იყოს დაინტერესებული ისეთ მასწავლებლებთან თანამშრომლობით, რომელთათვისაც პრიორიტეტი არა მარტო საგნობრივი ცოდნის გაცემაა, არამედ მოსწავლეთა პიროვნული ზრდაც. როგორც აქამდე ჩემმა კოლეგამ, ნინამ აღნიშნა, ერთწლიანი თანამშრომლობის მანძილზე, ერთადერთი შეფასება, რაც დირექტორისგან მოვისმინეთ იყო შემდეგი: “დღემდე ჩემამდე მხოლოდ პოზიტივი მოვიდა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად პოზიტივის გამოხატვა უჭირთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღმა კიდევ უფრო მეტი პოზიტივი იქნება”. ის ხშირად გამოთქვამდა კმაყოფილებას ჩემი საქმიანობის მიმართ. ასე დასრულდა სასწავლო წელი….
შვებულების პერიოდში, კონკრეტულად კი აგვისტოს მიწურულს ჩემამდე (არ მინდა ასე ვთქვა, მაგრამ ) ჭორის სახით მოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ დირექტორი ჩემთან აღარ აპირებდა თანამშრომლობის გაგრძელებას. თავდაპირველად მივიჩნიე, რომ ეს შეცდომა იყო და მე არ მეხებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როდესაც იდენტური ინფორმაცია გავიგე კიდევ ორი სხვა პიროვნებისგან, ძალიან შევშფოთდი. სატელეფონო ზარის მეშვეობით გადავწყვიტე მისი გადამოწმება. შედეგად კი, დამსაქმებელმა დამიდასტურა, რომ ჩემამდე მოსული “ჭორი” სიმართლეს შეესაბამებოდა. მე მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ დირექტორთან პირადი საუბრით მივიღებდი ადეკვატურ პასუხებს ჩემს კითხვებზე, თუმცა კვლავ უშედეგოდ…..
20 აგვისტოს დამსაქმებელს პირადად შევხვდი და გავესაუბრე. ის არ გრძნობს პასუხისმგელობას, რომ ინფორმაცია დროულად უნდა მოეწოდებინა ჩემთვის. მას სულაც არ მიაჩნია უსამართლოდ ის ფაქტი, რომ სხვა პიროვნებისგან გავიგე “ჭორის” სახით ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ მიგრძელდებოდა. დირექტორის თქმით, მთავარია რომ სატელეფონო ზარის დროს დამიდასტურა ეს ინფორმაცია. დირექტორის თვალსაზრისით, თავად უნდა მივსულიყავი კითხვებით და შესაბამის პასუხებსაც მივიღებდი. დამსაქმებელმა თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად მომიყვანა უსაფუძვლო ბრალდებები ( ხაზს ვუსვამ ბრალდებები და დარღვევები, რომელზეც არც სიტყვიერი გაფრთხილება და არც წერილობითი შენიშვნა არ მიმიღია) და მითხრა, რომ ცუდი საშემსრულებლო დისციპლინა მქონდა.
ცხადია, რომ დირექტორთან ხაზგასმით აღვნიშნე ის ფაქტი, რომ მას ერთხელაც არ მოუცია შენიშვნა არც სიტყვიერი და არც წერილობითი, მიუხედავად იმისა, რომ არასაპატიო მიზეზით ერთხელ დამაგვიანდა კათედრის სხდომაზე. ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ თანამშრომელი გაუშვან სამსახურიდან. დამსაქმებლის თქმით, ფაქტიურად მის სახეზე ამოიკითხებოდა ჩემდამი უკმაყოფილება. შენიშვნებს და ე. წ. დარღვევებს სამწუხაროდ მისი სახის გამომეტყველებით უნდა მივმხვდარიყავი……
მიღებულმა პასუხებმა სრულიად გამაოგნა. არ მინდოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ გარდა იმისა, რომ საკუთარ მოვალეობებს ვასრულებდი პირნათლად, დირექცია ამავდროულად მავალებდა დირექტორის ვაჟის (სპორტის მასწავლებლის) გაკვეთილების ჩატარებას, იმ დროს, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, თავად ის პიროვნება სკოლაში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად დირექტორიც ამის შესახებ ინფორმირებული იყო, მას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ ფაქტზე. უფრო მეტიც, ბოლო საუბრისას მითხრა: “რატომ ატარებდი? ოდესმე მითხოვია თეონა?”.
მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა. ამ ფაქტზეც დირექტორს თავისებური ახსნა მოეპოვება. მისი თქმით, ბოლო პედსაბჭოზე განზოგადებულად გამოთქმული განცხადება (იმის თაობაზე, რომ ვადიანი ხელშეკრულებები გადაიხედებოდა და მსურველებს შეეძლოთ პარალელურად მოეძებნათ ახალი სამუშაო ადგილები), იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კითხვით მიმემართა მისთვის, გააგრძელებთა თუ არა ჩემთან თანამშრომლობას. დირექტორის თქმით, სწორედაც რომ მე უნდა დამესვა კითხვა, აპირებდა თუ არა ის ჩემთან ხელშეკრულების გაგრძელებას. ეს კი უნდა გამეკეთებინა, სანამ შვებულებაში გავიდოდი… ახლა უკვე გვიანია კითხვების დასმა…
ძვირფასო მკითხველებო, ძალიან ლოგიკური კითხვა მაქვს, თუ დამსაქმებლის თქმით, ვერ ვასრულებდი ნაკისრ მოვალეობებს და ცუდი საშემსრულებლო დისციპლინა მქონდა, დამსაქმებელი ხომ ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო? ეს არ მომხდარა…. ის ასევე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება. მე შვებულების ხელფასიც ავიღე და თუ ამას არ ვიმსახურებდი, პრეტენზიაც არ მექნებოდა. აქედან გამომდინარე, მინდა მოგახსენოთ სამწუხარო ფაქტი, რასაც გადავაწყდი. დამსაქმებელი ცდილობს კონონებზე დაყრდნობით, გაამართლოს თავისი უსამართლო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამდენი ბრალდების, რომლითაც ცდილობს დამიმტკიცოს, რომ ნაკისრ მოვალეობებს ვერ ვასრულებდი, ის არ აპირებს ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტას (ეს თავად განმიცხადა). შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ დამსაქმებელი ელოდება ვადის ამოწურვას, რომლითაც სურს ყოველგვარი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. სამწუხაროდ, ასე დავრჩი უმუშევარი მთელი წლით, რადგანაც აგვისტოს მიწურულს გავიგე ინფორმაცია, რომ სკოლიდან აპირებდნენ ჩემს გაშვებას. დროულად რომ ვყოფილიყავი ინფორმირებული, მეტი შანსი მექნებოდა სხვა სკოლაში დასაქმების.
მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გარშემო ბევრი ერთგული გულშემატკივარი მყავს, რომლებიც დიდ დახმარებას მიწევენ. ეს ყოველივე მმატებს იმის რწმენას, რომ ერთად შევძლებთ უსამართლობის დამარცხებას.