GE

„ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის “თავისუფალი ტრიბუნა” დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ ლიკა ორმოცაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი.

ლიკა ორმოცაძის წერილი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სკოლაში 5 წელი ასწავლიდა 22 სექტემბერს მივიღეთ, სადაც ის განათლების დღევანდელ სისტემას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მასწავლებლობაზე უარის თქმა და ქვეყნის დატოვებაც განათლების სისტემამ აიძულა.

“გამარჯობა, მაპატიეთ ეს ემოციური სიტყვები, ეს გულისტკენა და ტკივილი, რასაც ახლა გადმოვცემ, რადგან სკოლა დავტოვე! ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი წვალებით მიღწეული წარმატება, ყველაფერი დავტოვე, მათ შორის – ქვეყანაც და ამაში ეს განათლების სისტემაა დამნაშავე! დამნაშავეა იმაში, რომ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70% დაფინანსებით დასრულება და მასწავლებლის გამოცდების ათიდან ათ ქულაზე პირველივე წელს ჩაბარება არ კმარა, რომ სტატუსი მოგვენიჭოს! სტატუსი, რომელსაც ვფიქრობ არც აქვს მნიშვნელობ, რადგან არც ერთ საჯარო სკოლაში არ ცხადდება ვაკანსია! სკოლას ორი მასწავლებელი რომ ჰყავდეს, მესამეს არ აიყვანს და თუკი აიყვანეს აქაც შიდა რეკომენდაციებით ხდება ახალი კადრის მიღება. განათლება ბიზნესად აქციეს და არავინაა ამის გამკონტროლებელი.

არის სკოლები, სადაც მართლა არაა საჭირო ახალი კადრი, მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრია ისეთი სკოლა, რომელსაც შეუძლია ჩართოს ახალი მასწავლებელი, მაგრამ ამას ან არ, ან ვერ აკეთებს! იცით რატომ? განათლებს სამინისტროს ფუნქცია დიდი ხანია მოეშალა და ამის გამო თაობები იღუპება!

ორი წლის წინ გადავწყვიტე ბოლო გაბრძოლება და მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩავერთე და ამ პროგრამის კურატორისგან მივიღე სიტყვიერი ინსტრუქცია და ისე ვიხელმძღვანელე! მაძიებლის პროგრამა მართლაც რომ ამართლებს სახელს. აი, ცხვრებს რომ საძოვარზე მწყემსის გარეშე გარეკავ და ის ცხვრები გზააბნეული თავად ცდილობენ სახლში მისასვლელი გზა გაიკვლინ, ასე გავიარე ეს ერთი წელი! უცხოეთში მომიწია წასვლა და დაბრუნების, შემდეგ ქალბატონ დალის (გულისხმობს კურატორს ავტ.) დავუკავშირდი და შევამოწმებინე ჩემი პირადი ინფორმაცია და ვადები. მისგან მივიღე დასტური, რომ აქამდე არ ვფიქსირდებოდი ისქულის ბაზაში, როგორც მაძიებელი და მითხრა, რომ თავისუფლად შემეძლო გამევლო ერთ წლიანი პროგრამა! მანამდე ვფიქრობდი, რომ ორ წლიან პროგრამაზე ვიყავი დარეგისტრირებული. მისი ამ რეკომენდაციის შემდეგ, დიდი შემართებით ექვს თვეში შევასრულე ყველა დავალება და ბოლოს, როცა უნდა მიმეღო სტატუსი მომივიდა წერილი, რომ არასწორად მქონდა არჩეული კურსი და ერთი წლის ნაცვლად ორი წლის ვადებში უნდა შემესრულებინა დავალებები. ქალბატონმა დალიმ ის სიტყვიერი დასტური, რა თქმა უნდა, არ ან ვერ გაიხსენა და დავრჩი კიდევ უსტატუსოდ! ძალიან განვიცადე და როცა დავურეკე ცინიკურად მითხრა -კარგი რა გააკეთე ასეთიო? არაფერი ისეთი, სულ რაღაც ექვსი თვე ვათენე და ვაღამე და მისი არაკომპეტენტური რჩევის და დირექტივის გამო დავრჩი ისევ უსტატუსოდ. ამან მიმიყვანა იქამდე, რომ სკოლა დავტოვე! ქ. ფოთში ბევრს გული დაწყდა ჩემი გადაწყვეტილების გამო, იმიტომ რომ ბევრი მოსწავლე დამიყენებია გზაზე და ახლა ჩემთვის ძალიან ძნელია ასე ყველაფრის დატოვება და უცხოეთში წასვლა, მაგრამ მეტი გზა არ დამიტოვა ამ სისტემამ.

ვაგრძელებ სწავლას, მაგრამ სხვა განხრით და სხვა მიზნებით, სხვა ქვეყანაში, რადგან ვიცი, საქართველოში, განათლების სფეროში ჩემი ადგილი ვერ მოიძებნა! გული იმაზე მწყდება მოვა დრო ბევრი წავა ჩემს მსგავსად ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ უსამართლობას ვერ შევეგუები და როცა ვერც ვერაფერს შეცვლი, შენ უნდა გაერიდო და უკეთესი გზები ეძებო. ერთია, ბევრი დაზარალდა ჩემი ამ გადაწყვეტილებით. ჩემი, როგორც ადამიანის განადგურებაა აქ ყოფნა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები და სკოლა. უდიდესი მადლობა ჩემს სკოლას და მის საოცარ ფასილიტატორს თამარ გვასალიას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ჩემთან ერთად. კერძო სკოლაში ვასწავლიდი და არც არასოდეს დავტოვებდი ჩემს სკოლას, სახელმწიფოს ისევე რომ ეზრუნა კერძო სკოლის მასწავლებლებზე, როგორც საჯარო სკოლაშია. იქაც დიდად არ არის დაფასებული მასწავლებლის შრომა, მაგრამ ჩვენთან შედარებით ანაზღაურება საჯარო სკოლის პედაგოგებს ორმაგი და სამმაგი აქვთ. რა თქმა უნდა, მასწავლებელს ასჯერ მეტი ეკუთვნის და უფრო მეტიც მინდა ჰქონდეთ, მაგრამ ის დისკრიმინაციული მიდგომა რაც კერძო და საჯარო სკოლებს აქვთ კიდევ ერთი დიდი უსამართლობაა. წავედი და სამი დღის ჩამოსულს კიდევ ერთმა ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მთხოვა ჩემთან ერთად შეეტანა უნივერსიტეტში საბუთები. ერთის იმედი მაქვს, ოდესმე ვინმე ნორმალური ადამიანი მოვა და შეცვლის ამ სიმახინჯეს, რასაც განათლების სისტემა ჰქვია! იქნებ მაშინ მაინც გავაგრძელო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

მადლობა.

თავისუფალი ტრიბუნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური