GE

დაგიშვებენ თუ არა ეროვნულ გამოცდაზე თუ პირადობის მოწმობა სახლში დაგრჩათ – „ნაეკის“ განმარტება

2022 წლის ეროვნულ გამოცდებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და აბიტურიენტებს კიდევ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. EDU.ARIS.GE კი მუდამ ცდილობს ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს. აპლიკანტები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, თუ რა არის ის აუცილებელი ნივთები და დოკუმენტები რომლებიც მათ გამოცდის დღეს, საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას, რეგისტრაციაზე უნდა წარადგინონ და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებიდან რომელიმე სახლში დარჩებათ.

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, 17 მაისს დავუკავშირდით და მათგან დეტალური განმარტებაც მივიღეთ.

რა დოკუმენტები დასჭირდება გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტს (ან სხვა აპლიკანტს – მაგისტრობის მსურველი, მასწავლებლის პროფესიული უნარების ან საგნის გამოცდაზე გამსვლელი პირი. ავტ.):

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ საგამოცდო ბარათი, რომელსაც საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის შესაძლებელია პასპორტიც.

გამოცდების ცენტრში გვითხრეს, რომ პირადობის მოწმობა არის ის დოკუმენტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს აბიტურიენტს, თუმცა მისი დარჩენის შემთხვევაში, „აპლიკანტი გამოცდის გარეშე არ დარჩება“.

„პირადობის მოწმობა არის ის დოკუმენტი, რომელიც არ უნდა დარჩეს გამოცდის მონაწილეს სახლში, მაგრამ ყველაფერი ხდება. რეალურად, ეს ბავშვი მაინც არ დარჩება გამოცდის გარეშე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში მისი ოჯახის წევრმა შეძლოს და მოიტანოს პირადობის მოწმობა, ვიდრე აპლიკანტი დატოვებს საგამოცდო ცენტრს. ასე ვიქცევით, როდესაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება“, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება ნივთებს, რომლის შეტანის უფლებაც საგამოცდო ცენტრში გაქვთ, მათი ჩამონათვალი საკმაოდ მცირეა: ხელსახოცი, ჰიგიენური ნივთები და სასმელი წყალი (არა შუშის ბოთლით).

აბიტურიენტების ყოველწლიურად აქტუალურ კითხვაზე – შეგვიძლია თუ არა საგამოცდო სექტორში საათით შევიდეთ, გამოცდების ცენტრის პასუხი უცვლელია – საათით აბიტურიენტი არ დაიშვება და ყველა საგამოცდო სექტორში განთავსებულია კედლის საათი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური