GE

დაგვიანების გამო, კახეთიდან ჩამოსული პედაგოგები გამოცდაზე არ დაუშვეს

მუხიანში 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 2 პედაგოგი 20 წუთის დაგვიანებით მივიდა.

როგორც მათ EDU.ARIS.GE-ის განუცხადეს, კახეთიდან ჩამოვიდნენ და გამონაკლისის დაშვებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. უკან დაბრუნება მოუხდათ.

“კახეთიდან ჩამოვედით. რამდენი ხანი ვიმგზავრე, რომ აქამდე მივსულიყავით და ძლივს ვიპოვეთ სკოლა. პატრულმა დაგვკვალიანა, რომ აქ მივსულიყავით. თელავში კი არის ცენტრი, მაგრამ ჩვენ აქეთ გვინდოდა. არ შეიძლება ისე გაანაწილონ ხალხი, რომ მთელი ქალაქის გამოვლა არ დასჭირდეს? ხო შეიძლებოდა კახეთიდან ჩამოსულები ცოტა იქეთ გავენაწილებინეთ, ხო არის სხვა სკოლები? ყველას არ აქვს დასარჩენი თბილისში. სულ არ მინდა მაგათი გამოცდები, წავედი”, – აღნიშნეს მასწავლებლებმა და საგამოცდო ცენტრი დატოვეს.

მუხიანის 175 სკოლის საგამოცდო ცენტრში კიდევ ერთი დაგვიანებული პედაგოგი 9:45 წუთზე გამოცხადდა. საიდ ისმაილოვი ბოლნისის რაიონიდან ჩამოვიდა და როგორც აცხადებს, გამოცდის დაწყების დრო 10 საათი ეგონა, რადგან დირექტორმა ასე უთხრა. სპორტის პედაგოგი გამონაკლისის სახით გამოცდაზე შესვლას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

“სამწუხაროა, ვიცოდი,რომ 10 საათზე იწყებოდა გამოცდა. საგნის გამოცდაზე შევეცდები ადრე მოვიდე სპოტის საგანში მაქვს ტესტირება აზერბაიჯანულ ენაზე. ტრანსპორტის პრობლემაცაა, ასე ადრე არაფერი არ მოდის ბოლნისისა, ხო შეიძლება რუსთავში მაინც იყოს ერთი ცენტრი ასეთი ხალხისთვის”, – აღნიშნა საიდ ისმაილოვმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებზე დარეგისტრირებულ პირებს მოუწოდებს დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებთან, პირადობით და საგამოცდო ბარათით, სადაც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური