GE

“დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი”-საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

ამ წუთებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 53-ე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით, პედაგოგებისა და მოსწავლეების საპროტესტო აქცია იმართება.

“დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი, გამოდით, დაგველაპარაკეთ. ჩვენ ბუღალტერს არაფერი ეშლება”,- ასეთია აქციის ლოზუნგები.

პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

სამინისტრომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს აქციის წევრთა საინიციატივო ჯგუფს, თუმცა პედაგოგები ამაზე არ თანხმდებიან და სამინისტროში სრული შემადგენლობით, მოსწავლეებთან ერთად შესვლას ითხოვენ.

როგორც აქციის მიმდინარეობისას Aris.ge-განათლებას 53-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ქეთი ნიჟარაძემ განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების მინისტის წინააღმდეგ შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს.

როგორც ნიჟარაძე აცხადებს, სამინისტროს მიერ დადებული დასკვნა ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

“მინისტრი ტყუის და მას მოუწევს ამ ტყუილებზე განმარტებების გაკეთება სასამართლოშიც კი. მინისტრმა გუშინ ინება და მხოლოდ ექვს საათზე გააკეთა კომენტარი. კიდევ აქეთ დაგვემუქრა. ჩვენ დასამუქრებელი არაფერი გვაქვს. მარიამ რამინაშვილი შესანიშნავი პედაგოგი და საქმის ბრწყინვალე მცოდნეა”,-განუცხადა Aris.ge-განათლებას ნიჟარაძემ.

ცოტა ხნის განათლების სამინისტროში უკვე გადაყენებული დირექტორი მარიამ რამინაშვილი მივიდა. მან უწყებაში განცხადება შეიატანა, რომლითაც ის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ დადებული დასკვნის ანულირებას ითხოვს.

მისი თქმით, ის განათლების სფეროში დარჩენას აპირებს და თავისი სახელის რეაბილიტაციას შეეცდება.

“ის, რომ ახლა აქ აქცია იმართება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად მე მარწმუნებს. ყველას დაველაპარაკები და აქცია მალევე დაიშლება”,-განაცხადა რამინაშვილმა.

აქცია სამინისტროსთან ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო 53-ე საჯარო სკოლის დირექტორს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.

“სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სამინისტროში შემოსული საჩივრის საფუძველზე, შეისწავლა 53-ე სკოლაში არსებული მდგომარეობა, რა დროსაც, სამწუხაროდ, გამოვლინდა სხვადასხვა კანონსა თუ ნორმატიულ აქტებში მრავალრიცხოვანი დარღვევა. აუდიტის დასკვნა უკვე გადაეგზავნა რესურს ცენტს და შესაბამისად სკოლას. ლალი რამინაშვილს გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული სხავადასხვა დარღვევების შესახებ, მაგრამ ამით მდგომარეობა არა თუ გამოსწორდა, არამედ გაჩნდა სხვა, უფრო მძიმე დარღვევები. ამ ეტაპზე ინსპექტირებამ გამოავლინა მრავალრიცხოვანი დარღვევები ფინანსური და შესყიდვების კუთხით. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშებს, შესაბამისად დასკვნის ერთი ასლი აგრეთვე გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის. რაც შეეხება გაფიცვებს და პროტესტს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მხრიდან, მოვუწოდებთ მათ, რომ გაეცნონ აუდიტის დასკვნას და თავისი ქმედებებით ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის შედეგებს არ დაეთანხმებიან, მათ შეუძლიათ დასკვნა გაასაჩივრონ სასამართლოში,”,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური