დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის – ინსტრუქცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დღეს, 4 ნოემბერს დაიწყო და 18 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
რეგისტრაციის გავლის დეტალური ინსტრუქცია
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან. მომდევნო ორი ტური კი საგამოცდო ცენტრებში ტარდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).
მოსწავლეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 18 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ტესტირების თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმაცია, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალური ვებგვერდზე: www.naec.ge
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები და დეტალური განრიგი – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები